Accessibility links

logo-print

დასავლეთის ჟურნალ-გაზეთებში ტერორიზმის თემა დომინირებს


გასული კვირის მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავაც ტერორიზმის თემა რჩებოდა. რამდენიმე მოვლენას გაზეთები საგანგებოდ გამოეხმაურნენ,

მათ შორისაა: ეგვიპტის წითელიზღვისპირა კურორტ შარმ-ელ-შეიხის ტერორისტული აქტები, ლონდონის პოლიციის მიერ ტერორისტად მიჩნეული უდანაშაულო ბრაზილიელის მკვლელობა და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ბრიტანეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაზე.

ნორვეგიაში გამომავალი გაზეთი "აფტენპოსტენი" ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ შეარჩიეს ტერორისტებმა სამიზნედ მაინცდამაინც შარმ-ელ-შეიხი - წითელი ზღვის მშვენიერი კურორტი, სადაც 22 ივლისს მომხდარმა ოთხმა ძლიერმა აფეთქებამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაზეთი წერს:

"ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სავარაუდოდ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფების სამიზნე არაბული ქვეყნებიც ხდებიან. შარმ-ელ-შეიხი ეგვიპტის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, თუმცა ის ამავე დროს არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის ადგილი – მაგალითად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ შარონისა და პალესტინის პრეზიდენტ აბასისთვის. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმა შეიძლება შევაფასოთ როგორც შეტევა, მიმართული - ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაკისა და ასევე ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობის წინააღმდეგ".

ტერორისტული კამპანია წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, - წერს საფრანგეთის "ფიგარო", რომლის აზრითაც ეგვიპტე "ალ-ყაიდისთვის" აშკარად ხელსაყრელი სამიზნეა. ამავე სტატიაში გაზეთი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტერორისტები, რომელთა გეგმების შესახებაც არავინ არაფერი იცის, საკმაოდ მიზანდასახულად მოქმედებენ:

"მოსახლეობის მიხედვით, ეგვიპტე ყველაზე დიდი არაბული ქვეყანაა, რომლის მთავრობაც დასავლეთთან არის დაკავშირებული და რომელსაც სახელმწიფოთა გაერთიანება დემოკრატიული რეფორმებისკენ უბიძგებს. საუდის არაბეთში ისლამისტები უცხოელებს ნავთობის-მონარქიის დასუსტებლად ხოცავენ. ხოლო როცა შარმ-ელ-შეიხში სასტუმროებს აფეთქებენ, ამით თავიანთ ჯიხადს დასავლეთს უკეთ უპირისპირებენ და ცდილობენ შეარყიონ იმ ქვეყნის მთავრობა, რომელსაც მუსლიმანური სამყაროს გასაღები უჭირავს ხელში. იმდენად ეფექტიანია მისი მოქმედება, რომ ზუსტად აღარავინ იცის, რა არის ალ-ყაიდა. არის თუ არა ეს თავდასხმები დამოუკიდებელი ჯგუფების ინიციატივა? ხომ არ აპირებენ ეს ჯგუფები ურთიერთკოორდინაციას? როგორ და ვისი საშუალებით? სად წავიდა ბინ ლადენი? ეს არავინ იცის. მაგრამ ის კი ცხადია, რომ ტერორისტებს ავბედითი გეგმა აქვთ, რომლის ყოველი გამოვლინება ჩვენთვის ცივ წყლის გადასხმას ემსგავსება".

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პრესის აღშფოთებას იწვევს ფაქტი, რომელიც ტერორიზმტან ბრძოლის სახელით, გასულ კვირას ლონდონში მოხდა. საუბარია 27 წლის ბრაზილიელი მამაკაცის მკვლელობაზე, რომელიც პოლიციელს ტერორისტში შეეშალა. მომხდარის გამო, ლონდონის პოლიციის უფროსმა იან ბლერმა ბოდიშიც კი მოიხადა, თუმცა უცხოური გაზეთების უმეტესობა მიიჩნევს, რომ უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს ბოდიში არ შველის. მათ რიცხვს მიეკუთვნება იტალიის "მესაჯერო". გაზეთი წერს:

"ასეთი ფაქტი დაუცველობისა და შეშფოთების საფუძველს მთელ საზოგადოებას აძლევს. ახლა არა მხოლოდ მუსლიმანებს აქვთ იმის შიში, რომ ვიღაცას ისინი ტერორისტში შეეშლება. ყველას შეიძლებოდა დაეშვა შეცდომა, რომელიც იმ ბრაზილიელმა დაუშვა, ყველა შეიძლებოდა გაქცეულიყო, თუკი მას სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები გაეკიდებოდნენ".

ესპანეთის "პაისი" ბრაზილიელის სიკვდილს საგანგაშო მოვლენად განიხილავს და არა მხოლოდ იმიტომ რომ, უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. გაზეთი ფაქტის სამართლებლივ მხარეზე და პოლიციელის მიერ უფლების გადამეტებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ბოდიში ეწვებს ვერ გაფანტავს და ვერც იმისთვის იზრუნებს, რომ საქმე დაიხუროს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს მკვლელობა შეცდომაზე და ექსტრემალურ სიტუაციაში მიღებულ მცდარ გადაწყვეტილებაზე ბევრად მეტი იყო. საჭიროა გამოკვლევა, ხომ არ არის ეს სიკვდილის მისჯა - გაუსამართლებლად. დემოკრატიის პირობებში ეს უპატიებელი შეცდომა იქნებოდა. სავარაუდო ტერორისტის მკვლელობა საგანგაშო მოვლენაა".

მსოფლიო პრესა ფართოდ გამოეხმაურა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის – ირას - მიერ გაკეთებულ განცხადებას, იარაღის ჩაბარების, ბრიტანეთთან ბრძოლის შეწყვეტისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გასათავისუფლებლად პოლიტიკური გზების ძიების შესახებ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით პრესაში გამოქვეყნებული მოსაზრებები საკმაოდ ჭრელია. მაგალითად, ესპანეთის გაზეთი "დიარიო სური" წერს:

"ამ განცხადებას 30 წელიწადი ელოდნენ ბრიტანელები, ირლანდიელები და, რაღა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა – ჩრდილოეთ ირლანდიელები. 3 ათასი ადამიანის სიკვდილი დასჭირდა იმას, რომ საკითხის "სამხედრო გზით" მოგვარებაზე საბოლოოდ უარი თქმულიყო".

პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს პოლონეთის "გაზეტა ვიბორჩა", რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილებას სერიოზულ გარღვევად მიიჩნევს:

" ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას აქამდე არასოდეს განუცხადებია თანხმობა განიარაღებაზე. მან ადრე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ისევ დაუბრუნდა ტერორს. ასეთი რამ ახლა ალბათ აღარ განმეორდება. ბოლო პერიოდში, ირას ლიდერები პოლიტიკურ პროცესებში ჩარერთვნენ, ლონდონისა და დუბლინის მოლაპარაკებებში მიიღეს მონაწილეობა და ამ ფორმით ხმის უფლებაც მოიპოვეს".

ამ საკითხთან მიმართებით ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებს ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებისთვის საკმაო ადგილი მაინც რჩება; მაგრამ გაზეთი იქვე დასძენს, რომ ახლა იმედისთვის მაინც უფრო მეტი საფუძველი არსებობს, ვიდრე ოდესმე.
XS
SM
MD
LG