Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემსახურება საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას?


ზაფხულის აუტანელი სიცხის გამო ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს საქართველოს დედაქალაქს და დასასვენებლად მაღალმთიან კურორტებს

ან შავი ზღვის სანაპიროებს აფარებს თავს. ასეთ დროს მგზავრების უმრავლესობა გადასაადგილებლად რკინიგზას აძლევს უპირატესობას. მით უფრო, რომ წელს თავად საქართველოს პრეზიდენტმა გაუწია რეკლამა ამ სატრანსპორტო საშუალებას და მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა. როგორ ემსახურება რეალურად საქართველოს რკინიგზა მგზავრებს?

[რკინიგზის დისპეტჩერის ხმა] “სამგზავრო მატარებელი ნომერი 614 თბილისი-სადახლოს მიმართულებით დგას ცენტრალური ვაგზლის მეოთხე ბაქანზე.”

საქართველოს რკინიგზის ცენტრალური სადგურის ნახევრად დაუმთავრებელი, ჭუჭყისგან გაშავებული შენობა, მასთან მისასვლელი ოღროჩოღრო გზები და შარდის სუნით აქოთებული მიწისქვეშა გასასვლელები სამგზავროდ გამზადებულ ადამიანს იმთავითვე აფიქრებინებს, რომ ვაგზლის შიგნით კიდევ უფრო უარესი ელოდება. მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაგზლის ხელმძღავნელობამ მოახერხა სტიქიური დახლებისაგან გაეწმინდა მოსაცდელი დარბაზი, გაერემონტებინა მისასვლელი ბაქნები და ტუალეტები, გაეშენებინა ახალი გაზონები და აეწია ბაქნები. რკინიგზის ხელმძღვანელობის სიამაყის საგანია თბილისი-ბათუმის მიმართულების ახალი შემადგენლობა, რომლის პირველი საპატიო მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. მაგრამ ყველა ეს სასიკეთო ცვლილება ფასს ჰკარგავს მგზავრისათვის, ვისაც საათობით უწვეს ბილეთის მოლოდინში სალაროებთან დგომა.

[მგზავრების ხმა] “რამდენი? მთელი საათია ვდგავარ. სალარო ხან გაიხსნება, ხან დაიკეტება. ბათუმისკენ მინდა ავიღო ბილეთი./”გავაკეთე ჯავშანი, მაგრამ ამ ჯავშანზე ვერ ვღებულობ ბილეთს, რადგან ნახევარ საათზე მეტ ხანს ანდომებენ თითო ბილეთის გაყიდვას.”/”ეს შეუძლებელია. ნახეთ მთელი ყველაფერი ცარიელია, სალაროების ნახევარი არ მუშაობს.”

თუმცა არიან ისეთები, ვინც რიგში დგომას გაგებით ხვდება, რადგან მიკროავტობუსებით და ავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრობას მაინც მატარებელს ამჯობინებს. მით უფრო, რომ მატარებლების ვაგონებში, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი სისუფთავე და კომფორტია. თუმცა უკმაყოფილოებიც მრავლად არიან. ზოგიერთი ადამიანი არც იმას მალავს, რომ რიგს ხელოვნურად უწესრიგო მგზავრები აფერხებენ, რომლებიც ურიგოდ გასვლას ცდილობენ:

[მგზავრების ხმა] “ყველაფერი მაკმაყოფილებს.”/ “რიგში თუ ჩადგებით, აიღებთ აუცილებლად.”/”კაი, რა ვიცი, კარგი როგორ უნდა იფიქრო ამისთანა ვითარებაში, რომ იყოს ასე.”/”ჩვენი ხალხიც მოუწესრიგებელია, ესეც არის.”

საათიანი რიგები რკინიგზის სალაროებთან ჩვეულებრივი მოვლენაა ზაფხულის საკურორტო სეზონის დროს, როდესაც მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით იზრდება. როგორც რკინიგზის ცენტრალური სადგურის მგზავრთა გადაყვანის მთავარმა სპეციალისტმა თემურ ლაბაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, ზაფხულის სეზონის დროს სალაროებთან მგზავრების რიგს რამდენიმე პრობლემა განაპირობებს:

[თეიმურაზ ლაბაძის ხმა] “ეს ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ ავცდებით რიგებს, რადგან მგზავრები ხუთი დღით ადრე ცდილობენ ბილეთების აღებას. თანაც მას შემდეგ, რაც გაძვირდა კუპირებული ვაგონები, მთელი დატვირთვა გადავიდა პლაცკარტზე.” (სტილი დაცულია)

ზაფხულის სეზონში რომ მგზავრებისათვის ბილეთის შეძენის პროცედურა გაემარტივებინა, რკინიგზის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ სატელეფონო სადგურ 09-ის მეშვეობით ბილეთების დაჯავშნა დაიწყო, თუმცა ეს მექანიზმი ეფექტურად ჯერ ვერ მუშაობს და რიგები დაჯავშნული ბილეთების სალაროსთანაც იქმნება. თანაც ბევრმა მგზავრმა, რომელიც რაიონიდან ჩამოდის დედაქალაქში, არ იცის ამ მომსახურების შესახებ. მაგრამ არის ერთი გამოსავალი, რომელიც აგაცილებთ რკინიგზის სადგურის სალაროებთან რიგში დგომას: აი, გაივლის ზაფხულის სეზონი, დადგება შემოდგომა და ზამთარი და იმგზავრებთ ოთხივე მიმართულებით თითქმის ცარიელი მატარებლით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG