Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უჩივიან ევროპელი მუსლიმანები


ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტებით შეშფოთებული ევროპა მუსლიმანურ

ექსტრემიზმთან ბრძოლის ახალ მექანიზმებზე გამუდმებით ფიქრობს და ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. მაგალითად, ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ რადიკალიზმის აღმოსაფხვრელ ღონისძიებებს. პროექტი დაავალდებულებს მას-მედიის საშუალებებს სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დაუშვან ისლამისტთა პროპაგანდის შესაძლებლობები. პრესის, ტელევიზიისა და რადიოს გვერდით, საგანგებო ყურადღება ეთმობა ინტერნეტს, რადგანაც მედიის ამ საშუალებას, როგორც პრაქტიკა მოწმობს, ექსტრემისტები ტერორიზმის სტიმულირებისთვის ყველაზე წარმატებით იყენებენ. პარალელურად, დიდი ბრიტანეთი დეპორტაციით ემუქრება ყველა იმ პირს, ვინც ექსტრემიზმთან კავშირში შეიმჩნევა და ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.

იმაზე, რაც 5 აგვისტოს ბრიტანეთმა გაახმოვანა, საფრანგეთი ბევრად უფრო ადრე საუბრობდა და მოქმედებდა კიდეც. მაგალითად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლას სარკოზი ფიცს სდებდა, რომ ქვეყნიდან გააძევებდა ყველა იმ მუსლიმან სასულიერო პირს, რომელიც ძალადობას მფარველობს. მის მიმართ, ვინც სიძულვილს თესავს, საფრანგეთი შემწყნარებელი ვერ იქნება – აცხადებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთმა წამქეზებლებად მიჩნეული ისლამის ძალიან ბევრი მქადაგებელი სადეპორტაციოდ მართლაც შეკრიბა. თუმცა ამგვარ მიდგომას ექსპერტები ევროპისთვის მისაბაძ მაგალითად არ აღიქვამენ. ლონდონის სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფერ ლანგტონი ამბობს, ძალადობის წამქეზებელთა იდენტიფიცირება არცისე ადვილი საქმეა:

(კრისტოფერ ლანგტონის ხმა) "დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობისთვის, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს, ვფიქრობ, ამ კონტექსტში ძალიან ძნელია: ჯერ ერთი – ამა თუ იმ ადამიანში "რადიკალის" დანახვა და მეორეც – იმის დამტკიცება, რომ ამ ადამიანის ნათქვამი წაქეზებაა და ის პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან".

საფრანგეთსა და ბრიტანეთს ორშაბათს გარკვეულწილად გერმანიაც შეუერთდა. მართალია ამ ქვეყანას ტერორიზმის საფრთხე ჯერ არასდროს შეხებია, მაგრამ მის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ მხრივ თადარიგის დაჭერა აუცილებელია. ამიტომაც ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ძალოვან სტრუქტურას საეჭვო ელემენტების დაკავების ან ქვეყნიდან გაძევების საგანგებო უფლებები უნდა მიენიჭოს. გერმანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს სახელმწიფოს მიერ იმ მეჩეთების დახურვის შესახებ, რომლებიც ექსტრემიზმის კერად იქნება მიჩნეული. სამაგიეროდ, ამ უფლებას საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გასულ პარასკევს გამოამზეურა.

მას შემდეგ, რაც 7 ივლისის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 4-ვე თვითმკვლელი ბრიტანელი მუსლიმანი აღმოჩნა, დიდ ბრიტანეთში მუსლიმანების მიმართ სიძულვილი აშკარად გამძაფრდა. პოლიციის ინფორმაციით, მუსლიმანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევევათა რიცხვი ლონდონში ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით 600 პროცენტით გაიზარდა და 273 შეადგინა. მაშინ, როცა გასულ წელს, დროის იგივე მონაკვეთში მხოლოდ 41 მსგავსი შემთხვევაა აღრიცხული. ძალადობის შემთხვევები მრავალგვარია: დაწყებული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფით და დასრულებული ახალგაზრდული ჯგუფების მეჩეთებზე თავდასხმით. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლონდონის ქუჩები ამდენი შეიარაღებული პოლიციელი არავის უნახავს, იქ მცხოვრები მუსლიმანები თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობენ და გამუდმებული შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

მუსლიმანთა უსაფრთხოების ფორუმის წევრი ტაჰირ ბათი ამბობს, რომ ხსენებული სტატისტიკა აშკარად მეტყველებს მუსლიმანთა მძიმე მდგომარეობაზე:

(ტაჰირ ბათის ხმა) "ჩვენ არ გვინდა შევაშინოთ ხალხი, მაგრამ ჩვენ გვინდა მათ რეალური სურათი ვაჩვენოთ იმის შესახებ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. რეალობა კი ის არის, რომ შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა გაზრდილია ამგვარი კრიმინალის პრევენციის ღონისძიებათა მასშტაბიც. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მსგავსი შემთხვევების შესახებ ხმამაღლა განაცხადოს".

ტაჰირ ბათს უკვე გაცხადებული შემთხვევებიდან სამი მაგალითი მოჰყავს: მუსლიმან სასულიერო პირზე თავდასხმა, მუსლიმანი სტუდენტი გოგონას ცემა და ტაქსის მძღოლის მიერ მუსლიმანი მგზავრის ცემის მცდელობა. თუმცა პოლიციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ძირითადად მუსლიმანთა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზეა დაფუძნებული. ღეიასუდინ სიდიყუი – მუსლიმანთა ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ მოქალაქეები სიძულვილს ხშირად მართლაც ვერ თოკავენ:

(ღეიასუდინ სიდიყუის ხმა) "როდესაც მეტროთი მგზავრობ, ხალხი ცდილობს, რომ შენგან შორს დაჯდეს. ფეხით მოსიარულეები კი ხმამაღლა მოგაძახებენ ხოლმე: "წაეთრიე სახლშიო" ანდა "ბილ ლადენს" დაგიძახებენ. აშკარად ასეთია ხოლმე ხალხის რეაქციები, როდესაც ისინი მუსლიმანური-გარეგნობის ადამიანებს ხედავენ".

ეგრეთ წოდებული მუსლიმანური გარეგნობის ადამიანებს პრობლემები მხოლოდ ლონდონში არ ექმნებათ. ტაჰირ ბათი ამბობს, რომ სერიოზული შემთხვევებია აღრიცხული ბრიტანეთის ბევრ სხვა ქალაქსა თუ პროვინციაში. მაგალითად ლივერპულში ერთ-ერთ მეჩეთში ბომბი კი შეაგდეს, ხოლო ნოტინგემში მკვლელობა მოხდა და მეჩეთები დაარბიეს. ღეიასუდინ სიდიყუი ფიქრობს, რომ ლონდონში ამ მხრივ საქმე ყველაზე უკეთ არის და რომ უფრო საგანგაშო ის არის, რაც პერიფერიებში ხდება. მისი თქმით მუსლიმანთა ზიზღმა სწორედ პერიფერიებში მოიკიდა ფეხი. თანაც, როგორც მეთვალყურეები ამბობენ, პოლიცია ძალადობის მსხვერპლი მუსლიმანების ნაამბობს ხშირად უგულებელყოფს და არც თუ იშვიათად – საერთოდ არ უსმენს მათ.

ტაჰირ ბათს, რომელიც ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი მუსლიმანია ბევრ რამეზე პიროვნულადაც სწყდება გული:

(ტაჰირ ბათის ხმა) "ჩემთვის ეს კიდევ უფრო ღრმა საკითხია: დაიბადე ამ საზოგადოებაში, გაიზარდე მის წიაღში, იცხოვრე, 16 წელიწადი იმუშავე და ემსახურე ამ საზოგადოებას და უცბად, ამ ყველაფერის შემდეგ, ვიღაცეებმა იმის გარკვევა იწყებენ – ნამდვილი ბრიტანელი ხარ თუ არა შენ. თუ ამ საზოგადოების მეხუთეხარისხოვანი შრე ხარ, რომელიც დანარჩენების დესტაბილიზაციას ცდილობ".

აი, ასევე სწყდება გული დღეს ბევრ უდანაშაულო მუსლიმანს ბრიტანეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. თუმცა როგორც ბათი ამბობს, დედამიწაზე სამართლიანი ადამიანებიც მრავლად არიან და ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდობიანმა მუსლიმანებმა მომავლის იმედი არ დაკარგონ.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG