Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის უცხოეთის პრესაში ძირითადად ორი თემა დომინირებდა: პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის გასვლა და დავა ერაყის კონსტიტუციის გარშემო.

23 აგვისტოს "ნიუ იორკ ტაიმსი" მკითხველს შეახსენებს, რომ ერაყში თითქმის ყოველდღე იღუპებიან ამერიკელი სამხედროები: "ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მისია საერთო ჯამში მარცხით დასრულდა. მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ზღაპარი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები თავის რიტორიკასაც ემშვიდობება. იგი ერაყელებს დაჰპირდა, რომ მათი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნათელი მაგალითი იქნებოდა. ახლა იმასღა უნდა დაველოდოთ, არის თუ არა პრეზიდენტი ბუში იმდენად სასოწარკვეთილი, რომ ირანის მაგალითზე მოწყობილი შიიტური თეოკრატიის გამარჯვებად გასაღებას შეეცადოს."

დანიაში გამომავალი "პოლიტიკენი" გამოთქვამს ეჭვს, რომ პოლიტიკურ დამბლას, რომლითაც არის მოცული ერაყი, ბოლო მხოლოდ სუნიტებმა შეიძლება მოუღონ: "ფორმალურად კონსტიტუციის მიღება ვერ მოხერხდება, თუკი ოქტომბრის რეფერენდუმზე სამ პროვინციაში მოსახლეობის ორი მესამედი პროექტს დაიწუნებს, რაც სუნიტებს პრაქტიკულად ვეტოს უფლებას აძლევს. ამიტომ მათ უპყრიათ ხელთ როგორც წარმატების, ისე მარცხის გასაღები. საკითხავი ის არის, დაკმაყოფილდებიან თუ არა შიიტი არაბები დომინირებაზე ნაკლებ ვარიანტს და წავლენ თუ არა სუნიტები პოლიტიკურ კომპრომისზე, რომელიც მათ უფრო მეტს მისცემს, ვიდრე ძალით შეუძლიათ მიაღწიონ."

თურქეთის გაზეთ "რეფერანსს" გარდაუვალად მიაჩნია ერაყის დაშლა. 26 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ: "საკონსტიტუციო კომისიაში სუნიტთა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ასეთ დოკუმენტს შეუძლია, ქვეყანა ომამდე მიიყვანოს. მაგრამ განა ომი არ არის ის, რაც ამჟამად ერაყის ქალაქებში ხდება? ყოველდღე ფეთქდება ბომბები, იღუპება მრავალი ადამიანი. ამას ემატება აშკარა სამოქალაქო ომის საშიშროება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის. ამით ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი ხდება... ქვეყნის სამხრეთი, სადაც შიიტები ცხოვრობენ, უკვე იქცა მეორე ირანად."

ავსტრიის "შტანდარდის" აზრით, ღაზის სექტორიდან სწრაფად გასვლა ისრაელის პოლიტიკური ცენტრის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს: "მართალია, გასვლის მოწინააღმდეგე რელიგიურ წრეთა ამბოხების გამო ქვეყანა თვეების მანძილზე იყო სუნთქვაშეკრული, მაგრამ ამ ამბოხებამ თავის მიზანს ვერ მიაღწია. ასევე გამარჯვებულთა შორის არის პალესტინელთა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. ზავი, რომლის პირობაც მან დადო, იცვება და მას ღაზაში შანსი მიეცა, დაუმტკიცოს თავის ხალხს, რომ ტერორზე უარის თქმამ შესაძლოა მოუტანოს ეკონომიკურად პერსპექტიული ცხოვრება ისრაელის ოკუპაციის გარეშე," წერს ვენაში გამომავალი გაზეთი.

მაჰმუდ აბასის მძიმე ხვედრზე საუბრობს ნორვეგიის გაზეთი "დაგსავიზენი" 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში. "პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის შეფმა, აბასმა ახლა პალესტინელ ექსტრემისტებს ხელი უნდა შეუშალოს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის პლატფორმად ღაზის სექტორის გამოყენებაში. გარდა ამისა მას ელის ეკონომიკის გამოცოცხლების მძიმე ამოცანა."

"ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შარონმა გაიმარჯვა," მიაჩნია იტალიის "ლა რეპუბლიკას". ოთხშაბათის ნომერში ვკითხულობთ: პარლამენტში თანაპარტიელების მიერ გაკიცხულმა, მემარჯვენეთა ულტრა-რელიგიური ფრთის წარმომადგენელთა მიერ დაწყევლილმა არიელ შარონმა ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა. ტერიტორიებიდან გასვლა დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ამას ექსტრემისტების მხოლოდ პატარა ნაწილმა უპასუხა ძალადობით... შარონის ავტორიტეტი გაიზარდა," მიაჩნია "ლა რეპუბლიკას".
XS
SM
MD
LG