Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთები


თუ აქამდე მიჩნეული იყო, რომ, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თვალსაზრისით, საქართველოს ყველაზე მეტი პრობლემები რუსეთთან ჰქონდა, ახლა ირკვევა,

რომ სადავო მონაკვეთების რაოდენობით რუსეთს არც აზერბაიჯანი ჩამორჩება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ოფიციალური წრეების მონაცემებით, მხარეებს დღესდღეობით საზღვრის მხოლოდ 20 პროცენტი ჰქონიათ შეთანხმებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებს ერთობლივ აზერბაიჯანულ-ქართული კომისია განიხილავს ბაქოში, სადაც უკვე იმყოფება საქართველოს დელეგაცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ დამოუკიდებელ საქართველოს და მის მეზობელ ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საზღვრის დადგენის ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო. მოლაპარაკებებს, ძირითადად, რამდენიმე მიზეზი აჭიანურებს. კერძოდ, თავის დროზე არავინ იზრუნა დაეცვა და შეენარჩუნებინა საარქივო მასალა, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთში აღმოჩნდა გაზიდული. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში შიდა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა რესპუბლიკებს შორის ხშირად მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელთა აზრის გაუთვალისწინებლადაც ხდებოდა. ამ პრობლემებს ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან საზღვრის დამცველები. მაგალითად, 2001 წლის გაზაფხულზე სოფელ ფიჭვების გამო სერიოზული დაპირისპირება მოხდა ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის შატილის მონაკვეთზე, რომელშიც რუსებმა იმარჯვეს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსის კორნელი სალიას თქმით, მიუხედავად დიპლომატების მიერ გაწეული მუშაობისა, საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რუსეთთან კვლავ შეუთანხმებელია:

[კორნელი სალიას ხმა] “რუსეთთან, ძრითადად, ეს არის ლარსი და იფჩოხი, ჩეჩნეთ-დაღესტნის საქართველოს პირაპირი(?). კიდევ ფიჭვები. მაგრამ ყველაზე დიდია იფჩოხი, რომელიც დაახლოებით 4000 ჰექტარია.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული კეთილმეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობისა, ჯერჯერობით კვლავ შეუთანხმებელია სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი აზერბაიჯანთან. სადავო მონაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს ისტორიული დავით გარეჯის მონასტერი. აღსანიშნავია, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან საბჭოთა სატანკო პოლიგონის დახურვას მძლავრი საპროტესტო აქციები მოჰყვა 80-იან წლებში ქართველ სტუდენტებში. ქართველ მესაზღვრეთა შტაბის უფროსის კორნელი სალიას თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთების არასრული სია ასე გამოიყურება:

[კორნელი სალიას ხმა] “წითელი ხიდია, ლაგოდეხის მიმართულებაა, იორის მიმართულებაზე არის, ერისიმედის მიმართულება.ზუსტად ციფრი არ მახსოვს, მაგრამ არის რამოდენიმე შეუთანხმებელი მონაკვეთი. ზოგ მონაკვეთზე ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მაგალითად, დავით გარეჯზე, ზოგზე კი - იმათ.”(სტილი დაცულია)

31 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიები მეშვიდედ მიუსხდნენ მაგიდას ამ საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის პრობლემატიკის ირგვლივ სათათბიროდ. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს, “ტრენდის”, ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი მალხაზ მიქელაძე ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანის მხარეს კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალიფ ხალაფოვი. არც ოფიციალური ბაქო და არც ოფიციალური აზერბაიჯანი ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას ამ შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ. თუმცა, როგორც ჩვენმა ბაქოელმა კოლეგებმა სააგენტო “ტრენდიდან” გვითხრეს, მათთვის ცნობილია, რომ შეხვედრის ბოლოს გაფორმდება ოქმი; ასევე ის, რომ მორიგი, მერვე, შეხვედრა სულ მალე საქართველოში გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG