Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ბიბლიოთეკა''


დავით პაიჭაძე, თბილისი ისე მოხდა, რომ “ბიბლიოთეკაში” აქამდე სულ მამაკაცი ავტორების წიგნებს წარმოგიდგენდით. დღეს კი დავით პაიჭაძე შეეცადა, ეს “გენდერული დისბალანსი” ოდნავ მაინც დაერღვია და ქალ ავტორზე ელაპარაკა.

ანა კორძაია-სამადაშვილმა დღემდე სამი წიგნი გამოსცა. პირველი, “ბერიკაობა”, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისათვის სამი წლის წინათ “საბას” პრემიით დაჯილდოვდა. ოღონდ მაშინ წიგნის ყდაზე ფსევდონიმი, სოფიო კირვალიძე, ეწერა. ჩვენ ამ ავტორის მესამე წიგნს გაგაცნობთ, რომელიც წელს დაისტამბა და “მე, მარგარიტა” ჰქვია.

საბჭოთა პერიოდის ქართულ კრიტიკას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქალი ავტორებისადმი: მათი ტექსტების განხილვისას თითქმის ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ავტორი ქალია, ლაპარაკობდნენ ამ ტექსტებში განფენილი ემოციის ქალურობაზე. საბჭოთა პერიოდის ქალი მწერლები, ძირითადად, პოეტები იყვნენ ან საბავშვო ლიტერატურას ქმნიდნენ. თითო-ოროლა ქალს თუ გაიხსენებ, რომელიც, ასე ვთქვათ, სერიოზულ პროზას წერდა. ვთქვათ, ნაირა გელაშვილს ან მაკა ჯოხაძეს. ცხადია, ქართველ მთარგმნელ ქალბატონებზე აქ არაფერს ვიტყვით.

90-იანი წლებიდან ქალის ფუნქცია საქართველოში შეიცვალა. უახლესი ქართული კულტურის მკვლევარებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდის გაჭირვებას ქართველი ქალები უფრო მტკიცედ დახვდნენ, ვიდრე მათი ქმრები, ძმები თუ მამები. ქალებმა ვითარებასთან ადაპტაციის უკეთესი უნარი გამოიჩინეს, რაც გამოვლინდა, მაგალითად, ვაჭრობაში ქალების მასობრივი მისვლით. შესაძლოა, ეს სულაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული უნარის გამოვლენა, უბრალოდ, ქალისაგან, რომელსაც ლამის გაქვავებული სოციალური როლი ეკისრა, ასეთ აქტივობას თუ მედეგობას ნაკლებად მოელოდნენ. ნიშნეულია, რომ სწორედ 90-იან წლებში ქალები გამოჩნდნენ ქართულ პროზაშიც. დღევანდელ ლიტერატურულ პერიოდიკაში ქალი ავტორები ხშირად ხომ მოთხრობებითა თუ ნოველებით ჩნდებიან.

ანა კორძაია-სამადაშვილის პერსონაჟები, ძირითადად, ქალები არიან, თან ქალები, რომლებიც პირველ პირში ჰყვებიან ამბებს. პერსონაჟის ასეთი როლის გამო, ანა კორძაიას პროზაზე საუბრისას გერმანისტი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს:

[ბაქრაძის ხმა] “ანა კორძაია-სამადაშვილის ტექსტები იმდენად უშუალო და გულახდილია, ხანდახან დოკუმენტურ პროზადაც მიიჩნევენ ხოლმე, რაც, რასაკვირველია, სწორი არ არის. ანასთან ძალიან ბევრია გამონაგონი, მაგრამ ჩვენს რეალობაში იმდენად იშვიათია ეს უშუალობა და გულახდილობა, განსაკუთრებით, სამწუხაროდ, ხელოვნებაში, რომ გაოცებას იწვევს. ესაა ინოვაცია, რაც, ჩემი აზრით, ანას შემოაქვს.”

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ მისთვის ანა კორძაია-სამადაშვილი - მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი განუყოფელია. მართლაც, ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწერებით შეიძლება ჟურნალისტებს წერა ასწავლო: ის წერს მოკლე წინადადებებით, უმეტესად, მოკლე სიტყვებითაც. ზერელედაც რომ გადახედოთ მის ტექსტებს, ოთხზე მეტმარცვლიან სიტყვას იშვიათად ნახავთ. მიუხედავად ამისა, თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ანას მდიდარი ლექსიკა აქვს:

[ხატიაშვილის ხმა] “ავტორის სტილი, ერთი შეხედვით, ძალიან მსუბუქია. ზედაპირულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ჭორიკნული? არ ვიცი. ამ სიმსუბუქეში უცებ აღმოაჩენ სიღრმეს და გრძნობათა მთელ კასკადს. ანას მონაყოლიც და ნაწერებიც ძალიან ცოცხალია და თითქოს კინემატოგრაფიულ სურათს ქმნის.”

ლაშა ბაქრაძეც ლაპარაკობს ანა კორძაია-სამადაშვილის ზეპირი და წერითი მეტყველების სიახლოვეზე და მისი მოთხრობების ერთ დამახასიათებელ ნიშანსაც ახსენებს: ეს გახლავთ პერსონაჟების სამოქმედო არეალი. დღეს ცოტაა ქართველი მწერალი, რომელსაც პერსონაჟები საქართველოდან გაჰყავს:

[ბაქრაძის ხმა] “ამ სტილში კარგად ჩანს უცნაური ხედვა და კარგი თვალი, რომელსაც უბრალო საგნებში რაღაცის დანახვა შეუძლია. გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ანას ბევრგან უცხოვრია - ვენაში, ბერლინში, რიგაში, რა თქმა უნდა, საქართველოში და ამ გამოცდილებასაც კარგად ასახავს ტექსტებში.”

ახლა ცოტა მსოფლმხედველობაზეც ვილაპარაკოთ. თეო ხატიაშვილის აზრით, ანა კორძაია-სამადაშვილის პროზა ფემინისტურია, თუმცა იცის, რომ ავტორი ასეთ შეფასებას არ დაეთანხმება. რა თქმა უნდა, ავტორმა ერთად აღებულ ყველა მის პერსონაჟზე მეტი იცის და პერსონაჟის სიტყვებს ავტორს ვერ მიაწერ, მაგრამ ერთ მოკლე ციტატას მაინც მოვიყვან: “ნიკოლი ფემინისტია, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლის. ისე, მე რომ მკითხო, უბრალოდ, დარტყმულია და სახელ ნიკოლს ნიკი ამჯობინა, როგორც ჩანს, უფრო უსქესო და მაგარი ჰგონია.” მაგრამ ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნის სათაური “მე, მარგარიტა”, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ ამ ტექსტებში, უწინარესად, მე-ს პრობლემა, ანუ სპეციფიკური ქალური ცნობიერება უნდა ვეძიოთ:

[ხატიაშვილის ხმა] “ანა არის სწორედაც ფემინისტური ლიტერატურის შემქმნელი. მას არ სჭირდება არანაირი ანგარიშის გაწევა მისი ლიტერატურის შეფასებისას იმის გამო, რომ ქალია. ის არის ძალიან მკაცრი, სასტიკიც კი. ჩემთვის ეს ტექსტი ფემინისტურია იმის გამოც, რომ ქალის განაცხადია. ოღონდ არა მამაკაცზე პროეცირებული ქალის, რომელიც თავის შინაგან განცდას მხოლოდ მამაკაცისთვის გამოხატავს. ანას არ ეშინია, თამამად ილაპარაკოს ქალზე, თავის თავზე, ტკივილზე, დამცირებაზე, ძალიან გააშიშვლოს შინაგანი სამყარო და ამის არ შერცხვეს. როგორც წესი, ქალი როცა წერს, იპრანჭება და ეპრანჭება, პირველ რიგში, მამაკაცს. ანას ნაწერებში ეს ნაკლებად იგრძნობა.”

თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ სიმკაცრე და შავი იუმორი სულაც არ ნიშნავს, რომ ანა კორძაია-სამადაშვილის პერსონაჟებს სენტიმენტები არა აქვთ, არ სჭირდებათ სიყვარული და მამაკაცი, რომელიც მათ გვერდით იქნება. ლაშა ბაქრაძე საერთოდ უადგილოდ მიიჩნევს ფემინისტური კრიტიკისა და ქალების ლიტერატურის ცნებათა მოშველიებას ანა კორძაიას ტექსტებზე ლაპარაკის დროს. მე მაინც ვკითხე ლაშას, რა განწყობა მეტობს მოთხრობებში - ნაღველი და სასოწარკვეთა მამაკაცის მოკლების გამო, თუ პირიქით, სიმტკიცე, რომელსაც მარტოობას ახვედრებ?

[ბაქრაძის ხმა] “ურთიერთობათა ასე რღვევა დასავლეთისთვის ძალიან დამახასიათებელია და ჩვენთვისაც დამახასიათებელი ხდება. ურთიერთობები ადამიანებს შორის უფრო და უფრო ჭირს და არის ტკივილი იმის გამო, რომ არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, არამედ ერთმანეთს შორისაც ეს ურთიერთობები უფერულდება, ნაკლებ ინტენსიური ხდება. მე მგონი, ანა არის ერთ-ერთი ის მწერალი, რომელსაც ეს გაუცხოება ლიტერატურაში გადმოაქვს. თორემ ტენდენცია დიდი ხნის წინათ დაინახეს დასავლეთში და ნელ-ნელა ჩვენთანაც აქეთკენ მიდის საქმე.”

აქ დავასრულოთ დღევანდელი პროგრამა. ისე, რომ ეთქვათ, ორი სიტყვით აღწერე ანა კორძაია-სამადაშვილის პროზაო, მე ამ ორ სიტყვას შევარჩევდი: ნერვიული სევდა.
XS
SM
MD
LG