Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შესრულდა 2005 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი


საზაფხულო არდადეგების შემდეგ საქართველოს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მუშაობის მთავარი შედეგის, ბიუჯეტის შესრულების, განხილვა დაიწყო.

8 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სპეციალური მოსმენა მიუძღვნა 2005 წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტის მაჩვენებლებს. მომავალ კვირაში ამავე კომიტეტს ბიუჯეტის 26 მილიონი ლარით გაზრდაზე მსჯელობა მოუწევს.

ცნობილი ფაქტია, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა რამდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზების მცდელობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტი პრივატიზაციიდან მისაღები თანხების გარეშე დარჩა. ასევე დანაკლისია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტებისა და კრედიტების სფეროშიც. უარყოფითად იმოქმედა თუ არა ყველაფერმა ამან ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის განცხადებიდან შევიტყობთ:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებული არის 90 მილიონით, 6 თვის მაჩვენებელი. ძირითადი გადაჭარბება მოდის საგადასახადო შემოსავლებზე. საგადასახადო შემოსავლებშიც ბევრად უკეთ იმუშავა საბაჟო დეპარტამენტმა და დაგეგმილზე 7 პროცენტით მეტის მობილიზება შეძლო. საგადასახადო დეპარტამენტმა კი გეგმას 0.3 პროცენტით გადააჭარბა.”

ბიუჯეტის კანონის შესრულება პრობლემას წარმოადგენს მის ხარჯვით ნაწილში. ლაშა გოცირიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დაგეგმილი ხარჯების გაწევა 97 პროცენტით მოხერხდა. ანუ მთავრობამ გამოყოფილი თანხის, ერთი მილიარდ 352 მილიონი ლარის, სრულად დახარჯვა ვერ შეძლო. ამის გამო დღეისთვის ქვეყნის ხაზინაში დაახლოებით 50 მილიონი ლარი აუთვისებელი რჩება.

მიუხედავად ამისა, მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს პარლამენტს ბიუჯეტის 26 მილიონი ლარით გაზრდის ინიციატივით მიმართა.

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ჩვენ ველოდებით 26 მილიონი ლარით მეტის მობილიზებას საბაჟო დეპარტამენტიდან - პრაქტიკულად ეს უკვე მიღებულია პირველ 6 თვეში - და პარლამენტს შევთავაზეთ ამ 26 მილიონი ლარით ხარჯების გაწევა. ხარჯები იზრდება სხვადასხვა უწყებებში. ეს არის ენერგეტიკის სამინისტრო, ეს არის განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ასე შემდეგ.”

ბიუჯეტის ზრდა ნაკლებად ეხება იმ სფეროს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ სოციალურ მდგომარეობასთან. ლაპარაკია პენსიების თუ სოციალური დახმარების სისტემაზე, რომელიც ჯერჯერობით კვლავ ძველებურად ფინანსდება. ასევე სრულად არ არის დაფინანსებული ძველი სოციალური საპენსიო თუ სახელფასო დავალიანებები და, ალბათ, ამიტომ საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები საკუთარ თავზე ნაკლებად გრძნობენ ბიუჯეტის ზრდას თუ მის გადაჭარბებით შესრულებას.

აი, რას ფიქრობენ ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები:

[მოქალაქეების ხმა] ”საერთოდ არ იგრძნობა არაფერი, მსგავსი არაფერი არ იგრძნობა. მე მგონი, უარესობისკენ მივდივართ. აი, მეტი რა გითხრათ ახლა.”

”იგივე, ერთი აზრისა ვართ სუყველა, მგონია.”

”ვეთანხმები, აქ არაფერი არ იგრძნობა მაგდაგვარი.”

”არაფერი არ იგრძნობა, პირიქით, უმუშევრობაა, მოიმატა უმუშევრობამ.”

”...ჯერ არა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება რაღაც პერსპექტივა იყოს. იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში.”
XS
SM
MD
LG