Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძვირდება თუ არა თბილისის ახალი აეროპორტიდან გამგზავრება?


19 სექტემბერს თბილისს ესტუმრა თურქეთის კონსორციუმის "ტავის და ურბანის" 30-კაციანი დელეგაცია. სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ამ ჯგუფმა

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის წინასაამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს. უშუალოდ მშენებლობის დაწყება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება, მშენებლობის დასრულება კი 2006 წლის ნოემბრისთვისაა ნავარაუდევი. ამ დღიდან 15,5 წლის განმავლობაში აეროპორტის მართვას ”ტავი” და ”ურბანი” განახორციელებენ. მე შევეცადე გამერკვია, როგორ მოხდება მათი ინვესტიციის, დაახლოებით 95 მილიონი აშშ დოლარის, დაფარვა და აისახება თუ არა იგი ავიამგზავრობის საფასურის მოცულობაზე.

19 სექტემბერს, საქართველოს დედაქალაქში ჩამოფრენილი სხვა მგზავრების მსგავსად, თურქეთის კონსორციუმის ”ტავის და ურბანის” 30-კაციან დელეგაციასაც თბილისის აეროპორტიდან გამოსვლა ჩასასხდომი ტერმინალიდან მოუხდა. ამის მიზეზი კი კოკისპირული წვიმის შედეგად აეროპორტის გამოსასვლელი დარბაზის დატბორვა გახდა. აეროპორტის გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ანდღულაძე ტერმინალის დატბორვის ამბავს აღწერს:

[თამაზ ანდღულაძის ხმა] ”აქ იყო სუფთა წარღვნა ეროპორტში, საშინელი წვიმა იყო. ამ საშინელ წვიმას დაერთო სეტყვა, რომელმაც გაჭედა კოლექტორები და წყალმა შემოგვინგრია მოფრენის დარბაზი.”

თამაზ ანდღულაძის მიერ ნახსენები მოფრენის დარბაზი მსოფლიო ბანკის კრედიტის მეშვეობით აშენდა და თბილისის აეროპორტში ერთი მგზავრის მომსახურება 14 დოლარით გააძვირა, რამაც, საბოლოო ჯამში, ბილეთის ღირებულებაც შესაბამისად გაზარდა. კრედიტი გასული წლის მიწურულს დაიფარა და თოთხმეტდოლარიანი მოსაკრებელიც გაუქმდა.

ახალი აეროპორტის მშენებლობა გამოიწვევს თუ არა აქამდე არსებული თოთხმეტდოლარიანი მოსაკრებლის მსგავსი გადასახადის დაწესებას და რა მოცულობის იქნება ის? ამ კითხვით ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელს კოკა სეფერთელაძეს მივმართე.

[კოკა სეფერთელაძის ხმა] ”რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ბევრ აეროპორტს ჩადებული ინვესტიციის ამოღება უწევს ამ მოსაკრებლის ხარჯზე. მე არ ვიცი, რა ხელშეკრულებას დადებენ. შეიძლება საერთოდ არ იყოს ეს მოსაკრებელი, შეიძლება იყოს 5 დოლარი, 10 დოლარი, 30, 100 - ეს არავინ არ იცის.” (სტილი დაცულია)

ის, რომ არავინ არაფერი იცის, აეროპორტის მშენებლობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აეროპორტის მშენებარე კომპანიის გამოსავლენად ტენდერის დახურულ კარს მიღმა ჩატარების გამო შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი გამოთქვეს და წინა 2 შემთხვევაში ეჭვები გამართლდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა აეროპორტის მშენებლობის დასაწყებად საჭირო საბანკო გარანტიის წარმოდგენა ვერ შეძლეს. მესამე შემთხვევამ ამ მხრივ გაამართლა და გამარჯვებულმა კონსორციუმმა ქართული მხარის საბანკო ანგარიშზე 6,2 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის გარდა სხვა რა არის იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომლის მიხედვითაც ”ტავისა და ურბანის” კონსორციუმმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა ააშენოს, კვლავ საიდუმლოდ რჩება. ასევე უცნობია ისიც, თუ რა მოცულობის იქნება აეროპორტის მოსაკრებელი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის კომენტარი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”როგორღაც მათ თავიანთი ინვესტიციის დაბრუნება უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გულუბრყვილობა იქნებოდა მათი მხრიდან, დააბანდონ 77-დან 95 მილიონ დოლარამდე იმისთვის, რომ ეს ფული უკან არასდროს აღარ დაიბრუნონ. ეს გრანტი არ არის, ეს ინვესტიციაა. ნებისმიერი ინვესტიცია მოითხოვს უკან დაბრუნებას. იქნება ეგრეთ წოდებული სამგზავრო ტაქსა, რომელიც იქნება ყველაზე დაბალი ამ რეგიონში.” (სტილი დაცულია)

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეგრეთ წოდებული სამგზავრო ტაქსა, ანუ აეროპორტის მომსახურების მოსაკრებელი, 18-დან 25 აშშ დოლარამდე იქნება.
XS
SM
MD
LG