Accessibility links

logo-print

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი 20.5 მლნ. დოლარად გაიყიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ერთ დროს საბჭოთა საქართველოს ”ინდუსტრიული ფლაგმანი”, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, აუქციონზე 20.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. წინასწარი მოლოდინის

მიუხედავად, აუქციონზე მყიდველების მოზღვავება არ იგრძნობოდა და შპს ”ენერგია და ინდუსტრიული კომპლექსი” კონკურენციის გარეშე გახდა კომბინატის დიდი ნაწილის მფლობელი. მინდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ახალი მფლობელის შესახებ გესაუბროთ.

გაკოტრების პროცესში მყოფი სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ აქტივები აუქციონზე სამ ლოტად იქნა გამოტანილი. სააქციო საზოგადოების ორი ლოტის მფლობელი, 20.5 მილიონ აშშ დოლარად, საქართველოში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ენერგია და ინდუსტრიული კომპლექსი“ გახდა.

კონკურენტების არარსებობის გამო ქონება საწყის ფასად გაიყიდა, თუმცა თავდაპირველად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აცხადებდა, რომ ობიექტით ხუთი უცხოური კომპანია იყო დაინტერესებული, მათ შორის, მსხვილი იტალიური ბიზნესწრეები, რომლებიც საქართველოში ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, მეტალურგიულის უალტერნატივო მყიდველი აღმოჩნდა საქართველოში დაფუძნებული „ენერგია და ინდუსტრიული კომპლექსი“, რომელმაც 13 ნოემბრამდე თანხის ნახევარი, ანუ 10 მლნ. აშშ დოლარზე მეტი, უნდა დაფაროს, დანარჩენი ნაწილი - 13 დეკემბრამდე, რის შემდეგაც აქტივების მფლობელად ოფიციალურად იქნება აღიარებული.

იმ დროს, როდესაც მეტალურგიული კომბინატის აქტივები აუქციონზე იყიდებოდა, კომბინატის ადმინისტრაციული შენობის წინ თანამშრომელთა საპროტესტო აქცია იმართებოდა. მეტალურგიული კომბინატის თანაშრომლები შიშობენ, რომ ახალი მფლობელი ქარხნის ამუშავებით არ არის დაინტერესებული და, სავარაუდოდ, აქტივების ჯართად გაყიდვას შეეცდება. აქციის მონაწილეები საუბრობენ ასევე კომბინატის მიმართ უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის და მისი ძმის ინტერესებზე, ასევე არ გამორიცხავენ გარიგებასთან ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის, კავშირსაც.

[კომბინატის თანამშრომლის ხმა] „არის ეს დაინტერესება ჭორის დონეზე, მაგრამ მე თუ ჭორის დონეზე ვლაპარაკობ, გამოიფხიკოს ვიღაცამ ყურები, ვისაც ამის საშუალება აქვს, და იმან დამიდასტუროს, რომ არ არის ეს ბენდუქიძის ინტერესები, არ არის ეს ბეჟუაშვილის ინტერესი, არ არის ძებნილი მამალაძის და ძებნილი ზურაბ ლობჟანიძის ინტერესი.“(სტილი დაცულია)

აქციის მონაწილე თანამშრომლები კომბინატის გასაყიდ ფასსაც აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ 20 მილიონი ამერიკული დოლარი მხოლოდ ქარხნის მიწისქვეშა კომუნიკაციები ღირს.

კომბინატის აქტივების ჯართად გაყიდვას და ქარხნის პროფილის შეცვლას აბსურდულს უწოდებს „ენერგია და ინდუსტრიული კომპლექსის“ ხელმძღვანელი მიხეილ კაკულია, რომელიც კომბინატის რეაბილიტაციაზე აკეთებს აქცენტს:

[მიხეილ კაკულიას ხმა] „ჩვენ შევიძინეთ ქონება და, ჩვენი პროგრამის თანახმად, უნდა განვახორციელოთ მისი რეაბილიტაცია, რათა შეიქმნას, აღდგეს ის დიდი მეტალურგიული კომპლექსი, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს.“(სტილი დაცულია)

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის მიმართ პრეტენზიები აქვთ როგორც თანამშრომლებს, ისე ყოფილ ინვესტორს იტალიურ „მეტალ ჯეოს“, რომელიც, სავარაუდოდ, ამ გარიგებას გაასაჩივრებს, ამ ეტაპზე ერთ დროს ქართული მძიმე ინდუსტრიის სიამაყეს, მეტალურგიულ კომბინატს, პატრონი გამოუჩნდა, რომელმაც ობიექტი უპირობოდ შეიძინა, თუმცა ჟურნალისტებთან პირობა დადო, რომ ქარხნის გადაიარაღებას დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაასრულებს, ინვესტიციებს კი ჰონკონგელი პარტნიორებისაგან მოიზიდავს.
XS
SM
MD
LG