Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ამბობს უარს იუსტიციის სამინისტრო პატიმართა მკურნალობაზე?


ბოლო დროს უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და იუსტიციის სამინისტროს შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა

სასჯელთაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე პატიმრის ზედიზედ გარდაცვალება. ბოლო ასეთი შემთხვევა 17 ოქტომბრის ღამით მოხდა, როდესაც, გულსისხლძარღვთა უკმარისობის დიაგნოზით, 69 წლის პატიმარი დაიღუპა. 20 ოქტომბერს კი იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში გადადისო.

[ისმის ჭიპაშვილისა და კემულარიას დიალოგი]

აი, ასე ათვალიერებდნენ და აფასებდნენ თბილისის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს მესამე სართულს ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი და იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია. მომავალში ამ სამედიცინო დაწესებულებამ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგივრობა უნდა გასწიოს.

ამ რეფორმის მიზეზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის 14 აგვისტოს დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც ამიერიდან პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო ხდება. შესაბამისად, გაუქმებულად გამოცხადდა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. მე იუსტიციის მინისტრს კოტე კემულარიას ვკითხე, რამ აიძულა ასეთი ცვლილება სასწრაფოდ განეხორციელებინა.

[კოტე კემულარიას ხმა] ”აგვისტოს თვეში გვქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩაწერილი არის სტრატეგიაში, რომელიც ბრიუსელში დამტკიცდა. ამიტომ არავითარი აჟიოტაჟი ამას არ იწვევს. მთავრობამ დაგვიჭირა მხარი და სერიოზულად იზრდება დაფინანსება და ამან მოგვცა საშუალება გადაგვედგა ნაბიჯები.”(სტილი დაცულია)

კოტე კემულარიამ დაფინანსების გაზრდა ახსენა, თუმცა კი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაუქმების შემდეგ ავადმყოფ პატიმართათვის განკუთვნილი სამკურნალო ადგილების რაოდენობა მცირდება. თუ ციხის საავადმყოფოში 250-მდე ადგილი იყო, მეხუთე საავადმყოფოს პატიმრებისათვის განკუთვნილ სართულზე მხოლოდ 50-მდე პატიმრის მკურნალობის საშუალებაა. მიუხედავად ამისა, რეფორმას მაინც დადებითად აფასებს კემულარიას აქტიური მოწინააღმდეგე, პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის საბჭოს წევრი თეა თუთბერიძე:

[თეა თუთბერიძის ხმა] ”ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციებშიც, რომ 2007 წლამდე უნდა მომხდარიყო. ეს ვალდებულება სახელმწიფოს აღებული აქვს და ჩვენ მოვითხოვეთ სწრაფად მომხდარიყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა პატიმარი, რომელსაც რაიმე წამოსტკივდება, გადაყვანილი იქნეს ქალაქის საავადმყოფოში. აქ არის საუბარი იმ პატიმრებზე, რომლებიც სერიოზულად საჭიროებენ მკურნალობას და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

თეა თუთბერიძის მიერ ნახსენები მსუბუქად დაავადებული პატიმრების მკურნალობა სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდება და იქაც სანიტარული განყოფილებები მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის კომენტარი:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაგვეჩქარებინა ჩვენი გეგმები და, 2007 წლის ნაცვლად, 2006 წელს დაიწყება ეს პროექტი. პატიმართა მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.”(სტილი დაცულია)

შეცვლის თუ არა ეს რეფორმა პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. მანამდე კი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პატიმრობისა და მკურნალობისთვის შეუფერებელ პირობებში, ათობით პატიმარი იხდის სასჯელს. ისინი ზებუნებრივი ძალების იმედადღა რჩებიან, რომ წინასწარი პატიმრობა თუ რამდენიმეწლიანი სასჯელი სიკვდილით დასჯად არ გადაექცეთ. ანუ მძიმედ არ დაავადდნენ და ოპერაცია არ დასჭირდეთ, რადგან იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე ბიუჯეტი თავისუფლებააღკვეთილისთვის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების ოპერაციის ხარჯებს არ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG