Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირის დასაწყისში თბილისის მერი კომპანია “აქსისის”


ამ კვირის დასაწყისში თბილისის მერი კომპანია “აქსისის”

ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. გიგი უგულავა კმაყოფილი შეჰყურებდა მომავალი ბიზნესცენტრის მაკეტს და ჟურნალისტებს ორი ცათამბჯენის მხატვრულ ღირსებებზე ესაუბრებოდა:

[გიგი უგულავას ხმა] “როცა იქმნება ასეთი ახალი სახლი, შეიქმნება კარგი სინთეზი ძველისა და ახლისა და იქნება კიდევ უფრო ლამაზი, ვიდრე აქამდე იყო.”

დედაქალაქის განაშენიანების პროცესში ჩართულ ხელისუფლებას ვერავინ შეედავება – უმალვე გაგახსენებენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც მხატვრული კრიტიკა აღარ არსებობს, სადაც ხელისუფლება ინტელექტუალებს “ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალებს” და “მემარცხენეებს” უწოდებს, სადაც ესთეტიკური ტკბობა დეკადენტობად, კომუნისტურ გადმონაშთად ითვლება, საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი პროფესიონალები კი “წითელ ინტელიგენციად” არიან მონათლულნი.

ჰოდა, შენდება და იღებება დედაქალაქი...ისე, როგორც ხელისუფლებას მოსწონს. თბილისობასაც ისე ვზეიმობთ, როგორც ხელისუფლებას და მის “კულტურულ მრჩევლებს” გაუხარდებათ, უფრო სწორად, “გაუსწორდებათ”... დროა, იმ ენაზე ვილაპარაკოთ, რომელიც უკვე დამკვიდრდა თბილისურ ზეიმებზე:

[ვანიკო თარხნიშვილის ხმა] “მაშინ სცენაზე ვითხოვ ნინი ქარსელაძეს...ნინი...როგორ ხარ, ნინი. დაგლიჯა. მანამდე კი წარმოგიდგენთ ჩვენს მსახიობებს მარიონეტების თეატრიდან და ახმეტელიდან...პრივეტ...ნახე იქ, რა მაგარია! (მოულოდნელად წყდება მუსიკით)

23 ოქტომბერს რიყეზე გამართული თბილისობის ზეიმის (უფრო სწორად, როგორც წამყვანმა ვანიკო თარხნიშვილმა აღნიშნა, “პერფომენსის”) ეს ჩანაწერი უხეიროდ დამონტაჟებული რეპორტაჟი არ გეგონოთ. წამყვანის მონოლოგი მოულოდნელად გაწყდა მუსიკით მხოლოდ იმიტომ, რომ დროზე ადრე ჩაირთო ნინი ქარსელაძის სიმღერის ფონოგრამა. დედაქალაქი შენდება და იღებება, ზეიმები – პერფომენსებით იცვლება, მაგრამ ფონოგრამებს ვერა და ვერ გადაეჩვივნენ ამ დღესასწაულების ორგანიზატორები და, რაც მთავარია, თავად მომღერლები. რა გამოდის? შეაგროვებენ ხალხს რიყეზე ან თავისუფლების მოედანზე, ჩართავენ ფონოგრამას და პირს გააღებინებენ პატარა გოგო-ბიჭებს, ისე როგორც კომუნისტების დროს გადაღებულ ფილმში “მანანა”. ხომ გახსოვთ, “ხან ტყეში ვარ და ხან ღრეში”... ამაყად გალობენ ქართველი პიონერები, მაგრამ ცრუპენტელა მანანასაც კი ყელში ამოსდის სიყალბეში ცხოვრება და პატარა ბუნტს აწყობს.

ფონოგრამებს ვერ ელევიან, მაგრამ კომუნისტური ზეიმების სტილი პოსტრევოლუციური საქართველოს პერფომენსების ავტორებსაც აღიზიანებთ. წლევანდელ თბილისობაზე მათ გიგანტურ საწნახელში რქაწითლის ჩაწურვის რიტუალი დადგეს. მთავარ როლებს თავად ასრულებდნენ და ისევ ვერ მალავდნენ კმაყოფილებას. საწნახელთან, ჩანთებში, მომზადებული იყო საჩუქრები თბილისის საპატიო მოქალაქეებისთვის: ბროწეული, ყურძენი, ერთი ბოთლი ღვინო. ამაო აღმოჩნდა ქართული ესტრადის ვარსკვლავების სიმღერით გამხიარულებული პუბლიკის მოლოდინი – სანახაობა მუქთად ერგოთ, მაგრამ პურსა და ყურძენზე უკაცრავად...

[ვანიკო თარხნიშვილის ხმა] “ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, ის პარკები რომ ავიღოთ. რომელიმე თქვენგანი უნდა გამოცხადდეს საპატიო თბილისელად. ამისათვის რა გჭირდებათ? მუშაობა, მუშაობა, მუშაობა...დღეს კი არა, მთელი ცხოვრება მუშაობა...”

მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოს ახლა კაცმა მუქთად, რომ მიირთვას ბროწეული და ყურძენი. დასრულდა კომუნისტების ეპოქა, თბილისობაზე მწვადს რომ აჭმევდნენ მოზეიმეებს. მწვადი წელს ტორტით შეიცვალა, თუმცა ტორტის ნაჭერი მხოლოდ ერთეულებს ერგოთ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “თბილისობა, ტრადიციულად, იყო სხვანაირი დღესასწაული. პრეზიდენტი გაივლიდა ხოლმე ან, მანამდე, ცეკას პირველი მდივანი. მოართმევდნენ ერთ-ორ მწვადს, დადგმულ თეატრალურ ღონისძიებას, გახსნიდა ერთ-ორ ფარდულს და, მე ვფიქრობ, მას პრაქტიკულად აზრი ჰქონდა დაკარგული.”

ასეთია საქართველოს ხელისუფლების კულტურული პოლიტიკა. ყველაფერი, რასაც აზრი აქვს დაკარგული, პრაქტიკულით, პრაგმატულით, ე.ი. აზრიანით, უნდა შეიცვალოს. მწვადი – ტორტით, ღონისძიება – პერფომენსით, ძველი სახლები – მინის ცათამბჯენებით, მელაანის ქუჩა – ჯორჯ ბუშის ქუჩით. მაგრამ ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ არა მარტო გემოვნებაზე არ დავობენ, არამედ განსხვავებულად ესმით, რა არის “აზრიანი” და რას მოაქვს მადლი ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით, სარგებელი... თუკი წლევანდელი თბილისობის ორგანიზატორებს სწამთ, რომ ტორტი ნაკლებად “გოიმურია”, ვიდრე მწვადი, და ასე მაინც შეიძლება დავმკვიდრდეთ ევროპულ კულტურულ სივრცეში, ხელისუფლების ოპონენტებს მოძრაობიდან “წინ, საქართველო” “მადლის” მნიშვნელობა სხვანაირად ესმით. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წმინდანის ქვის კერპი ახლა უკვე ყოფილ “ანდროპოვის ყურებთან” რომ დაიდგა, ის სიმბოლოა, რომელსაც მადლი მოაქვს, ამიტომ მისი აღება ან გადატანა მიუტევებელი ცოდვაა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “თავს ნუ შეირცხვენთ და არაქართულ საქმეს ნუ დაიცავთ.”

ირაკლი ბათიაშვილის გარდა, დავით აღმაშენებლის ძეგლის სადარაჯოზე იდგა ბატონი თემურ შაშიაშვილიც, რომელიც, ქართულ ბიოგრაფიულ ლექსიკონს თუ დავუჯერებთ, ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა 1989-91 წლებში, 9 აპრილის შემდეგ, როცა საქართველო კომუნისტური ეპოქის ქვის კერპებისგან თავისუფლდებოდა. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ქვის კერპების გარეშე ცხოვრება ვერ შეძლო. ცოტა ხანში ქვეყანა გაივსო ცხენზე ამხედრებული ახალი პერსონაჟებით. მათ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა – ხელოვნებაში უპირატესობას ისევ შინაარსს ანიჭებდნენ და არა ფორმას. მთავარი იყო არა ის, თუ როგორ შესრულდა ნაწარმოები, არამედ ის, თუ ვის გამოხატავდა ავტორი.

[თემურ შაშიაშვილის ხმა] “ვინც ამ ძეგლის დაშლაში მონაწილეობას მიიღებს, ისტორიას უნდა დავუტოვოთ მისი გვარები; რომელი პოლიციელიც მოვა და ხელს შეუშლის ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იგი ისტორიას უნდა დავუტოვოთ და ეკლესიაში უნდა გადავცეთ ამ ადამიანების გვარები.”

გვარების გადაცემა დღეს მოდაშია. ზოგი სად ჩივის, ზოგიც სად. ყალიბდება “ჯგუფურ-პარტიული” გემოვნება. ამ ჯგუფში განსხვავებული აზრი თუ გამოთქვა ვინმემ, აუცილებლად განიდევნება, დაიწყევლება, ანათემას გადაეცემა. არც დიალოგისთვის სცალიათ და არც კამათისთვის. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი დიღმის მასივს უფრო მოუხდება და რჩევას არც არავის ეკითხება, დარწმუნებულია, რომ “შუშის ცათამბჯენები” – ძველისა და ახლის ერთიანობას გამოხატავს და ოდნავაც არ შეაქვს ეჭვი თავის ნათქვამში... ანდა ვის უნდა დაეკითხოს? “წითელ ინტელიგენციას”? თუ აღმასკომის ყოფილ თავმჯდომარეებს? არც ჩვენ გვეკითხება, ეგრეთ წოდებულ “ხალხს”, რადგანაც ამ შემთხვევაში სხვა - უფრო უხერხულ - კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

თუმცა, ხომ გახსოვთ, რა ქნა ცრუპენტელა მანანამ: ჯერ გემი დაინახა ბათუმის ნავსადგურში; წავალ შორს, შორს, თუნდაც აფრიკაშიო, – ასე იმუქრებოდა. ვერ შეძლო... მაგრამ სიყალბეში ცხოვრებასაც ვერ შეეგუა და პატარა ბუნტი მოაწყო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG