Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი თემები, რომელთა გამოც უცხოეთის პრესა ამ კვირაში საქართველოზე წერდა


მთავარი თემები, რომელთა გამოც უცხოეთის პრესა ამ კვირაში საქართველოზე წერდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება და სამხრეთ ოსეთის

საკითხის მოგვარებაში შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო დახმარება იყო. მივყვეთ თანმიმდევრულად.

25 ოქტომბერს საინტერნეტო გამოცემამ "Eurasia View"-მ სალომე ზურაბიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, დასათაურებული ყოფილი მინისტრის სიტყვებით: "მე დაბრკოლებად ვიქეცი". ინტერვიუს შესავალში გამოცემა აღნიშნავს, რომ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლებამ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ძლიერი კრიზისი შექმნა. 20 ოქტომბერს იპოდრომზე გამართული შეკრება, წერს გამოცემა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შემდგარი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური დემონსტრაცია იყო. ამან კი, თავის მხრივ, აჩვენა, რომ ყოფილი მინისტრი კვლავაც პოპულარულია.

ინტერვიუს დასაწყისში, გამოცემა სალომე ზურაბიშვილს ეკითხება, მისი აზრით, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ყოფილი მინისტრის პასუხით, მის გათავისუფლებას როგორც სტრუქტურული, ისე ფილოსოფიური მიზეზები ჰქონდა. სტრუქტურულ მიზეზებს შორის სალომე ზურაბიშვილი კორუფციის და მშენებლობათა საკითხებს ასახელებს და ამბობს, რომ იგი მოქმედების ძველ სტილს დაბრკოლებას უქმნიდა. ფილოსოფიურ ფაქტორებს შორის კი დემოკრატიასა და ძველ სისტემას შორის ბრძოლას ასახელებს და ამბობს, რომ იგი ძველი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან გადარჩენისთვის ბრძოლას გადაჰყვა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ იგი ჯერ სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლას აპირებს და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის ამ სფეროში იმუშავებს, მომავალში კი პოლიტიკური პარტიის დაარსებასაც არ გამორიცხავს. შეკითხვას, პარტიის შექმნის შემთხვევაში როგორ აპირებს დაფინანსების მოპოვებას, სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ თანხებს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში მოიზიდავს.
შემდეგ "Eურასია Vიეწ" სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის, შესახებ უსვამს შეკითხვას. გამოცემას აინტერესებს, რა ცვლილებებია მისგან მოსალოდნელი. ამ შეკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ იგი შეშფოთებულია, თუმცა საგარეო პოლიტიკაში ღია ცვლილებას არ მოელის. მისი თქმით, იმ კურსის მიღმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ღიად გამოხატა და რომელსაც ზურაბიშვილი ახორციელებდა, საქართველოს ალტერნატივა არა აქვს. მაგრამ, ამბობს ზურაბიშვილი, საქართველოში გარკვეული სუსტი სფეროები არსებობს, ეს კი რუსეთის ხელს აძლიერებს. სალომე ზურაბიშვილს ენერგეტიკის სფერო მოჰყავს იმის მაგალითად, რომ საქართველო, შესაძლოა, რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდეს.

ინტერვიუს ბოლო ნაწილში სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ტერიტორიული პრობლემების შესახებ საუბრობს. იგი, ამ მხრივ, საკუთარ მუშაობას აფასებს და ამბობს, რომ, ზოგიერთი პარლამენტარისგან განსხვავებით, ის რუსეთის წარმომადგენლებს არ შეურაცხყოფდა, მაგრამ მათთან სიმტკიცეს ავლენდა. მისი თქმით, თუ სამშვიდობო პროცესი 2006 წელს რეალურად არ ამუშავდება, 2007 წლისთვის სიტუაცია დაიძაბება, ვინაიდან ამ წელს რუსეთშიც და საქართველოშიც არჩევნებია დანიშნული. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს მკაფიო სტრატეგიის და დეტალური გეგმის შემუშავება სჭირდება – ეს კი სწორედ ის საკითხებია, რაზეც იგი მუშაობას გააგრძელებს.

ბოლო შეკითხვა, რომელსაც ინტერნეტგამოცემა სალომე ზურაბიშვილს უსვამს, შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილ სურვილს შეეხება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ჩართვის თაობაზე. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე მან საქართველოს პრეზიდენტთანაც ისაუბრა და რომ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ მის წინააღმდეგ ქმედება სწორედ ახლა დაწყებულიყო. იგი ამბობს, რომ ჯგუფმა, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო, იცის – პრეზიდენტ სააკაშვილს პოზიციები შესუსტებული აქვს, ვინაიდან მანამ, სანამ მას სწორად გადადგმული ნაბიჯები დაუფასდება, ახლა გარდამავალი პერიოდია. ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფს ესმის, რომ, შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილი ამ ინიციატივის გამო, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ზაფხულამდე გარკვეული პროგრესი იქნება,
რაც პრეზიდენტის რეიტინგს გაზრდის. და სწორედ ამიტომ იმოქმედეს მათ ახლა, როდესაც ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია.

სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თემას "Eურასია Vიეწ"-ში ჟურნალისტი მოლი კორსო ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, 26 ოქტომბერსაც, აგრძელებს. ამჯერად კორსო აქვეყნებს სტატიას, სათაურით "საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენება ინანოს". კორსო, ძირითადად, ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებებს ეყრდნობა. კონფლიქტის და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი თინა გოგელიანი კორსოს ეუბნება, რომ ზურაბიშვილის გადაყენება მოულოდნელი არ ყოფილა და რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნოდა. ამ მოსაზრებას კიდევ ერთი ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, მალხაზ მაცაბერიძეც იმეორებს. იგი ჟურნალისტს ეუბნება, როდესაც ზურაბიშვილზე შეტევა საპარლამენტო უმრავლესობიდან განხორციელდა, ეს პრეზიდენტთან იყო შეთანხმებულიო.

მალხაზ მაცაბერიძე გამოცემას ეუბნება, რომ ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიზნად საქართველოსა და საფრანგეთს და, უფრო ფართოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. საფრანგეთის სტრატეგიულ პარტნიორად ქცევით კი, მაცაბერიძის აზრით, თბილისს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაუმჯობესების იმედიც ჰქონდა, ვინაიდან პარიზს მოსკოვთან შედარებით ძლიერი კავშირები აქვს. მაგრამ, მაცაბერიძის თქმით, ეს ასე არ მოხდა.

მალხაზ მაცაბერიძე აგრეთვე ამბობს, რომ ზურაბიშვილის გადაყენებას იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა. მისი შემცვლელი გელა ბეჟუაშვილი კი, მაცაბერიძის აზრით, პრეზიდენტის ნებას აღასრულებს.

27 ოქტომბრის "ჭასჰინგტონ თიმეს"-ში ჟურნალისტი დევიდ სანდსი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში შეერთებული შტატების დახმარებაზე წერს. სანდსს მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის სიტყვები, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ამერიკამ საქართველოს "კონკრეტული დახმარება" შესთავაზა.

ნოღაიდელი ამბობს აგრთვე, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა – ტერიტორიაზე, რომელიც ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის ანკლავად არის ქცეული - საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ის სამშვიდობო გეგმაა, რომელიც მან ეუთოს სხდომაზე წარადგინა.

ნოღაიდელი ფიქრობს, რომ, რეგიონში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, – იქნება ეს ჩეჩნეთში მიმდინარე ომი, ბესლანის მოვლენები თუ ცოტა ხნის წინ ნალჩიკში შექმნილი ვითარება, – სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაჭრით მოსკოვიც დაინტერესებულია. თუმცა, დასძენს, თავის მხრივ, სანდსი, რუსეთი წინააღმდეგობას უწევს საქართველოს სურვილს ამ კონფლიქტის მოგვარებაში შეერთებული შტატები და ევროპული ძალები ჩართოს.

დევიდ სანდსი წერს, რომ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სურვილს, ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ნოღაიდელმა გაზეთს უთხრა, რომ
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგან ამ კონფლიქტის გადაჭრაში დახმარების კონკრეტული დაპირებები მიიღო.

სტატიის ბოლოს ნოღაიდელი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას ეხება. მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ზურაბიშვილი პარლამენტთან ვერ თანამშრომლობდა და პარლამენტარებს კრიტიკაზე შეურაცხყოფით უპასუხებდა. ნოღაიდელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე არ იმოქმედებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG