Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესრულდა 50 წელი ალექსანდრე წუწუნავას გარდაცვალებიდან


26 ოქტომბერს 50 წელი შესრულდა

დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრისა და კინოს მოღვაწის, ალექსანდრე წუწუნავას გარდაცვალებიდან. წუწუნავამ ერთნაირად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ქართული კინოს, ასევე თეატრის - განსაკუთრებით ეროვნული ოპერის - ისტორიაში. თავად განსაჯეთ: ალექსანდრე წუწუნავა პირველი ქართული მხატვრული ფილმის, “ქრისტინეს”, ავტორია; ალექსანდრე წუწუნავა – პირველი ქართული ოპერების დამდგმელი რეჟისორია. თბილისის საოპერო თეატრს იგი 1918 წელს ჩაუდგა სათავეში და გარდაცვალებამდე- 1955 წლამდე - ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა, ქართველ რეჟისორს უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა – არაერთხელ დაუპირისპირდა საბჭოთა ცენზურას და არაერთი პროექტი დარჩა განუხორციელებელი. დღეს მინდა წუწუნავას განხორციელებულ და განუხორციელებელ პროექტებზე გიამბოთ.

ალექსანდრე წუწუნავას ბიოგრაფიის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქმე გვაქვს წარმატებულ შემოქმედთან, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეატრისა და კინოს სიმბოლოდაც კი შეიძლება აღვიქვათ. სხვათა შორის, სწორედ საუკუნის დასაწყისს ემთხვევა წუწუნავას მოსვლა თეატრში – 1900 წელს 19 წლის ალექსანდრე წუწუნავა ლადო მესხიშვილმა ქუთაისის თეატრში მოიყვანა და სამსახიობო დასში ჩარიცხა. თუმცა მსახიობობას მალე დაანება თავი – მოსკოვში გაემგზავრა და სტანისლავსკის სამხატვრო თეატრის სარეჟისორო სტუდია დაამთავრა. მერე ხან სარატოვში მოუწია მუშაობა, ხან ბაქოში, ხანაც ჭიათურაში. უამრავი პიესა დადგა და არც კინოს გადაღებაზე უთქვამს უარი.

1915 წლის 5 ივნისს ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” იუწყება, რომ ალექსანდრე წუწუნავა, სანდრო ახმეტელთან ერთად, ეგნატე ნინოშვილის “ქრისტინეს” ეკრანიზაციას შეუდგა. მოგვიანებით ახმეტელი პრესაში აღარ უხსენებიათ. სამაგიეროდ, მთელი საქართველო ლაპარაკობდა ფილმის გადაღების ინიციატორის, შეიძლება ითქვას, “პირველი ქართველი პროდიუსერის”, გერმანე გოგიტიძის ღვაწლზე. “ქრისტინეს” პრემიერის შემდეგ გოგიტიძე წერდა:

[გერმანე გოგიტიძის ჩანაწერები] “უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფილმით მაინც კმაყოფილები დავრჩით... მთელი საქართველო შემოვიარეთ. იმ რეგიონებში, სადაც ელექტროენერგია არ იყო, სპეციალურ მოწყობილობას ვიყენებდით.”

გოგიტიძე არ აკონკრეტებს, კერძოდ ვინ გაუწია წინააღმდეგობა “ქრისტინეს” გადაღებას. ფაქტია, რომ ქართული ფილმის წარმატებამ შეაშფოთა, მაგალითად, ბელგიელი კინომონოპოლისტი პერონე, რომელიც მთელ ამიერკავკასიაში კინომონოპოლისტად ითვლებოდა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის კინოწრეებთან. “ქრისტინეს” პრემიერის შემდეგ სწორედ პერონემ მოავლინა რუსეთიდან თბილისში რეჟისორი ვლადიმირ ბარსკი, რომელმაც, თავის მხრივ, წუწუნავაზე შეტევით დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა. პრესაში პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორის დისკრედიტაციას ეწეოდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. წუწუნავას გაუხსენეს, რომ მას არ ჰქონდა კინოში მუშაობის გამოცდილება, ვერ ფლობდა კინორეჟისორის ხელობას, არ იცოდა მონტაჟი... რევოლუციის შემდეგ ხომ, საერთოდ... იმაში დასდეს ბრალი, რომ პირველმა, ქართულმა მხატვრულმა ფილმმა დაამკვიდრა სახე დაუცველი, შერცხვენილი ქალისა, რომელიც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. “ბოლშევიკური გენდერული პოლიტიკა” ამას, აბა, როგორ აიტანდა.

თუმცა ბოლშევიკები წუწუნავას ასე ადვილად ვერ გაუსწორდებოდნენ. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, გასაბჭოების შემდეგ იგი დატოვეს თბილისის საოპერო თეატრის მთავარი რეჟისორის პოსტზე... უფრო მეტიც, ოპერას წუწუნავა სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ერთი მხრივ, წუწუნავას დისკრედიტაცია ძნელი არ იყო... ბოლოს და ბოლოს, მისი ხელმძღვანელობით დაიდგა დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქართული ოპერები - “თქმულება შოთა რუსთაველზე” და, რაც მთავარია, “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”... მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ქართული ოპერები, ალექსანდრე წუწუნავას ამოშლა ისტორიიდან ადვილი არ გახდა.

[მუსიკა. “დაისი”]

ალექსანდრე წუწუნავა ოპერის მთავარი რეჟისორის პოსტზე 1937 წელსაც დატოვეს - მაშინ, როცა ოპერის დირექტორის, აკაკი ჭყონიას, კაბინეტში შეიჭრა თეატრის პარტკომი და ნაგანიდან ნასროლი ერთადერთი ტყვიით მას შუბლი გაუხვრიტა. დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ 1937 წლის 7 ნოემბერს რევოლუციის 20 წლისთავი თეატრმა არა რომელიმე ბოლშევიკური ოპერით, არამედ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, “ლატავრას”, პრემიერით აღნიშნა. დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წელს დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ევგენი მიქელაძე.

მიქელაძეს შემცვლელი მოუძებნეს. თუმცა ალექსანდრე წუწუნავას შემცვლელის პოვნა არც ისე ადვილი იქნებოდა. იგი საოპერო რეჟისურის ერთადერთი თუ არა, მთავარი სპეციალისტი იყო საქართველოში. 1934 წელს, როცა ქვეყანაში რეპრესიები იწყებოდა, წუწუნავას საქართველოს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. წუწუნავას “საოპერო მოღვაწეობაში” რაიმე საშიშროებას, როგორც ჩანს, ვერ ხედავდნენ... აი, კინო კი სულ სხვა იყო... კინოწარმოებაში ჩაბმულ ხალხს საბჭოთა ხელისუფლება მეტი გულისყურით აკვირდებოდა.

[ალ.წუწუნავას წერილი] “მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს სახკინმრეწვი უშვებს რაიმე ფილმს, მას უნდა ჰქონდეს საქართველოს სახკინმრეწვის მარკა, თუ სომხეთი უშვებს – სომხური, თუ აზერბაიჯანი – აზერბაიჯანული. არ შეიძლება ყოველივე ამის არევა ერთმანეთში. ქართული ყოფის არევა, როგორც ეს რეცენზიებში იყო, საერთო კავკასიურ მასშტაბში და სიკოს მოხსენიება კავკასიელ მოჯირითედ ყოვლად დაუშვებელია.”

ეს ალექსანდრე წუწუნავას განცხადება გახლავთ. ამ სიტყვებით მიმართა რეჟისორმა სახკინმრეწვის, ე.ი. თბილისის კინოსტუდიის, ხელმძღვანელობას 1926 წელს, თავისი ფილმის, “ვინ არის დამნაშავეს”, პრემიერის შემდეგ. ეს უკვე სასოწარკვეთილი კაცის განცხადება იყო, კაცისა, რომელსაც ორსერიანი ფილმი, ფაქტობრივად, დაუკითხავად გაუნახევრა სახკინმრეწვის წარმომადგენელმა მოსკოვში, ვინმე არუსტინოვმა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული კინოს ისტორიაში, როცა მოსკოვმა ცენზორის როლი იკისრა და, თბილისის სტუდიის ნებართვის გარეშე (ავტორზე აღარაფერს ვამბობთ), უხეშად დაამახინჯა ფილმი.

“ერთი სიტყვით, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. შემეძლო პრესაში გამომეთქვა პროტესტი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არ გავაკეთე, რომ არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა საქართველოს სახკინმრეწვი.”

ესეც ალექსანდრე წუწუნავას სიტყვებია. მიაქციეთ ყურადღება: 1926 წელს რეჟისორს ჯერ კიდევ შეეძლო პრესაში გამოეხატა პროტესტი ცენზურის მიმართ. სხვა საქმეა, რომ ასეთი პროტესტი ხელოვანს მოგვიანებით ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. საეჭვოა, რომ ალექსანდრე წუწუნავა აქ მართლა “სახკინმრეწვის” მუნდირს გაუფრთხილდა. რეჟისორი, როგორც ჩანს, შეეგუა იმას, რომ ქვეყანაში კულტურული პოლიტიკა შეიცვალა... ან, უბრალოდ, ფილმის წარმატებამ გადააფიქრებინა ცენზურასთან ბრძოლის გამოცხადება. ფაქტია, რომ დასაწყისში წუწუნავა იმუქრებოდა, რომ უარს იტყოდა ტიტრებში თავისი გვარის მოხსენიებაზე, მაგრამ მოგვიანებით, როცა “ვინ არის დამნაშავემ” ტრიუმფით მოიარა საბჭოთა კინოთეატრების ეკრანები, ფილმის შემცირებას შეურიგდა.

“ვინ არის დამნაშავის” წარმატება სრულიად საკმარისი გახდა ქართულ კინოში ალექსანდრე წუწუნავს მოღვაწეობის გასაგრძელებლად. 1926 წლის მიწურულს ეკრანებზე გამოდის მისი ახალი ფილმი, “ხანუმა”, რომელიც ისტორიამ სულ მალე მიივიწყა... შეიძლება ითქვას, 1980 წლამდე, როცა წუწუნავას ეს ფილმი ქართული კინოს ისტორიკოსმა გოგი დოლიძემ აღადგინა. 1987 წელს, პარიზში - პომპიდუს ცენტრში - გამართულ ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე, “ხანუმა” ხალხით გაჭედილ დარბაზში უჩვენეს. ფრანგი კინომცოდნეები ამბობდნენ, რომ წუწუნავამ საბჭოთა კინოში დაამკვიდრა ჟანრი, რომლის ავტორად სერგეი ეიზენშტეინი ითვლება – “ოპერა სიმღერის გარეშე”, ე.ი. გადაიღო მუნჯი ფილმი ოპერის ესთეტიკით - შეიძლება ითქვას, გააერთიანა ოპერის, თეატრისა და კინოს გამომსახველობითი საშუალებები.

მაგრამ 20-იანი წლების მიწურულს ასეთი ექსპერიმენტები საქართველოში ნაკლებად აინტერესებდათ. “ხანუმას” პრემიერის შემდეგ ალექსანდრე წუწუნავამ კიდევ ორი ფილმი გადაიღო...მერე კი საერთოდ წავიდა კინოსტუდიიდან.

1955 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია: “საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულის მიერ 1937 წლის 13 დეკემბერს ევგენი მიქელაძისთვის გამოტანილი განაჩენი გაუქმებულია, ხოლო საქმე, დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, შეწყვეტილი.”

მაგრამ ალექსანდრე წუწუნავა ვერ მოესწრო თავისი თანამოაზრის, ოპერის თეატრის კიდევ ერთი მაესტროს, რეაბილიტაციას. იგი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, 1955 წლის 26 ოქტომბერს, გარდაიცვალა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG