Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

616-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 616-ე გამოშვება.

ძვირფასო მსმენელებო, დღეს ჯერ ვიმსჯელებთ იმაზე, სამშვიდობო პოლიტიკის რა რესურსები არსებობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში. გიამბობთ, რა შეიტყო ჩვენმა კორესპონდნეტმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის გეგმებზე, გიამბობთ ასევე პროექტზე, რომლის მიზანია თბილისური ჭიშკრების რესტავრაცია და გამოვეხმაურებით ერთ იუბილეს - იუბილეს კაცისა, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, სილამაზის ეტალონად ითვლებთ: ამ დღეებში ალენ დელონს 70 წელის უსრულდება. მე მარიამ ჭიაურელი ვარ და დღეს გადაცემას ვუძღვები.

[მუსიკა]
სამშვიდობო პოლიტიკის რესურსები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში

წამყვანი:
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გააქტიურდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მიმდინარე წელს ის რამდენჯერმე გამოვიდა შესაბამისი ინიციატივებით. პირველი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა სტრასბურგში, ევროსაბჭოს წინაშე. შემდეგ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გაჩნდა კონფლიქტის მოწესრიგების კონცეფცია, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ამ თემაზე, სულ ახლახანს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვედროდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ახალ მიდგომებზე სამსჯელოდ. ამავე დროს, ხელისუფლების ინიციატივებს ახლდა სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს, მუდმივი ნართაულები სამშვიდობო გზის ალტერნატივაზე, სამხრეთ ოსეთში გამართულ აღლუმზე გაღიზიანებული საქართველოს ხელისუფლების მტკივნეული რეაქცია, რომელსაც “დაემთხვა” სროლა ცხინვალის მიმართულებით… რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და რა რესურსები არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის დავით პაიჭაძის სიუჟეტი ამ საკითხებს ეძღვნება.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები მიმდინარე წლის მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა: ჯერ ზეპირად გახმაურდა, მერე წერილობით და უფრო დაწვრილებით ჩამოყალიბდა, მოგვიანებით არა მხოლოდ კონცეფციის, არამედ სამოქმედო გეგმის სახეც მიიღო. თუ მანამდე საქართველოს ხელისუფლების გეგმებს პოლიტიკურ კლასში პოზიტიურად ეკიდებოდნენ, ახლა ამ გეგმის ბოლო ვერსიას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. ერთი მათგანია რესპუბლიკური პარტიის წევრი, პაატა ზაქარეიშვილი:

[ზაქარეიშვილის ხმა] “ჩემი აზრით, მეორე ინიციატივა უკეთესი იყო პირველზე, მესამე უკეთესი იყო მეორეზე, მაგრამ მეოთხე ინიციატივა არ არის უკეთესი მესამეზე, ის პირველზე უარესია. წინა პლანზე წამოწეულია დემილიტარიზაცია, რაც ცუდია იმიტომ, რომ არ იმუშავებს. აქამდე ლაპარაკი იყო ნდობის აღდგებაზე. ნდობის აღდგება ნიშნავს კანონს რესტიტუციის შესახებ, 1990-1992 წლების მოვლენათა შეფასებას, შარშანდელი მოვლენების შეფასებაც, უფლებაშელახულ მოქალაქეთა უფლებების აღდგენა, გამოძიებები, რაც სააკაშვილმა ადრევე თქვა”.

ნდობის აღდგენის ჩანაცვლება დემილიტარიზაციით ოსურ მხარეს გაუჩენს შიშს, რომ მათი განიარაღების შემთხვევაში ქართველები თავს დაესხმებიან, მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს. ამ ეჭვს აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტული რიტორიკა და რეალური სამხედრო მშენებლობა ქვეყანაში, მეტი ფულის ხარჯვა თავდაცვის სფეროში. მაგრამ ხომ შეიძლება დემილიტარიზაციის წინ წამოწევას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლდეს როგორც კონფლიქტის მეორე მონაწილის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დადებული პირობა, რომ საქართველო საომარ იერიშს არ მიიტანს სამხრეთ ოსეთზე?

[ზაქარეიშვილის ხმა] “მშვენიერი იქნება, უნდა მივესალმოთ, თუ საქართველო ცალმხრივად განაცხადებს, რომ არ დაუშვებს საომარ მოქმედებებს, ჩადებს ამ განცხადებაში საერთაშორისო მონიტორინგს. მაშინ გვექნება უფლება, ვილაპარაკოთ დემილიტარიზაციაზე. მაგრამ მე კარგად ვისი პირადი (და არა მხოლოდ პირადი) საუბრებიდან საქართველოს ხელისუფლების, წარმომადგენლებთან - მაგალითად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი - რომ არ გამორიცხავენ სამხედრო ჩარევას. ესაა ხალხი, ვისაც შეუძლია თავისი დაქადნება შეასრულოს”.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებს ბევრი რამ განასხვავებთ. ერთი განსხვავება არის დიალოგი, რომელიც შედგა ქართულ და აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და არ შედგა ქართულ და ოსურ სამოქალაქო სექტორს შორის. ამ შეუმდგარობის მიზეზი ისიცაა, რომ ცხინვალში, პრაქტიკულად არ არის სამოქალაქო საზოგადოება და გნებავთ, საქართველოს ხელისუფლების, გნებავთ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეული ექსპერტების მიდგომათა გაზიარება შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის მკვიდრი მოქალაქეებისათვის. დიალოგის ერთადერთ მხარედ თვითაღიარებული რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელისუფლება მოსჩანს. რა რესურსი არსებობს საიმისოდ, რომ ხელისუფლების ინიციატივა, ან სამოქალაქო ჯგუფების თვალსაზრისი მიაწოდო რეგიონის მოქალაქეებს?

[ზაქარეიშვილის ხმა] “ოსები ვერ ხედავენ ცხინვალში საკუთარი თავის რეალიზაცია, არავინაა მათთვის ხმის გამცემი. ჩვენ არათუ არ ვეძებთ და არ ვქმნით საშუალებას, ვინმეს დაველაპარაკოთ მათი საზოგადოებიდან, არამედ არც ჩრდილოეთ ოსეთში არ გავდივართ. იქ უამრავი რესურსია. ჩრდილო ოსეთისთვის თბილისი ახლოსაა და მოსკოვი შორს. ცუდი ფაქტია, მაგრამ გაიხსენეთ: საქმე აწყობილი იყო სპირტის მაფიის დროს, ჩრდილოეთ ოსეთი ლამის მთლიანად მობმული იყო საქართველოზე. რატომ არ შეიძლება რაღაც ამგვარი გაკეთდეს უკვე ლეგიტიმურად? თუ ვინმეს ჰყავს რუსეთში ბიზნესმენები ბლომად, ესენი არიან ოსები. ჩვენთანაც კი, თურქმენეთის ვალს ისტუმრებს ოსი ბიზნესმენი, აგარის შაქრის ქარხნის დირექტორი. ცხინვალი იჭერს თბილისის პრაქტიკულად ყველა ტელეარხს. თამამად შემიზლია ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უფრო ნდობით ეკიდება საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე მათი მთავრობა”.

და ბოლოს, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საგაისოდ, როცა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არშევნები ჩატარდება, საქართველოს აქვს რესურსი და უნდა იმუშაოს მისთვის საურველი კანდიდატის გასაყვანად. ჯერჯერობით, ამბობს ზაქარეიშვილი, ის ამგვარ მუშაობას ვერ ამჩნევს.

[მუსიკა]
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების გეგმები მთაწმინიდის პანთეონის თანამშრომებმა ჭორის დონეზე იციან

წამყვანი:
ვარდების რევოლუციის მეორე წლისთავს მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლის გარდა განსაკუთრებულ დატვირთვას ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ლევილიდან მთაწმინიდის პანთეონში გადმოსვნება შესძენს. ხელისუფლების ეს სადღესასწაულო გეგმები ახლახანს გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის. როგორც ირკვევა ეს იდეა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. ხელისუფლების გადაწყვეტილება ტელევიზიის მეშვეობით შეიტყვეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის თანამშრომლებმა. მათ არც გადმოსვენების ზუსტი დრო იციან და რაც მთავარია ჯერ წარმოადგენაც არა აქვს სად უნდა დაკრძალონ ჩოლოყაშვილის ნეშტი, ისედაც ადგილმწირ ნეკროპოლში. მთაწმინდის პანთეონი ახლახანს ალექსანდრე ელისაშვილმა მოინახულა



[ისმის ქვების მტვრევის ხმები]

ალექსანდრე ელისაშვილი:
მთაწმინდის პანთეონისაკენ მიმავალ აღმართზე რამდენიმე დღეა ათამდე ადამიანი გამალებით მუშაობს. ისინი წლების მანძილზე დაზიანებულ ქვაფენილს აგებენ. ერთ-ერთმა მათგანმა შოთა შუკაკიძემ გაგვიმხილა, რომ სამუშაოებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით აწარმოებენ:

[გზის დამგები მუშის ხმა] “ბატონ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. ორი კვირაა რაც დავიწყეთ. რაღაც შემოთავაზებები არის ზემოთ პანთეონში, მგონი რაღაცის გაკეთება უნდათ, მაგრამ ჯერ დაზუსტებული არ არის.”

მთაწმინდის პანთეონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც დაზუსტებით არ იციან როდის და სად დაკრძალავენ საქართველოს ეროვნულ გმირს. პანთეონის მამასახლისმა ოთარ გაგუამ ჩვენთან საუბარში ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით გაკვირვება არ დამალა:

[ოთარ გაგუა ხმა] “ჭორების დონეზე ვიცით, რომ ხდება 23 ნოემრისათვის, მაგრამ 23-ში რადგან ვარდების რევოლუციის წლისთავია იმ დღეს არ მოხდება მისი გადმოსვენება და მოხდება 21-22 რიცხვში. ადგილი ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის, ჭორების დონეზე არის, მაგრამ კონკრეტული ადგილი, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქნეს დასაფლავებული ასეთი რამ არ არის.”

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების შესახებ ხელისუფლების გეგმების გავრცელებამდე მთაწმინდის პანთეონი ოფიციალურად დახურულად ითვლებოდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 1929 წელს, გრიბოედოვის გარდაცვალების ას წლისთავთან დაკავშირებით ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად გამოცხადებულ მამადავითის ეზოში ახალი საფლავებისათვის ადგილი თითქმის აღარ იყო. პანთეონის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებას ტერიტორიის გაფართოვების გეგმა არაერთხელ შესთავაზა. წინა ხელისუფლებას პანთეონებისათვის არ ეცალა, ამ საქმისთვის დღემდე ვერც ახალმა ხელისუფლებამ მოიცალა. ეს მოუცლელობა თვალშისაცემია. რკინის მოაჯირები თოკებითაა ხეებზე მიბმული, საფლავები ბევრგან დაზიანებულია, მაგალითად დიმიტრი ყიფიანის მარმარილოს ბიუსტს უკვე რამდენიმე წელია ცხვირი აქვს მოტეხილი. ოთარ გაგუამ ამ ყველაფერზე შემოგვჩივლა:

[ოთარ გაგუას ხმა] “ ეკლესიის წინა მხარეს გრუნტი დაჯდა, წინა მხარეს საძირკველი ჩაიწია. ბზარებია გაჩენილი, კედლებზე ბზარებია უამრავი. შეძლებისდაგვარად ჩვენ ამოვასეთ, მაგრამ ამოვსება მაგას არ უშველის. საფლავებია ძალიან დაზიანებული, იმიტომ, რომ ეს არის მარმარილოების შეერთებები, შეერთებებში ზამთრის პერიოდში წყლის წვეთი ჩადის, იყინება, ხდება მისი გაფართოვება და შლის ამ საფლავებს. თქვენ თვითონ ნახეთ, რომ დიმიტრი ყიფიანის ქანდაკებას ცხვირი აქვს მოტეხილი, არ მომხდარა მოტეხვა შემთხვევით, მაგრამ მოხდა ხომ და ხომ შეიძლება მისი გამოსწორება (სტილი დაცულია).”

ბატონი ოთარი იმედოვნებს, რომ ვარდების რევოლუციის მეორე წლისთავზე ხელისუფლება თავად იხილავს პანთეონის მდგომარეობას და შადრევნების გამალებული მშენებლობის შემდეგ მთაწმინდის რეკონსტრუქციისთვისაც იზრუნებს. რაც შეეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენებას პანთონის ადმინისტრაცია ამ ფაქტს სიხარულით ხვდება. წინაპრის საფრანგეთიდან გადმოსვენება ახარებს 1924 წლის აჯანყების მთავარი გმირის შვილიშვილს მეგი ყირმელაშვილსაც. მართალია ქალბატონმა მეგიმაც და მისმა ოჯახმაც ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმები ასევე ტელევიზიით შეიტყვეს, მაგრამ ისინი ამ ფაქტს მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ქაქუცა პაპას ნეშტის ლევილიდან გადმოსვენება აუცილებელია:

[მეგი ყირმელაშვიის ხმა] “ვაიმე, მაგაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს. კაცი, რომელსაც ასე უყვარდა თავისი სამშობლო და რომელმაც სიკვიდილის წინ უთხრა თავის მეგობრებს დამწვითო. ალექსანდრე იგონებს, რომ დამწვითო და მე ხომ ვიცოდიო, რომ რისთვის გვთხოვდა დაწვასო, რომ იქ მოხვედრილიყო მისი ფერფლიო. შეიძლება საერთოდ რამის თქმა (სტილი დაცულია).”

დასასრულ იმის თქმა შეიძლება, რომ სულ მალე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წარუმატებლად, მაგრამ თავდადებით მებრძოლი პოლკოვნიკის ქაიხოსრო ჩოლოყაშილის ნეშტს 75 წლის მანძილზე მეორედ გადაასვენებენ და ამჯერად მშობლიურ მიწას მიაბარებენ. სავარაუდოდ მთაწმინდის პანთეონზე არსებულ 42 საფლავს ქაქუცას გარდა ოთხი სიმბოლური საფლავიც მიემატება. საბჭოთა რეპრესიების ორგანიზატორის, იოსებ სტალინის დედის, ეკატერინე ჯუღაშვილის ქანდაკების მახლობლად გაჩნდება რეპრესიებს შეწირული ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის ცარიელი საფლავები. თუმცა იქაურობისათვის არც ესაა უცხო. როგორც ცნობილია საუკუნეზე მეტია ნეკროპოლის ერთ-ერთ კედელზე ვანო მაჩაბლის სიმბოლური საფლავის ქვაა დამაგრებული.

[მუსიკა]

თბილისური ჭიშკრები შავი ფერის არ ყოფილა. ავსტრიელი რესტავრატორები მოდერნის პერიოდის ჭიშკრების აღდგენაში გვეხმარებიან

წამყვანი:
რომელ თბილისელს არ უსეირნია სოლოლაკში, არ აუვლია მთაწმინდის აღმართები, არ გაჰყოლია აღმაშენებლის გამზირს მარჯანიშვილის მოედნიდან ან ერთი, ან მეორე მიმართულებით... ნეტავ რამდენ მათგანს შეუჩერებია მზერა რკინის მოჩუქურთმებულ ჭიშკრებზე, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ძველი თბილისური სახლების ეზოები. და სწორედ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, თბილისელები მივეჩვიეთ ამ ჭიშკრების ხილვას - ისინი არა მარტო ქალაქის სურათის, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც არის. პროექტი, რომლის შესახებ დავით კაკაბაძე გიამბობთ, ძველი თბილისური ჭიშკრების რესტავრაციას და მათთვის თავდაპირველი სახის დაბრუნებას ისახავს მიზნად.

დავით კაკაბაძე:
ჯერ ორიოდე სიტყვა პროექტის იდეის ავტორზე. ეს გახლავთ ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ლითონზე მომუშავე მოქანდაკე გოგი ოქროპირიძე. ჩვენი მსმენელისთვის ეს სახელი უცნობი არ უნდა იყოს, რადგან გოგი უკვე რამდენიმე წელია, სათავეში უდგას გაერთიანება "კულტურშმიდეს" (ქართულად - "კულტურის სამჭედლოს"), რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა.

მხოლოდ ხელოვნებით, ანუ ნამუშევრების გაყიდვით, თავისა და სამშვილიანი ოჯახის რჩენა, იოლი საქმე არ არის, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ გოგი უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს ვენის სარესტავრაციო ფირმასთან, რომელსაც სათავეში უდგას ავსტრიაში ლითონის რესტავრაციის ცნობილი სპეციალისტი ელიზაბეთ კრებსი. მშენებლობის ბუმმა, რომლის მოწმე თბილისში ერთ-ერთი სტუმრობისას გახდა, გოგის უკარნახა, იქნებ ჩემი ავსტრიული გამოცდილება ქართველებისთვისაც გამეზიარებინაო. მით უმეტეს, რომ:

გოგი ოქროპირიძე: საერთოდ, ლითონის რესტავრატორები - მე არ ვგულისხმობ არქეოლოგიას და ძალიან ძველ ნივთებს - საერთოდ არ არსებობს. ვთქვათ, ლითონის, მინის, ხის... აი, ასეთი სპეციალიზებული რესტავრაცია საერთოდ არ არის. ეს არ ისწავლებოდა საერთოდ. მჭედლები რაღაცას აკეთებდნენ, ძალიან კარგი მჭედლები არიან საქართველოში, მაგრამ რესტავრატორები არ არიან. ის ცოდნა, რაც რესტავრატორებს უნდა ჰქონდეთ, არ არის.

ვენაში დაბრუნებისთანავე გოგიმ თავისი იდეა ელიზაბეთ კრებსს გაუზიარა და რაკი მისი თანადგომაც გაინაღდა, საქმესაც შეუდგა. მალე პროექტმა კონკრეტული სახის მიღება იწყო.

გოგი ოქროპირიძე: მიზანი იყო მოდერნის, იუგენდსტილის შენობების, რომელიც თბილისში ძალიან ბევრია... მათი ლითონის ელემენტების, როგორიც არის ჭიშკრები, აივნები და ა.შ., შესწავლა მათი მდგომარეობის, რამდენადაც შესაძლებელია ასეთ მოკლე ვადაში და სანიმუშო რესტავრაციიის ჩატარება.

როგორ მოხდა სანიმუშო რესტავრაციის ობიექტის შერჩევა? ჯერ გადაიღეს ორი ათასამდე ფოტო. როგორც გოგიმ მითხრა, მარტო აღმაშენებლის გამზირზე არსებული ჭიშკრების გადაღებას ორი დღე დასჭირდა. ობიექტების ასეთი სიუხვე სრულიად მოულოდნელი გამოდგა პროექტის ხელმძღვანელისთვის, ელიზაბეთ კრებსისთვის.

ელიზაბეთ კრებსი: ჩემთვის უჩვეულო და მოულოდნელი იყო ამდენი ორიგინალური, მაღალხარისხოვანი ნიმუშის ნახვა. თანაც, თბილისში არსებობს ჭედვის თავისებური სტილი, რომელსაც ევროპაში სხვაგან ვერ შეხვდებით. ჭიშკრის გისოსები იქ მოჩუქურთმებულია. ანუ, გარდა იმისა, რომ გისოსებს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ, ჩუქურთმით რთავდნენ თავად ცალკეულ გისოსებსაც. სტილი, ერთი მხრივ, ევროპულია, მეორე მხრივ კი მასში აღმოსავლურ გავლენასაც ამოიცნობთ. ჩემი ინტერპრეტაციით, ეს აღმოსავლურისა და ევროპულის ნაზავია.

ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ელიზაბეთ კრებსმა და მისმა კოლეგებმა არჩევანი შეაჩერეს ჭიშკარზე გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში, მაგრამ მისი რესტავრაცია ვერ მოხერხდა. თავად სახლი თურმე ცუდ მდგომარეობაში იყო და როცა ჭიშკარს, საღებავის სინჯის ასაღებად, ფხეკა დაუწყეს, სახლის ბინადრები გარეთ გამოცვივდნენ - როგორც გოგი ამბობს, სავსებით სამართლიანი პრეტენზიებით: ჭერი გვექცევა, წყალი ჩამოგვდის და რა დროს ჭიშკრის რესტავრაციააო. ერთია, რომ პრეტენზიების ადრესატები რესტავრატორები არ უნდა ყოფილიყვნენ.

როგორც გოგი ოქროპირიძისგან შევიტყე, მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ჭიშკრებს არა შავად, არამედ სხვადასხვაფრად ღებავდნენ. ეს ელიზაბეთ კრებსმაც დამიდასტურა.

ელიზაბეთ კრებსი: რკინის ჭიშკრებს თბილისში თავის დროზე სხვადასხვაფრად ღებავდნენ. ზოგან ოქროსფერიც ჭარბობდა. ეს იმ დროისთვის დამახასიათებელია. აი, დღეს კი ამის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. ეს ვენაზეც ისევე ითქმის, როგორც თბილისზე. დრო რომ გავიდა, თითქმის ყველა ჭიშკარი შავად გადაიღება. ალბათ, ეგონათ, რომ ჭიშკრები თავიდანვე შავი იყო.

ავსტრიელი რესტავრატორი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

ელიზაბეთ კრებსი: თბილისში საქმე გვაქვს იმ ბედნიერ შემთხვევასთან, როცა ჭიშკრების დიდი ნაწილი, მართალია გადაღებილია, მაგრამ ორიგინალური სახით არის შენარჩუნებული. ევროპაში, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, გარვცელებული იყო ტექნიკა, რომლის მიხედვით, ხელახალი შეღებვისას, რკინას მთლიანად ასუფთავებდნენ საღებავის ქვედა შრისგან. ამიტომ ბევრმა ნიმუშმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვეღარ მოაღწია.

ასე რომ, როგორც ელიზაბეთ კრებსი აღნიშნავს, ქართველები უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ბედის წყალობით, დღემდე შემოგვჩრა. არადა, ლითონის ობიექტების რესტავრაცია ძვირი სიამოვნებაა.

გოგი ოქროპირიძე: ეს დიდი პრობლემაა ამ შენობების საერთოდ. ეს ეკუთვნის ამ მცხოვრებლებს და ძალიან ბევრი მცხოვრებია გაჭირვებული, რომელსაც რესტავრაციის ფული არასდროს არ ექნება. სახელმწიფოს ამის ფული არა აქვს. რთული სიტუაციაა ძალიან.

დავუბრუნდეთ სანიმუშო რესტავრაციის საკითხს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. საბოლოოდ სპეციალისტებმა არჩევანი შეაჩერეს ერთ-ერთი ეზოს ჭიშკარზე ბამბის რიგში. იქ მშენებლობა მიდიოდა და რესტავრატორები მშენებლობის ხელმძღვანელებს მოელაპარაკნენ. თუმცა, უკონფლიქტოდ არც აქ ჩაუვლია საქმეს. დავის საგნად ამჯერად ჭიშკრის ფერი იქცა. არადა, ფერი ასეთ შემთხვევებში საკამათო არ უნდა იყოს, რადგან ექსპერტებს ზუსტად შეუძლიათ იმის დადგენა, რა ფრად იყო შეღებილი ესა თუ ის ობიექტი თავდაპირველად.

გოგი ძალიან შეაშფოთა ერთმა ცნობამ, რომელიც რომელიღაც ტელეარხს გაუვრცელებია: თბილისში ბევრი ჭიშკარი მოოქროვილიაო. მერე გავრცელდა ხმა, თითქოს სახლების მეპატრონეები ჭიშკრებში უწინ ოქროს ინახავდნენ. მოკლედ, როგორც გოგი ამბობს, თუ ხალხს დროულად არ ავუხსენით, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, ჭიშკრებზე შეიძლება ნადირობა დაიწყოს. არის კიდევ ერთი საშიშროება:

გოგი ოქროპირიძე: მოდაში არ შემოვიდეს ეს ვითომ რესტავრაცია და ყველამ თავის ჭკუაზე რომ ღებოს და რაღაც აკეთოს. ეს საშიშროება არის, იმიტომ, რომ კონტროლი არანაირი არ არსებობს. ვიღაცამ შეიძლება თავის თავზე აიღოს, რაღაცა გააკეთოს და იფიქროს, რომ უკვე მაგარია. რადგან ბაზა არ არის და არ არის ძლიერი ძეგლთა დაცვის სამსახური, ეს ყველაფერი არის საშიში ამიტომ.

ავსტრიელი რესტავრატორი ელიზაბეთ კრებსი გოგის მოსაზრებას მთლიანად იზიარებს.

ელიზაბეთ კრებსი: ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას განემარტოს, რომ ჭიშკრები ხელოვნების ნიმუშებია და რომ რემონტისა თუ ახალმშენებლობის დროს მათი გადაგდება დაუშვებელია. მეორე მხრივ, არც იმის დაშვება შეიძლება, რომ ვისაც მოესურვება და საშუალება გაუჩნდება, საკუთარი ძალებით დაიწყოს ჭიშკრების რესტავრაცია. ეს სპეციალისტის საქმეა. ჩვენთან, ვენაში, მაგალითად, როცა შენობის რემონტს იწყებენ, ლითონის რესტავრატორებს წინასწარ აფასებინებენ ჭიშკრების მდგომარეობას და სამუშაოები მხოლოდ მათი რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებით სრულდება.

იქნებ, საქართველოშიც დადგეს დრო, როცა ახალი სახლების მშენებლობისას თუ ძველის რესტავრაციისას სპეციალისტთა რეკომენდაციებსა და მითითებებს გაითვალისწინებენ. ამის იმედს გვაძლევს გეგმა, რომლის შესახებ გოგი ოქროპირიძე გვიამბობს:

გოგი ოქროპირიძე: მე მაქვს ეგეთი გეგმა, რომ უფრო გაიზარდოს ჩარჩოები. იმიტომ, რომ ცოტა უაზრობა გამოდის ერთი მასალის რესტავრაცია, ვთქვათ, ლითონის, ამ შემთხვევაში, უზარმაზარ ან, გინდაც, პატარა შენობაზე, სადაც ყველაფერი დანარჩენი გაფუჭებულია. ესე იგი, კომპლექსურად უნდა მოხდეს. მე აქ ველაპარაკე სხვადასხვა რესტავრატორებს: ქვის რესტავრატორს, ფასადის, ხის, რომ ჯგუფი შეიკრას და ჩამოვიდეს, ვთქვათ, დიაგნოზის დასასმელად - ერთ შენობაზე ან ერთ პატარა უბანზე. და მერე არის სახსრები მოსაძებნი ევროპაში, იმიტომ, რომ საქართველოს და ქალაქის სახსრები ამას არ ეყოფა, ეგეთ დიდ პროექტებს.
[მუსიკა]

ალენ დელონი 70 წლისაა

წამყვანი:
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფრანგული კინოს ყველაზე ცნობილი და მომხიბვლელი ვარსკვლავი ალენ დელონი უკვე 70 წლისაა. შესაძლოა, ამ მსახიობის ოსტატობისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ მაგნიტიზმსა და მომხიბვლელობას, რომლის მეშვეობითაც ალენ დელონს თაყვანისმცემლები მრავალ ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოშიც მრავლად ჰყავს. ერთერთ მათგანს თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

თამარ ჩიქოვანი:
კარგად მახოვს, 60-იანი წლების ბოლოს, როცა თბილისის კინოთეატრების ეკრანზე ფილმი „შავი ტიტა“ გამოვიდა, ბილეთის ყიდვა წარმოუდგენელი იყო - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი მთავარი გმირის როლის შემსრულებლის - ალენ დელონის გამო ამ პრიმიტიული ფილმის ნახვისთვის საათობით იდგნენ რიგში. თუმცა, კინოკრიტიკოსი ლია ხოშტარია ამბობს, რომ ალენ დელონით საქართველოში რამდენიმე წლით ადრე მოიხიბლნენ, როცა ფილმი „როკო და მისი ძმები“ გამოვიდა ეკრანზე: [ ლია ხოშტარიას ხმა] „ პირველად როკო შემოვიდა ჩვენთან. და მაშინ დაიწყო სიყვარული...ყველა ატარებდა შავ სათვალეს...ისეთი ნაზი იყო, ისეთი მორიდებული...დიდი პოპულარულობა მოუტანა ფილმმა „ ორნი ქალაქში“ ჟან გაბენთან ერთად.“

მანამდე იყო „თავგადასავლის მოყვარულები“, „სამურაი“, „პოლიციელი“ . ერთი ფაქტია, ფილმში ალენ დელონის მონაწილეობა საკმარისი გახლდათ და გახლავთ, რომ ფილმს მაყურებელი ჰყოლოდა. ლია ხოშტარია ამბობს, რომ ამ მსახიობის წარმატებასა და პოპულარულობაში განსაკუთრებული წვლილი მის გარეგნობას მიუძღვის: [ ლია ხოშტარიას ხმა ] „ალენ დელონზე უფრო ლამაზი ბევრი მამაკაცი დადის საქართველოში და მსახიობიც ბევრია, მაგრამ ამ კაცს შარმი ჰქონდა ისეთი, რომ დღემდე ყველას ულაპაზეს კაცად მიაჩნია. თუმცა, მორის რონეც არ იყო მაგაზე ნაკლები. მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო - მისი მანერა, ჩაცმის თავისებური სტილი - ახლა რომ ვინმემ ჩაიცვას შავი პიჯაკი, ბოტასი და ჯინსი - იტყვიან, ნონსენსიაო. მას კი ეს უხდებოდა.“

ალენ დელონი წერდა, რომ ის რეჟისორისთვის თიხაა. რასაც უნდა, იამს გამოძერწავს რეჟისორიო. ერთიცაა - მას რეჟისორებში უმართლებდა - რენე კლემანი, ვისკონტი, ენრიკო და ა. შ. იმის გათვალისწინებით, რომ ალენ დელონს სამსახიობო განათლება არ მიუღია - გასაკვირი არ არის, მისი განსაკუთრებული ნდონა რეჟისორების მიმართ. რაც შეეხება ნიჭს - ისევ კინომცოდნეს მოვუსმინოთ: [ლია ხოშტარიას ხმა] „ დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, თამაშობდა იმას, რაც მის ხასიათში ჯდებოდა - ძირითადად მას და ბელმონდოს რა უთამაშიათ - ან ბანდიტები ან პოლიციელები. კლასიკური როლები არ ჰქონიათ, თუმცა ვისკონტიც რომ ათამაშა - არა მარტო როკო, არამედ „ლეოპარტში“ - არაჩვეულებრივი იყო.“

სხვათაშორის, როგორც ეს არაერთ ცნობილ ადამიანს გამოუცდია, ალენ დელონიც ვერ გადაურჩა მის სახელთან დაკავშირებულ ლეგენდებს. ერთერთი ასეთი ლეგენდის თანახმად, ის მეოცე საუკუნის დონჟუანია. ლია ხოშტარია ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ უარყოფს და აი, რატომ:
[ლია ხოშტარიას ხმა] „ ხშირად უწოდებდნენ დონ ჟუამნს ალენ დელონს, მაგრამ მე რომ მკითხო - არ იყო დონ ჟუანი. ალბათ, რამდენი ქალი ეტრფოდა და სინამდვილეში მას ჰყავდა ვინ - პირველი სიყვარული იყო რომი შნაიდერი და სევდიანად დამთავრდა. მოიყვანა ნატალი ბართლემი. მერე რამდენი წელი იყო მირეი დარკის მეგობარი. როცა დაშორდნენ და მირეი დარკი ავარიაში მოჰყვა - როგორ პატრონობდა! ბოლოს ჰყავდა ეს - სხვა ქალი არ ჰყოლია. და რატომღაც - დონ ჟუანიაო. არ არის ეს კაცი დონ ჟუანი!

დღეს ალენ დელონი მარტოა - მეუღლემ ის მიატოვა, რადგან მსახიობი დროს ვერ პოულობდა ოჯახისთვის. პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, მას ბიზნესში გაუმართლა - ის პარფიუმერულ ხაზს ფლობს, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კიდევ ერთი ბიზნესი - უძრავი ქონებით ვაჭრობა - ალენ დელონი, როგორც წესი, ძველებურ კოშკებს ყიდულობს და ყიდის. გატაცებულია ცხენებისა და ძაღლების მოშენებით. შემოსავალიც სოლიდური აქვს - თვეში 60 ათასი დოლარი. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჯღერდეს, საზოგადოებაში მისი გამოჩენა არ იწვევს ისეთ აჟიოტაჟს, როგორითაც პუბლიკა ვარსკვლავებს ხვდება. ამას ლია ხოშტარიაც ადასტურებს:
[ ლია ხოშტარიას ხმა] „ ერთხელ მომიყვნენ, გერმანიაში დი კაპრიო რომ ჩასულა, ჩემი ასაკის ქალებიც გაგიჟებულან...ვერც შევადარებ - ამ კაცის სიყვარული დამრჩა ბოლომდე...ხანში შესულიც მომწონს - უხდება ნაოჭები. ძალიან კარგი, რომ არ გადაიჭიმა სახე - რამდენმა მამაკაცმა გადაიჭიმა და რას გვანან...ის ნაოჭებიც უხდება. ასაკშია ადამიანი - პატარა ხომ არ არის...“

[მუსიკა: დალიდას და ალენ დელონის დუეტი]

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

[მუსიკა კინოფილმიდან “შესანიშნავი შვიდეული”]

წამყვანი:
ფილმის გადაღების დროს ის არაფრად დაგიდევდათ უსაფრთხოების ზომებს - განსაკუთრებით, თუ საქმე ავტორბოლას ეხებოდა. ამიტომაც დუბლიორი კი არა, თვით კინოვარსკვლავი უზის საჭეს მაქანაში, რომელიც ფილმში თითქმის 10 წუთი დაჰქრის სან ფრანცისკოს ქუჩებში. ეს არის ფილმი “ბულიტი”, რომლითაც მისი სიტყვაძუნწი გმირი კინოს ლეგენდად იქცა. თუმცა სტივ მაკკუინს (ლაპარაკი კი სწორედ მასზეა) საქართველოში უფრო სხვა ფილმით იცნობენ და უყვართ - “შესანიშნავი შვიდეულით”, რომელშიც ის ვინს განასახიერებს. 7 ნოემბერს 25 წელის სრულდება მსახიობის გარდაცვალებიდან...

[მუსიკა: შერილ კროუ მღერის სიმღერას “სტივ მაკკუინი”]

სტივ მაკკუინზე ეს სიმღერა ჰიტიც კი იყო - მას ამერიკელი მომღერალი შერილ კროუ ასრულებს. და ახლა კიდევ ერთ სამწუხარო წლისთავს, ისევ კინოსთან დაკავშირებულ ამბავს გამოვეხმაურებით. 2 ნოემბერს ჰოლანდიაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეჟისორი თეო ვან გოგი - კაცი, რომლის მკვლელობამაც (ეს ამსტერდამის ქუჩაში შარშან, 2 ნოემბერს მოხდა) მთელი ჰოლანდია და, შეიძლება ითქვას, მსოფლიო შეაძრწუნა. საქმე ის არის, რომ მკვლელის - როგორც მალევე დაადგინეს, წარმოშობით მაროკოელი ახალგაზრდა კაცის მოტივი - ისლამისადმი ვან გოგის კრიტიკული დამოკიდებულება იყო. მუჰამედ ბუერი, ეს სასამართლო პროცესისას გაირკვა, არ ნანობს ნამოქმედარს, რომელიც “მის რელიგიურ მრწამსს შეესატყვისება”. ბუერის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ჰოლანდიაში კი გრძელდება თეო ვან გოგის ტრაგიკული სიკვდილით გამოწვეული ცხარე დისკუსია: რას ნიშნავს ტოლერანტობა მულტიკულტურულ საზოგადოებაში, რა ადგილი აქვთ და რა მოეთხოვებათ იმიგრანტებს? ეს შეკითხვა მარტო ჰოლანდიელებს არ აწუხებს... რამდენად მწვავეა იმიგრანტების საკითხი, მაგალითად, საფრანგეთში, ბოლო დღეებში პარიზის გარეუბნებში იმიგრანტ ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებებმა გვაჩვენა.

[მუსიკა]

პოლონელმა არქეოლოგებმა, როგორც ჩანს, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს - მათ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის, ნიკოლოზ კოპერნიკის ნეშტს მიაკვლიეს. ნეშტი წელს, ზაფხულში აღმოაჩინეს გერმანიასთან საზღვრის მახლობლად, ფრომბორკის ტაძარში. ამის შემდეგ კი ვინაობის დადგენის რთული პროცესი დაიწყო. ექსპერტებმა შეძლეს თავის ქალის სახის ნაწილის აღდგენა, და ირწმუნებიან, რომ ის - კოპერნიკის სახის ნაკვთებს შეესატყვისება. თუმცა, 100-პროცენტიანი პასუხის გაცემა, დნმ-ის ანალიზის მეშვეობით, შეუძლებელია. კოპერნიკი სასულიერო პირი იყო და შვილები არ ჰყოლია. ის, რაც დატოვა არის 1543 წელს დაბეჭდილი ისტორიული მნიშვნელობის ნაშრომი - “ცის სფეროების გარემოქცევათა თაობაზე”. მასში პოლონელი მეცნიერი მსოფლიოს ჰელიოცენტრულ სისტემას წარმოგვიდგენს.

[მუსიკა: გუსტავ ჰოლსტის “პლანეტები”]

წამყვანი:
თქვენ მოისმინეთ ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია”, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის სტუდიაში ხმის რეჟისორის პულტთან მუშაობდა ლევან გვარამაძე, პრაღის სტუდიაში - იულია საიკო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG