Accessibility links

logo-print

რატომ იხდიან ნავთობის იმპორტიორები ზედმეტ გადასახადებს


ქართველ ბიზნესმენებს არაერთხელ გამოუთქვამთ პრეტენზია ერთი წლის წინ მიღებული საგადასახადო კოდექსის ხარვეზების გამო. როგორც ირკვევა, უნაკლო არც საბაჟო კოდექსია,

რაც ხშირ შემთხვევაში კურიოზულ ვითარებაში აყენებს მეწარმეებს და უკანონობისკენაც კი უბიძგებს. კერძოდ, საბაჟო კოდექსის თანახმად, ნავთობის იმპორტიორ კომპანიებს ხანდახან გადასახადების გადახდა არარსებული პროდუქციის, ანუ ”ჰაერის”, იმპორტირების გამო უწევთ. რატომ იხდიან ნავთობის იმპორტიორები ზედმეტ გადასახადებს?

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კომპანიებმა საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ კი, საბაჟო კოდექსში არსებული კაზუსი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ამ კაზუსის გამო სერიოზული ზარალი განიცადეს.

მაგალითად, კომპანია ”ევროოილის” მიერ აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილ ვაგონ-ცისტერნაში იმაზე 13 ტონით ნაკლები ბენზინი აღმოჩნდა, რაც საბაჟო სამსახურში იყო დეკლარირებული. საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით კი, იმპორტიორი წინასწარ იხდის დეკლარირებული ტვირთის შესაბამის გადასახადებს. შესაბამისად, “ევროოილმა” სახელმწიფოს ზედმეტად გადაუხადა დაახლოებით 7 ათასი ლარი, საბაჟო გადასახადისა და აქციზის სახით. თუმცა ეს სულაც არ არის ჰაერში გადახდილი გადასახადის საბოლოო მოცულობა.

[ვახტანგ კიკნაძის ხმა] ”კაი, გადაიხადა... გადაიხადა ზედმეტ ტვირთზე. მაგრამ მერე ვაიძულებთ მეწარმეს, მან ეს გაწეროს, რომელიღაცა ფირმას მოელაპარაკოს, ვითომ გადამიხადე, ვითომ არა. ეს ხომ დანაშაულია. ეს არის ფიქტიური ოპერაცია, რომელიც 2 სუბიექტს შორის მოხდა და ფაქტიურად არ მომხდარა. ეს რომ არ გააკეთოს, მოვა საგადასახადო ინსპექცია თუ ფინანსური პოლიცია.”(სტილი დაცულია)

ეს არის ვახტანგ კიკნაძე, საქნავთობტრანსის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ, თუ ნავთობის იმპორტიორმა ეს ფიქტიური ოპერაცია არ განახორციელა, მას საგადასახადო სამსახური გადასახადების დამალვას დააბრალებს. ამ გაუგებრობის დაძლევა ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის აზრით, საბაჟო კოდექსში იმ ცვლილების განხორცილების გზითაა შესაძლებელი, რომელიც საბაჟო სამსახურს რეალურად იმპორტირებული პროდუქტის განბაჟებას დაავალებს. ეს რეკომენდაცია კავშირის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ფანცულია ესწრებოდა.

[გრიგოლ ფანცულიას ხმა] ”საბაჟო ახდენს დაბეგვრას წარმოდგენილი საბუთების მიხედვით და ის შემდგომ, დანაკლისი იქნება თუ არა, განბაჟებული იქნება საბუთების მიხედვით. კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ის პოზიცია, რომ დანაკლისის საკითხი გასარკვევია კერძო მეწარმე სუბიექტებს შორის. შეუძლებელია მებაჟემ ყველა ვაგონი შეამოწმოს.”

გრიგოლ ფანცულიას ამ სიტყვებმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორების გაკვირვება გამოიწვია, რადგან თუ მებაჟე იმპორტირებულ საქონელს არ შეამოწმებს, მაშინ სავსებით შესაძლებელი ხდება, დანაკლისის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად, დიზელის ნაცვლად, გაცილებით ძვირად ღირებული ბენზინი შემოვიდეს და ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგოს.

[ისმის ხმაური}

ასეთი კამათის მიუხედავად, ჯერჯერობით ნავთობპროდუქტების იმპორტიორები და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ არარსებული პროდუქციის დაბეგვრის თავიდან აცილების მექანიზმზე. ბიზნესმენებს მხოლოდ იმას დაჰპირდნენ, რომ ახალი საბაჟო კოდექსის განხილვისას იმპორტიორთა პრობლემატიკაზე მსჯელობა გაიმართება. ახალი საბაჟო კოდექსის პროექტზე საბაჟო სამსახურის სპეციალისტებთან ერთად ევროკავშირის ექსპერტებიც მუშაობენ და მისი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა უახლოესი მომავლისთვისაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG