Accessibility links

არ არის გამორიცხული, რუსთაველის თეატრის დასის ახალი სპექტაკლი


არ არის გამორიცხული, რუსთაველის თეატრის დასის ახალი სპექტაკლი,

გრძელზე გრძელი სათაურით “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი”, 2005 წლის კულტურული ცხოვრების ყველაზე სკანდალური მოვლენა გახდეს. მოსალოდნელი სკანდალის შესახებ ჯერ კიდევ შემოდგომაზე ლაპარაკობდნენ – თბილისში ხმა დაირხა, რობერტ სტურუამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სპექტაკლი დადგა და 23 ნოემბერს აჩვენებსო. “ვარდების რევოლუციის” დღეს ლაშა ბუღაძის პიესის ნაწარმოების მიხედვით დადგმული წარმოდგენა რეპერტუარში არ ჩართეს – პრემიერა სულ რამდენიმე დღით გადადეს. და არა იმიტომ, რომ “ჯარისკაცის...” გენერალურ რეპეტიციას დაესწრო ცენზორი-რევიზორი, როგორც ეს 70-იან წლებში ხდებოდა ხოლმე და რუსთაველის თეატრის შემოქმედებით პროცესში ჩაერია. უბრალოდ, სტურუა არ არის სწორხაზოვანი რეჟისორი და, საეჭვოა, ასეთ აქციაზე დათანხმებულიყო... მას ეზოპეს ენა უყვარდა ყოველთვის – კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ სპექტაკლებს დგამდა, მაგრამ ხან პოლიკარპე კაკაბაძის ტექსტს ეყრდნობოდა, ხან ბრეხტისას, ხანაც შექსპირისას... დროდადრო იძულებული იყო თანამედროვე ქართველი დრამატურგის პიესა დაედგა, მაგრამ ამ შემთხვევაში იშვიათად აღწევდა წარმატებას.

რეპერტუარის გამდიდრების თუ “თანამედროვეობასთან დაახლოების” მიზნით, რობერტ სტურუამ ამჯერადაც ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლაშა ბუღაძის, შემოქმედებას მიმართა. ლაშას ახალი წიგნის შეძენა ახლად გარემონტებული რუსთაველის თეატრის ფოიეში შეგიძლიათ. ამ წიგნში, ბუღაძის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, “ჯარისკაცი და პრეზიდენტის” სკეჩიც შევიდა... სტურუას სპექტაკლის შეფასებას თუ მოინდომებთ, სასურველია, რომ ეს ნაწარმოები გადაიკითხოთ, რადგან წარმოდგენის დასრულების შემდეგ უამრავმა ადამიანმა მითხრა, სპექტაკლი სწორხაზოვანია, რადგან დრამატურგიაა ასეთიო - რათ უნდოდა ეს ბუღაძეო, ისევ შექსპირი ან ბრეხტი დაედგაო...

სხვათა შორის, რობერტ სტურუასაც შეუძლია გაიმართლოს ასე თავი იმ ხალხის წინაშე, ვისაც ბუღაძის წიგნი წაკითხული არა აქვს, ან ახალგაზრდა მსახიობებს დააბრალოს. წარმოდგენის დაწყებამდე ხომ მაესტრომ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა: სცენაზე გამოვიდა და გაგვახსენა, რომ სპექტაკლში დებიუტანტებს ვიხილავთ; ამიტომ გვთხოვა, ზედმეტად კრიტიკულები ნუ ვიქნებით წარმოდგენის მიმართ. მერე კი კითხვაც კი დაუსვა დარბაზს:


[რობერტ სტურუას ხმა] “სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო ერთ აქტად, მაგრამ გუშინ გვინდოდა ინტერაქტიული გამოკითხვა მოგვეწყო და გავყავით ორ აქტად... თქვენ როგორ გინდათ, ერთ აქტად თუ ორ აქტად?”
[ხმა დარბაზში] “ორ აქტად.”
[რობერტ სტურუა] “კი ბატონო, ორ აქტად იყოს.”

ვერ გეტყვით, რაში სჭირდებოდა სტურუას ეს ინტერაქტიული გამოკითხვა, ანდა როგორ უნდა ეკითხა – ანტრაქტში გამოსულიყო ახლად აღდგენილ “ქიმერიონში” და გამოკითხვა ჩაეტარებინა? თანაც, რას ეტყოდა მაყურებელი პირველი აქტის - “ჯარისკაცი და სიყვარულის” - დასრულების შემდეგ, რატომ არ დავუკარი ტაში, რატომ არ ვიყვირე “ბრავო”, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი თქვენს პრემიერებზეო? შეიძლება ეკითხა მხოლოდ, რატომაა აქ ამდენი მუსიკა – ნუთუ მხოლოდ სიცარიელის შესავსებად? ანდა საიდან გაჩნდა, აი, ასეთი სწორხაზოვნება სტურუას შემოქმედებაში?

[სპექტაკლის ხმა. ჰიმნი]

მოსალოდნელი იყო, რომ პირველი აქტის შემდეგ ისედაც ნახევრად ცარიელი დარბაზი სულ დაიცლებოდა (ნახევრად ცარიელი დარბაზი – სტურუას სპექტაკლის პრემიერაზე – თავისთავად ფანტასტიკას ჰგავს. სპექტაკლის დაწყებამდე იმ მაყურებელს, ვისაც იარუსებზე გვქონდა ადგილები, პარტერში ჩასვლა შესთავაზეს), მაგრამ პუბლიკა მოუთმენლად ელოდა სკანდალურ სკეჩს, რომლის ფრაგმენტი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე “რუსთავი 2”-ის ეთერში უჩვენეს: პრეზიდენტი თავის მეუღლეს სთხოვს, ორალურ სექსს მივმართოთო. ცოლი იწყებს, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდება დაცვის ბიჭი, სახელად ენრიკო - შეეშინდება, პრეზიდენტს არ ატკინონო და კლავს ქალს. ეს ენრიკო, საერთოდ, დიდი უცნაური მოვლენაა – ჯერ კბილის ექიმი მოუკლა პრეზიდენტს (არ ატკინოსო), მერე ცოლი, სახელად მალენა, ბოლოს ყველა დახოცა, რადგან ეჩვენებოდა, რომ პრეზიდენტს შეთქმულებას უწყობდნენ. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებში აქცენტი სწორედ დაცვის ბიჭსა და პრეზიდენტის გარემოცვაზე, საერთოდ, ხალხზე კეთდება – კერპთაყვანისმცემლობა ამ ქვეყნის მოურჩენელი ჭირის სახითაა წარმოდგენილი. მაგრამ რუსთაველის თეატრის სპექტაკლში აბსოლუტურად სხვა მხარეა გამძაფრებული – ესაა ინფანტილური პრეზიდენტი, რომლის კარიკატურული სახე დღეს არავის გააკვირვებს. ასეთ პერსონაჟს კვირაში ერთხელ მაინც იხილავთ “დარდუბალას” ახალ ვერსიაში... და ვინ წარმოიდგენდა აბა, რომ “დარდუბალას” მთლად რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიხილავდით.

რობერტ სტურუა, მოგეხსენებათ, დიდი პატივით სარგებლობს მოსკოვში. მისი ზოგიერთი სპექტაკლი თბილისელებს მაინცდამაინც არ მოსწონებიათ, მაგრამ რუსები აღფრთოვანებულან. ვფიქრობ, ასევე მოხდება “ჯარისკაცი და პრეზიდენტის” შემთხვევაშიც. ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ოვაციებს მოუწყობენ რეჟისორს მოსკოვში იმ სცენაზე, როცა იბომბება პრეზიდენტის რეზიდენცია (პრეზიდენტს ამ დროს კბილს უღებენ), მაგრამ ტელეფონის ზარი გაისმის და ომი მთავრდება. ამ დროს მუსიკა ირთვება და გასაგები ხდება, ვინ მისცა პრეზიდენტს გარანტია.


[სპექტაკლის ხმა.სასახლეს ბომბავენ]

[სპექტაკლის ხმა. “ამერიკა”]

ამ სიმღერის გაგონებაზე, ზოგიერთ მაყურებელს შეიძლება საბჭოთა ეპოქის ანტიამერიკული ფილმები გაახსენდეს: უჩვენებდნენ ხოლმე ამერიკის სინამდვილის ამსახველ კადრებს და ფონად პატრიოტულ სიმღერას, ”ამერიკას”, ადებდნენ – ვითომც კონტრაპუნქტის შექმნის მიზნით... მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო – დღეს ასეთმა კონტრაპუნქტმა შეიძლება მოსკოველი თეატრალები გაახაროს მხოლოდ. ნახავენ ამ სცენას და იტყვიან “ნაშ რობიკ”.

[სპექტაკლის ხმა] “ეს ხუმრობა იყო, ციური ხუმრობა”...(ტაში)

ეს წარმოდგენის ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზაა. თუკი სპექტაკლის დასაწყისში რეჟისორმა გვთხოვა, ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით, დებიუტანტები თამაშობენო, სპექტაკლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც სცენა გვამებით გაივსება (ბოლო დროს რობერტ სტურუა ხშირად მიმართავს ასეთ სცენას თავის სპექტაკლებში), მაყურებლისკენ მოემართება გაცოცხლებული თუ გადარჩენილი გმირი – ბატონი ვახტანგი (იგი, ალბათ, უშიშროების საბჭოს წევრია) და თითქოს ბოდიშს გვიხდის – გვარწმუნებს, რომ იხუმრეს... უფრო სწორად, შესაძლო ცენზორ-რევიზორს მიმართავს... ან, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტს, რომლის კარიკატურა ვიხილეთ რუსთაველელთა ახალ დადგმაში.

მაგრამ წარმოდგენა ამით არ მთავრდება – სცენაზე ვალიკო ჩნდება, პირველი მოქმედების გმირი, ანუ ჯარისკაცი, ჩვილით... მაყურებელთან ახლოს მოდის და პირჯვარს იწერს. ეს პათეტიკა უკვე აღარ არის მსუბუქი, არც კარიკატურაა. ასეთი ფინალი სტურუას “ოპტიმისტური ტრაგედიის” დასაგვირგვინებლად სჭირდება იმისათვის, რომ დარბაზში ვიღაცამ მაინც იყვიროს “ბრავო” და წარმოდგენის დასრულების შემდეგ ჩატარებული “ინტერაქტიური გამოკითხვის” შედეგებმა დაარწმუნის სპექტაკლის ავტორები, რომ “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი” რუსთაველის თეატრის წარმატებული და, თანაც, სკანდალური პროექტია.
XS
SM
MD
LG