Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა


12 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა ლეიბორისტული პარტიის

მიერ შეტანილი N322 სარჩელი, პირობითი სახელწოდებით: აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ. მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვდა 2005 წლის 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული N43-ე ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობას. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული ნორმა ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, ვინაიდან მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებული მოსამსახურეებისთვის.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდასაჭერად საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შეკრებილ ადამიანებს მეორე კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხსენებელმა მოსამართლემ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა გააცნო:

[ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ხმა] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ადგენს: არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43-ე ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ...“

მომხსენებელმა მოსამართლემ გადაწყვეტილების წაკითხვას 20 წუთზე მეტი მოანდომა. იმის გამო, რომ არ მუშაობდა მიკროფონი, ხოლო მოსამართლეს ასაკის გამო ხმამაღლა ლაპარაკი უჭირდა, დარბაზში შეკრებილი საზოგადოების რეაქციამ აშკარად დაიგვიანა. მოსარჩელის მხარდამჭერებს ისღა დარჩენოდათ, გულისტკივილი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.:

[მამაკაცის ხმა] „აი, ხომ ნახეთ, როგორ წყვეტს და იხილავს...“

[მამაკაცის ხმა] „მოსამართლე არაფერს წყვეტს. მოსამართლეს ვინ კითხავს - რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს...“

[მამაკაცის ხმა] „ საქართველოში არ არის საჭირო საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ ამათ შიში აქვთ. სხვანაირად რომ გააკეთონ რამე, გაყრიან აქედან.“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა სარჩელის ერთ-ერთი ავტორი და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი გუგავა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტს ერთიანი საარსებო მინიმუმის დადგენას კონსტიტუცია და შრომის კანონთა კოდექსი ავალდებულებს.

[გიორგი გუგავას ხმა] „პრეზიდენი ვალდებულია დააწესოს ერთიანი საარსებო მინიმუმი, რომლის შესაბამისი უნდა იყოს ხელფასი, პენსია, უმუშევრობის კომპენსაცია, რაც დღემდე არ ხორციელდება. ჩვენი მოთხოვნა იყო სრულიად კონსტიტუციური და დასაბუთებული იურიდიულად, მაგრამ როდესაც დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ მიმართა პარლამენტს, მოითხოვა საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ შემადგენლობის გაყრა.“

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ადვოკატი ვლადიმერ ქარქაშაძე იცავდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2005 წლის 24 იანვარს გამოცემული N43-ე ბრძანებულება სრულ ჰარმონიაშია საქართველოს კონსტიტუციასთან:

[ვლადიმერ ქარქაშაძის ხმა] „გაცილებით მეტი სახელფასო სარგოებია სხვა სამსახურებშიც, იგივე საკონსტიტუციო თუ საერთო სასამართლოებში. არის 300, 400 და მეტი ლარი... აქ უსამართლო ანაზღაურებასთან ერთმნიშვნელოვნად არ გვაქვს საქმე. ვთვლით, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს და გთხოვთ უარი უთხრათ.“

საკონსტიტუციო სასამართლომ, მართლაც, არ დააკმაყოფილა ლეიბორისტების სასარჩელო მოთხოვნა, რადგან, მომხსენებელი მოსამართლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას განსაზღვროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი. ამგვარი განმარტების მიუხედავად, ლეიბორისტები და მათი მხარდამჭერები ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებენ.

[ქალბატონის ხმა] „უნდა ვიბრძოლო სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე, რათა რაღაცას მივაღწიოთ. არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ძალიან გაგვიჭირდა.“

თუმცა, მომხსენებელი მოსამართლის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაშია სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG