Accessibility links

logo-print

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამომცემლობა ''სამშობლოს'' შენობას ყიდის


საქართველოში პრივატიზების პროცესი 1992 წელს დაიწყო და უკანასკნელი 13-14 წლის განმავლობაში უკვე პრივატიზებულია 15 ათასამდე საწარმო,

თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაში რჩება უძრავ-მოძრავი ქონების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. ხელისუფლება არ მალავს, რომ აპირებს დარჩენილი ობიექტების დაჩქარებული ტემპით განკერძოებას. როგორც ჩანს, პრივატიზების პროცესი გვერდს ვერ აუვლის კოსტავას 14-ში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობას, რომელშიც, ტელეკომპანია „კავკასიის“ გარდა, რამდენიმე ათეული ბეჭდვითი ორგანოა განთავსებული. შენობის შესაძლო გაყიდვის ცნობამ საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება მზაკვრულად მოქმედებს და ურჩ ჟურნალისტებს ქუჩაში გაყრით ემუქრება. რა ხდება სინამდვილეში?

გამომცემლობა „სამშობლოს“ თანამშრომლებმა ცნობა შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ორიოდე კვირის წინ, 13 დეკემბერს, მიიღეს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტომ „სამშობლოს“ დირექციას წერილობით შეატყობინა, რომ აუქციონზე გასაყიდად გააქვთ კოსტავას 14-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 21 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებამ შენობაში განთავსებული საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღაშფოთა. ტელეკომპანია „კავკასიის“ პროგრამების დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ეჭვობს, რომ პრივატიზების ეს ფორმა, ანუ აუქციონი, ჟურნალიტების გასაჩუმებლად შეირჩა:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] “მოგვცენ საშუალება, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით შევიძინოთ ეს შენობა. თუ „ტელეკომი“ გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით, თუ სანაოსნო გაიყიდა, რატომ იყიდება ეს შენობა 20 მილიონად და, თანაც, აუქციონზე? ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ არავინ გადაიხდის 20 მილიონს; უბრალოდ, ჩვენ ყველას გაგვაჩუმებენ, ჩაგვაქნევინებენ ხელს; რომელიღაც ბიზნესჯგუფი გადაიხდის, „ბე“-ს სახით, 2 ან 3 მილიონს, დანარჩენს გაუწერენ გაურკვეველი ვადით და მერე კაციშვილი ვერ გაიგებს, გადაიხდის თუ არა. თუ იყიდება ეს შენობა, მოგვყიდონ ჩვენ, მასმედიას.“

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი გურამ გოგიაშვილიც დარწმუნებულია, რომ გამომცემლობა „სამშობლო“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უნდა ეკუთვნოდეს. ბატონ გურამის თქმით, გაზეთების თანამშრომლებმა შენობის საფასური ჯერ კიდევ წლების წინ გადაიხადეს:

[გურამ გოგიაშვილის ხმა] „საქართველოს რესპუბლიკის“ ფულით არის ეს შენობა აშენებული. 15 მილიონამდე ადიოდა მოგება წინა წლებში. 1918 წლიდან არის ეს გაზეთი. სხვა ბევრი რედაქციაც არის აქ. „თბილისია“, „სოფლის ცხოვრებაა“, სხვა ახალი გაზეთებიც არის, მაგალითად, „ასავალ-დასავალი“... „დილა“ რამდენი წელია გამოდის... რა ვიცი, უამრავი რედაქციაა კიდევ.“

„სამშობლოს“ შენობაში, მართლაც, ბევრი რედაქციაა განთავსებული, თუმცა, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე ამბობს, მათი საქმიანობიდან ქვეყნის ბიუჯეტი ხეირს ვერ ნახულობს. „სამშობლოს“ შენობა კი, მისივე თქმით, იმას დარჩება, ვინც მეტ თანხას გადაიხდის:

[ილია გოცირიძის ხმა] „ქარხნებია 100 და 50 ათას დოლარად გაყიდული. დღეს საქართველოში ასეთი რაღაც აღარ მოხდება. თუნდაც ამის მაგალითია ის, რომ 2005 წელს 380 მილიონი ლარია ბიუჯეტში შესული. აუქციონი კი იმას ნიშნავს, რომ ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ თანხას გადაიხდის. საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარია. თუ მათ აქვთ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა და, გამარჯვების შემთხვევაში, დააფიქსირონ შენობის ფასი. პირდაპირი მიყიდვით რა შეიცვლება?“

ერთი სიტყვით, ილია გოცირიძე ამბობს, რომ სამინისტრო პრივატიზების ყველაზე შემოსავლიან ფორმაზე, ანუ აუქციონზე, უარს არ იტყვის. თუმცა უკან დახევას არც „სამშობლოს“ შენობაში მომუშავე ადამიანები აპირებენ. ზოგიერთ მათგანს პრეზიდენტის გულისხმიერების იმედიც კი აქვს.

[გურამ გოგიაშვილის ხმა] „ეს არ მგონია, რომ მიხეილ სააკავშილმა იცოდეს, იმიტომ რომ თვითონ ნამუშევარია ამ შენობაში. აფხაზეთის ომის დროს გაზეთ „შანსში“ მუშაობდა რედაქტორად ერთი კვირით. იცნობს ამ შენობას, იცის რა შენობაა, რამდენი ხალხია და რა მდგომარეობაა.“

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 20 მილიონ დოლარად შეფასებულ შენობაზე აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, ხოლო ვაჭრობა ორი თვის თავზე, სავარაუდოდ, 2006 წლის 3 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG