Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის სტიქიური უბედურებები


დედამიწაზე სულ უფრო თბება, მაგრამ ტემპერატურის მატება სასიამოვნო ამინდებს როდი მოასწავებს. და ეს 2005 წელს მთელი სიცხადით გამოჩნდა

- გამოჩნდა სტიქიური უბედურებების უჩვეულო გახშირებით, რასაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიზეზი - აცხადებენ ექსპერტები - არის კლიმატური ცვლილებები, რომლებიც კარგს არაფერს მოასწავებს: მოსალოდნელია წყალდიდობების, ქარიშხლების გახშირება... თუმცა, მიმავალი წლის უმძიმესი სტიქიური უბედურება მიწისძვრამ გამოიწვია: მიწისქვეშა ბიძგებმა, რომლებმაც 8 ოქტომბერს შეარყია პაკისტანსა და ინდოეთში მდებარე მაღალმთიანი რეგიონი ქაშმირი, და ათიათასობით ადამიანი მოკლა. ამ ტრაგიკული მოვლენით ვიწყებთ დღევანდელ მიმოხილვას - ის 2005 წელს, მსოფლიოში სტიქიით გამოწვეულ უდიდეს კატასტროფებს და მათში გადარჩენილებს ეთმობა.

75 წლის მოჰამად იბრაჰიმი შინ იყო, პაკისტანის სოფელ რიიამში საკუთარ სახლთან, სკამზე ჩამომჯდარიყო, როცა იგრძნო, რომ მიწა ირყევა:

[მოჰამად იბრაჰიმის ხმა] “დილის ათის ნახევარი იყო - მიწა ისე ირყეოდა, რომ სკამიდან ჩამოვვარდი. რომ ავდექი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლი დანგრეულიყო - სხვა სახლებიც დაინგრა. შვილების ძებნა დავიწყე - აღმოჩნდა, რომ ორი ქალიშვილი, და ერთი შვილიშვილი დამეღუპა.”

მოგვიანებით გაირკვა, რომ იბრაჰიმს 25 ახლობელი დაუკარგავს ...

[მოჰამად იბრაჰიმის ხმა] “ოთხი დღე საჭმელი არ გვქონდა. ნანგრევებიდან მიცვალებულები ამოგვყავდა და ვასაფლავებდით, მათთვის ვლოცულობდით. სამი დღე მარტო ეს ვაკეთეთ. მერე კი აქეთ-იქითაც რომ გავიხედე, აღმოვაჩინე, რომ ბალაკოტში ყველა სახლი დანგრეულიყო.”

ქალაქი ბალაკოტი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად მდებარეობს, მართლაც მთლიანად დაინგრა. მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყრებმა კი ისე ჩახერგა გზები, რომ დიდხანს ჭირდა მაშველების ჩასვლა ბალაკოტის მეზობელ მაღალმთიან სოფლებში. მათ მკვიდრთ ისღა დარჩენოდათ, თავად ეცადათ დაბლობამდე ჩაღწევა, თავშესაფრისა და სამედიცინო დახმარების საძიებლად. სხვათა შორის, მათ შორის იყო ჩვენი ნაცნობი იბრაჰიმიც. მან ასაკისა და მიწისძვრისას მიღებული ჭრილობების მიუხედავად ქალაქ შინკიარამდე ჩააღწია.

[მოჰამად იბრაჰიმის ხმა] “ჩვენი თავშესაფარი ჩიტის გალიასავით პატარაა, არც საჭმელი გვაქვს საკმარისი. მაგრამ, ღვთის წყალობით, გვყოფნის. მოგვცეს საბნები და სხვა აუცილებელი ნივთები. ღამით ძალიან ცივა, მაგრამ ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ. პრობლემა ის არის, რომ საკმარისი საჭმელი არ გვაქვს. მთავრობისაგან საკმარის დახმარებას არ ვიღებთ.”

იბრაჰიმი მაინც მადლობელია დახმარებისთვის, რომელსაც მას, მის ახლობლებს უწევენ პაკისტანის მთავრობა და უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

გულისხმიერ ადამიანებს მადლიერებით იხსენებენ შეერთებულ შტატებშიც, სადაც გრიგალმა “კატრინამ” ათიათასობით ადამიანი დააზარალა, ფაქტობრივად წყალში ჩაძირა ლუიზიანის შტატის ყველაზე ცნობილი ქალაქი ახალი ორლეანი - ჯაზის სამშობლო. 53 წლის ახალორლეანელი ჰეტი ბრიტონი იხსენებს, რომ არ იცოდა, რამდენად ძლიერი გრიგალი ემუქრებოდა ქალაქს. მოსახლეობა ქარიშხლების გამო უწინაც ბევრჯერ გაეფრთხილებინათ, ამიტომ ჰეტი ბრიტონი მაინცდამაინც სერიოზულად არ მოჰკიდებია ოფიციალური უწყებების მიერ ატეხილ განგაშს.

კვირას, 28 აგვისტოს, როცა ქარიშხალმა ახალ ორლეანამდე ჩააღწია, ჰეტი ბრიტონი ეკლესიაში იყო.

[ჰეტი ბრიტონის ხმა] “მაშინაც კი ვერ გავაცნობიერე საფრთხე, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდებოდა. იმ დღეს ადრე ავდექი და ეკლესიაში წავედი. კვირას ჯერ 7 საათზე იწყება ღვთისმსახურება, მერე - 11 საათზე. ავდექი და 7-საათიანზე მივედი. საუცხოო ამინდი იდგა, ეკლესიიდან შინ დავბრუნდი, მერე კი ისევ გარეთ გავედი - სახლისთვის რაღაც უნდა მეყიდა. მაგრამ ყველაფერი დახურული დამხვდა, ბენზინით გასამართი სადგურები, სურსათის მაღაზიები."

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ლუიზიანის შტატს გრიგალი დაატყდა, პონტშარტრენის ტბის ჯებირებმა წყალი ვეღარ შეაკავა - და შედეგად, ახალი ორლეანის დატბორვას წინ ვეღარაფერი აღუდგა. ჰეტი ბრიტონი სწორედ იმ უბანში ცხოვრობს, რომელიც ერთ-ერთი პირველი “ჩაიძირა”.

[ჰეტი ბრიტონის ხმა] “პირველ სართულზე რომ ჩავედი, ვხედავ, წყალი, ასე 50 სანტიმეტრზე დგას. ნივთების ალაგება დავიწყე და ვხედავ, გარდერობი, რომელშიც ეკლესიისათვის სამოსელსა და ზამთრის ტანსაცმელს ვინახავ, წყალმა გადააყირავა, იმდენად ძლიერი ტალღა მოვარდა. არ მეგონა, რომ წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებდა და რაღაც ნივთები ავეჯზე შემოვალაგე. ვერაფერს მივაღწიე: წყლის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი ძირს ჩამოყარა.”

წყლის დონემ ჰეტი ბრიტონის სახლში, საბოლოოდ, თითქმის ორი მეტრით მოიმატა: თვით ჰეტი სამი დღე იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს - უდენოდ, მაგრამ საკმარისი სასმელი წყლით და სურსათით გამოკეტილი საკუთარ სახლში, ვიდრე სამხედრო მაშველები დაეხმარებოდნენ. მომდევნო ორი თვე ჰეტი ბრიტონმა სხვადასხვა თავშესაფარში დაჰყო.

[ჰეტი ბრიტონის ხმა] “მთელი ამ არეულობის მიუხედავად არაფერი მომსვლია, საჭმელი არ დამკლებია. იცით, ბევრ რამეს მივხვდი - იმდენი თანაგრძნობა და დახმარება ვნახე... ზოგჯერ ვიღლებით, ადამიანებზე ხელს ჩავიქნევთ ხოლმე, არ გვინდა სხვებს დავეხმაროთ. არადა ხალხი, რომელიც საერთოდ არ გვიცნობდა - თავზე გადაგვყვა.”

თვეზე მეტია, ჰეტი ბრიტონი ლუიზიანის დედაქალაქში, ბატონ რუჟში ცხოვრობს და მუშაობს. მისი სახლის რემონტზე კი შეერთებული შტატების საგანგებო მდგომარეობათა უწყება ზრუნავს, რათა ჰეტიმ მომავალი წლის დასაწყისშივე შეძლოს შინ, ახალ ორლეანში დაბრუნება.

მას ამ მხრივ მაინც გაუმართლა. აი, პაკისტანში კი, მოჰამად იბრაჰიმი კიდევ დიდხანს ვერ ნახავს მშობლიურ სოფელს: არავინ იცის, საერთოდ აღადგენენ თუ არა სახლებს პაკისტანის მაღალმთიან რეგიონში, რომელშიც მიმავალ წელს, 8 ოქტომბერს მომხდარმა მიწისძვრამ 73 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG