Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საფუძვლიანია ზოგიერთი ქართული ტელეკომპანიის მფლობელთა შეცვლის ვერსია


პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია ,,202”-ის დამფუძნებლების - გამოძალვის ბრალდებით გასულ აგვისტოში დაკავებული - შალვა რამიშვილისა და დავით

კოხრეიძის საქმის არსებით განხილვას იწყებს. თავისუფლების სანაცვლოდ მათთვის ტელეკომპანიის დათმობის შეთავაზების ფაქტს ,,202”-ის წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ არსებულ ზეწოლას კონკრეტული მიზნები აქვს.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია

,,202”-ის - და არა მხოლოდ მის - შეძენაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ,,რუსთავი 2”-ის ყოფილი ხელმძღვანელები ფიქრობენ. მინდა ინფორმაციის წყაროსა და საფუძვლიანობაზე მოგითხროთ.

,,ზაზა შენგელია და ეროსი კიწმარიშვილი ,,202”-ის ყიდვას ცდილობენ” - ამ სათაურით გაზეთმა ,,რეზონანსმა” სამშაბათს პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ხელისუფლების მხრიდან ,,202”-ის საწინააღმდეგო შეტევის გაძლიერებაზე საუბრისას ირაკლი კაკაბაძე ეჭვობს, რომ ტელეკომპანიის შეძენა პირადად საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ,,რუსთავი 2”-ის ყოფილ ხელმძღვანელებს სურდეთ, თუმცა დასძენს, რომ მათ გამოყენებას ხელისუფლება ცდილობს:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ,,ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, თუმცა შეიძლება სინამდვილობის ძალიან დიდი პროცენტი არსებობდეს, რადგანაც ხელისუფლების ინტერესებში ეს შედის.” (სტილი დაცულია)

ეროსი კიწმარიშვილისა და ზაზა შენგელიას განზრახვის ვერსია სამშაბათს პირველად შეიტყო ტელეკომპანია ,,202”-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა კოხრეიძემ. ის ამბობს, რომ სამაუწყებლო სიხშირის მფლობელებთან ,,202”-ის ურთიერთობა ჯერჯერობით არ შეცვლილა. გოგა კოხრეიძე არ ადასტურებს არც ვერსიას იმის თაობაზე, თითქოს მისი ძმის დავით კოხრეიძისა და შალვა რამიშვილისათვის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობა შეეთავაზებინოთ:

[გოგა კოხრეიძის ხმა] ,,პირდაპირი წინადადებები ესეთი არ ყოფილა, შემიძლია დავადასტურო ეს მთელი პასუხისმგებლობით. უბრალოდ, განვითარებული მოვლენები, როდესაც ხედავთ, რომ არაფრის გულისთვის ადამიანებს აწამებენ, ციხეში უქმნიან არაადამიანურ პირობებს, ამის მიზეზი, ალბათ, რაღაც არის.” (სტილი დაცულია)

რა არის კონკრეტული მიზანი - ,,202”-ის დამორჩილება თუ ტელეკომპანიისთვის მფლობელის შეცვლა, ეს გოგა კოხრეიძისთვის უცნობია.

საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ,,რუსთავი 2”-ის ყოფილი ხელმძღვანელების მეშვეობით, ,,202”-ის გარდა, ტელეკომპანია ,,კავკასიისთვისაც” მფლობელის შეცვლის ვერსია სამშაბათს პირველად პრესით შეიტყო ამ არხის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმაც:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] ,,ჩვენი ტელევიზიის შეძენის არანაირი შანსი ზაზა შენგელიას და ეროსი კიწმარიშვილს არა აქვთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მათ რა სურვილი აქვთ, არ მაინტერესებს.” (სტილი დაცულია)

ამგვარი განზრახვის არსებობას უარყოფენ როგორც ეროსი კიწმარიშვილის, ასევე ზაზა შენგელიას გარემოცვაში, ისევე როგორც ხელისუფლებაში - მასმედიის საშუალებებზე ზეწოლის ფაქტებს. თავის მხრივ, ,,202”-ის საწინააღმდეგო შეტევის მოსალოდნელ გაძლიერებაზე საუბრობს ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ხუთშაბათიდან ამ არხზე ჯანრი კაშიასთან ერთად ახალ სატელევიზიო პროგრამას იწყებს. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ,,202”-ის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რის გამოც ის ზეწოლის ყველა საშუალებას გამოიყენებს:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ,,სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა,

202-ის ფინანსური მდგომარეობა ძალიან სუსტია. დღესდღეობითაც კი, პრაქტიკულად, უხელფასოდ მუშაობს ყველა თანამშრომელი, რეალურად შემოსავალი ძალიან პატარაა და ამიტომაც ხელისუფლებას ამ მხრივ ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, რომ ფინანსური ბერკეტებიც აამოძრაოს, გარდა სუფთა პოლიტიკური ზეწოლის ხერხებისა.” (სტილი დაცულია)

,,202”-ის ხელმძღვანელთა განმარტებით, ტელეკომპანია პოზიციის დათმობას არ აპირებს. თუმცა გოგა კოხრეიძე იმასაც ამბობს, რომ არხი, რომელიც ფინანსური მოგების გარეშე მუშაობს, მხოლოდ საზოგადოების სურვილისა და მხარდაჭერის შემთხვევაში იარსებებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG