Accessibility links

logo-print

რუსეთის ''ენერგეტიკული იმპერიალიზმი''


საქართველოსთვის რუსეთის გაზის მიწოდების შეწყვეტა, მანამდე კი უკრაინისთვის ეგრეთწოდებული "გაზის ომის" გამოცხადება

კიდევ ერთხელ აჩენს შეკითხვას: რამდენად არის რუსეთი მზად და მოსურნე პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს ენერგომატარებლების ექსპორტი. მასმედიამ რუსეთის ახალი პოლიტიკა "ენერგეტიკულ იმპეტრიალიზმადაც" კი მონათლა.

კრემლის მიერ ახლახან გამოცხადებული ენერგეტიკული პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის გააქტიურებას მთელი რიგი მიმართულებებით.

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ე.წ.-ლი "ძველი ევროპის" ქვეყნები ენერგომატარებლებს მიიღებენ ახალი მილსადენებით, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების გვერდის ავლით.

ნავთობისა და გაზის ექსპორტი გააქტიურდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის მიმართულებით. საამისოდ განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა.

ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონები.

სწრაფად უნდა განვითარდეს ბირთვული ენერგეტიკის სექტორი ჩინეთის, ინდოეთის, კორეის, ირანისა და ინდონეზიის ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად.

ენერგეტიკული იმპერიალიზმის სტრატეგიის თანახმად, რუსეთის თავის ჭარბ ენერგორესურსებს მოიხმარს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გასაფართოებლად. მისი მიზანია ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და ამ გზით პოლიტიკური ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება.

ახალი სტრატეგია პირველად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადდა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე 22 დეკემბერს.

"ენერგია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ძალაა. იგი ყოველთვის ხანგძლივი პერსპექტივისა იყო და იქნება," თქვა პუტინმა საინტერნეტო გამოცემა kremlin.ru-ს თანახმად.

პუტინის თქმით, დღეისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ენერგომატარებლების ექსპორტის გაზრდა. რუსეთს სხვა არჩევანი არა აქვს ლიდერობის აღსადგენად. "ჩვენი კეთილდღეობა დღეს და მომავალში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ადგილს დავიმკვიდრებთ ენერგიის სფეროში მსოფლიო კონკურენციაში."

გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომმა მედიამ და ექსპერტებმა ხოტბა შეასხეს ახალ სტრატეგიულ ხაზს.

მაგრამ მთელი რიგი დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასავლეთში მარცხისა და უკრაინასთან კონფლიქტში ჩიხის გამო რუსეთი იძულებულია პირი აღმოსავლეთისკენ იბრუნოს.

ამასთან კრიტიკოსები გვახსენებენ, რომ პუტინის სტრატეგია ორიგინალური არ არის. პრეზიდენტმა ხელახლა გააცოცხლა ე.წ.-ლი "ლიბერალური იმპერის" იდეა, რომელიც რაოეს-ის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა წარმოადგინა დუმაში ჯერ კიდევ 2004 წელს. ჩუბაისმა მაშინ თქვა, რომ ვინაიდან რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მასშტაბით მონოპოლისტია ენერგომომარაგების სფეროში, მას ამ ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის ქონაც შეუძლია.

კრემლი იმედოვნებს, რომ მისი როლი გაიზრდება დასავლეთში, ვინაიდან ენერგიის ექსპორტიორთაგან რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპასთან ახლოსაა. ასევე იგი ენერგიის ერთადერთი ექსპორტიორია დიდი რვიანის ქვეყნებს შორის. რუსეთი იმედოვნებს, რომ დიდ რვიანში თავმჯომარეობის პერიოდში იგი შუამავლის როლს შეასრულებს ენერგიის ექსპორტიორებსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის.

აქვე უნდა შევნიშნო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. რუსეთი აშკარად ცდილობს, გაამრავალფეროვნოს ენერგიის ექსპორტის მიმართულებები.

საქმე ის არის, რომ ისევე, როგორც იმპორტიორი ქვეყნებისთვის არის სახიფათო მხოლოდ ერთ ექსპორტიორზე დამოკიდებულება, ასევე რუსეთსაც შეიძლება შეექმნას სირთულეები მცირერიცხოვან ბაზრებზე კონცენტრირებით.

გამრავალფეროვნების გარეშე მას ძალზე გაუჭირდება მყიდველის პოვნა. ამიტომაც ცდილობს კრემლი ასე ენერგიულად გაზისა და ნავთობსადენების პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით.

დაბოლოს: ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთში ყველა დიდი პოლიტიკური პროექტი წარუმატებლად სრულდებოდა პოლიტიკური კლასისა და ბიზნესელიტის უკიდურესი კორუმპირებულობის გამო. ექსპერტთა აზრით, არსებობს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ იგივე ბედი ეწევა რუსეთის სწრაფვას, ზესახელმწიფო გახდეს ენერგიის სფეროში.
XS
SM
MD
LG