Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის ურთიერთობას სიმწვავე არ აკლდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება ღრმავდება. საქართველოს პარლამენტი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის განცხადებას მთელ

მსოფლიოში აპროტესტებს, ხოლო რუსეთი ზურაბ ნოღაიდელს მოსკოვში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. საქართველოში რუსეთის ელჩი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გადავადება დაძაბულ ურთიერთობებში პაუზისთვისაა საჭირო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშილისაგან შეიტყო, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს მის მოსკოვში სტუმრობას. სახელმწიფო კანცელარიაში მისულმა რუსმა დიპლომატმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში დააზუსტა, რომ საუბარია ვიზიტის გადადებაზე და არა საბოლოო უარზე:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] “მე, უბრალოდ, ინფორმაცია ოფიციალურად მივაწოდე პრემიერ-მინისტრს, რომ რუსეთის მხარე სთავაზობს მისი ვიზიტის გადადებას. მე ვიმეორებ, ეს არ არის ვიზიტზე უარის თქმა, ეს არის ვიზიტის გადადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულ ატმოსფეროში საჭიროა გარკვეული პაუზა. ამის შესახებ იყო საუბარი.”

ზურაბ ნოღაიდელისაგან განსხვავებით, მოსკოვში გაემგზავრება ქართული საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ამავე დელეგაციის წევრი, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უარს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შესახებ მიღებულ დადგენილებას უკავშირებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ჩვენ არაფერს რუსეთს არ ვეხვეწებით. ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომ რუსის ჯარი გავიდეს ცხინვალის რეგიონიდან. რაც უფრო ხისტი იქნება რუსეთი, მით უფრო შესაძლებელი იქნება ამ დადგენილების რეალიზება. თუმცა ჩვენ, იმედი მაქვს, არ წამოვეგებით ამ პროვოკაციებს.”

დღესვე საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, სპიკერის დავალების შესაბამისად, რუსი პოლიტოლოგის გლებ პავლოვსკის ერთი განცხადება გააპროტესტა და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტთა სახელზე საგანგებო მიმართვა შეიმუშავა. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ შაბათს ტელეკომპანია “ენტევეს” ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის გლებ პავლოვსკის ნათქვამი წარმოადგენს მოწოდებას ტერორიზმისაკენ. როგორც ცნობილია, პროგრამა ”რეალნაია პოლიტიკაში” გლებ პავლოვსკიმ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთისათვის ერთი ტყვიის ფასი უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე ომისა. დეპუტატი კოტე გაბაშვილი კოლეგებს მთელ მსოფლიოში აფრთილხებს, თუ ვისთან აქვთ რუსეთის სახით საქმე:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ეს არის ტერორიზმისკენ მოწოდება, ძალადობის პროპაგანდა. ეს ისჯება ყველგან, მათ შორის - რუსეთშიც, მაგრამ რუსეთში მას არავინ დასჯის. ჩვენ, უბრალოდ, მეტს არაფერს ვამბობთ, უბრალოდ, ვაფრთხილებთ ამ წერილით ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოს პარლამენტებში, რომ იცოდნენ, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე და ვისთან აქვთ მათ საქმე.”(სტილი დაცულია)

თავად გლებ პავლოვსკიმ სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განმარტა, რომ მისი გამონათქვამი წარმოადგენდა თეთრი სახლის პრეს-მდივნის არი ფლეიშერის ციტირებას, ხოლო ტელეკომპანია “ენტევეს” ეთერში გასული სიუჟეტი ეძღვნებოდა სააკაშვილის ლავირებას ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, თუმცა ამ განმარტებას საქართველოს პარლამენტში უკვე დაგვიანებულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG