Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რა პრეტენზიები უშლის ხელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას


ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მიმდინარეობს გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე. მას უკვე ჰქონდა შეხვედრები რუსეთის დელეგაციასთან. საქართველოს წარმომადგენელმა საქართველოს პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დელეგაციებსაც გააცნო. თამარ კოვზირიძეს 23 მარტს ჟენევაში დავუკავშირდი და გავარკვიე, რომ რუსეთის მხარე უწინდებურად არ იღებს საქართველოს პრეტენზიებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან შეუთანხმებლობა ხელს უშლის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას, რასაც რუსეთში ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქართველოს რა პრეტენზიები განიხილება ჟენევაში?


პრეტენზია - გნებავთ, მოთხოვნა - სამია და მათგან მთავარი საქართველო-რუსეთის საზღვარზე უკონტროლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას უკავშირდება. ლაპარაკია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და აფხაზეთის საქართველო-რუსეთის საზღვარზე არალეგალურად მოქმედ პუნქტებზე. საქართველოს მოთხოვნა ამ შემთხვევაში ასეთია:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ” ადლერის და განთიადის და ქვემო ზარმაგი-როკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების არალეგალური მოქმედების შეწყვეტა. ჩვენ არ ვითხოვთ ამ პუნქტების დახურვას, მზად ვართ ვეძებოთ გზები ამ პუნქტების გავლით საქონლის მიმოსვლის ლეგალიზებისათვის. ეს არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ჩვენი თანხმობა რუსეთის გაწევრიანებაზე.”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ საქართველოს ეს უმთავრესი მოთხოვნა რუსეთის დელეგაციას 22 მარტს ჟენევაში, არაფორმალურ შეხვედარზე, გააცნო ( შეგახსენებთ: იქ დაიწყო გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე). თამარ კოვზირიძის ნაამბობიდან გამომდინარე, რუსეთის მხარე საქართველოს უმთავრეს მოთხოვნას არ ისმენს. 22 მარტს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლის პასუხი საქართველოს მხარის პრეტენზიაზე იყო ის, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან არ არის არალეგალური.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”რუსეთის პოზიცია არის ასეთი: ეს პუნქტები მოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენ ვაჭრობას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ დროს იქ ვაჭრობა მიდის არალეგალურად. და კიდევ: რუსეთში აცხადებენ, რომ ეს პუნქტები არ არის არალეგალური, რაც ჩვენთვის გაუგებარია. მათ განმარტებას ასეთი ფორმით, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ. ”

სასაზღვრო-გამშვები პუნქტების თაობაზე არსებული საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, ლეგალურად მხოლოდ ის სასაზღვრო -გამშვები პუნქტი მიიჩნევა, რომლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის გაცვლილია დიპლომატიური ნოტები. ასეთი რამ მხოლოდ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით მოხდა. ხსენებული შეთანხმებით, ადლერი-განთიადისა და ქვემო ზარმაგი-როკის სასაზღვრო გამშვები პუნქტები არალეგალურია. ეს პუნქტები რუსეთმა ცალმხრივად, საბაჟო კომიტეტის თავჯდომარის, გვარად ვანინის, ბრძანების საფუძველზე ცნო და მათზე მიმდინარეობს არალეგალური ვაჭრობა, რასაც ვერანაირად ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. საქართველოს პრეტენზია აღნიშნულის გამო ნათელია ყველასთვის, რუსეთის გარდა, თუმცა პრეტენზია, როგორც დასაწყისში ვთქვით, მარტო უკანონოდ მოქმედ სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებს არ უკავშირდება. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას საქართველო ამ და კიდევ ორი მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში დაუჭერს მხარს. მეორე მოთხოვნაა ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამსვლელ პუნქტზე და პორტ ”კავკაზში” რუსეთის მხრიდან სააქციზო ხაზის ამოქმედება. რუსეთში საქართველოდან სააქციზო საქონელი აზერბაიჯანის გავლით გადის, რაც საგრძნობლად ართულებს პროცესს და აძვირებს ექსპორტს.

მესამე მოთხოვნაა - რუსეთის ფედერაცია დაექვემდებაროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების ხელშეკრულების პრინციპებს და აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ფალსიფიკაციის შემთხვევების აღსაკვეთად.

საქართველოს პრეტენზიებზე რუსეთი ჯერჯერობით სათანადოდ არ რეაგირებს, თუმცა საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის. სხვადასხვა ექსპერტები ამას 2007 წლისთვის ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG