Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ”კადიმას” პარტიის წარმატება?


ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში არიელ შარონის მიერ დაარსებული ”კადიმას” პარტიის გამარჯვება, ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით,

მნიშვნელოვანწილად განაპირობა შემდეგმა წინასაარჩევნო დაპირებამ: მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები (თუ საჭირო გახდა - ცალმხრივადაც), რათა ერთმანეთს საბოლოოდ გაემიჯნოს ისრაელისა და პალესტინელთა ტერიტორიები. ”კადიმას” გამარჯვების მაუწყებელ ცნობებთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პალესტინელთა პარლამენტმა დაამტკიცა თვითმმართველობის ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც სათავეში უდგას ”ჰამასის” გასამხედროებული დაჯგუფება. რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

”კადიმას” პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს ჯერ კიდევ კენჭისყრამდე უწოდა ”რეფერენდუმი პალესტინელებისგან გამიჯვნის საკითხზე”. და ახლა, როცა ”კადიმას” წარმატება ეჭვს აღარ იწვევს, ოლმერტს თავისი გეგმის განხორციელებაში ხელს, როგორც ჩანს, ვეღარაფერი შეუშლის.

წინასწარი შედეგების თანახმად, 120-ადგილიან პარლამენტში, კნესეტში, ”კადიმა” 28 მანდატს მიიღებს, რაც მომავალ სამთავრობო კოალიციაში ამ პარტიას მთავარ ძალად აქცევს. კენჭისყრაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ოლმერტმა პალესტინელებს მოუწოდა, ითანამშრომლონ მასთან ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პროცესში. თუმცა, ოლმერტს არც ის დაუმალავს, რომ არჩეულ გეზს ისრაელი იმ შემთხვევაშიც არ გადაუხვევს, თუ პალესტინელები თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

[ეჰუდ ოლმერტის ხმა] ”ვაცნობიერებთ რა შექმნილ ვითარებას, მზად ვართ კომპრომისისთვის; მზად ვართ, უარი ვთქვათ სათაყვანებელი ისრაელის მიწის ნაწილზე, რომელშიც ჩვენი საუკეთესო შვილები და ჯარისკაცები განისვენებენ; მზად ვართ, გადავდგათ მტკივნეული ნაბიჯი და მოვახდინოთ იქ მცხოვრები ებრაელების ევაკუაცია - იმისთვის, რათა შესაძლებელი გავხადოთ თქვენი ოცნების განხორციელებაც; ხალხისა, რომელიც ჩვენს მეზობლად, თავის ქვეყანაში, მშვიდად და მშვიდობიანად იცხოვრებს.”

ეჰუდ ოლმერტმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ ბოლომდე მიიყვანს თავისი წინამორბედის, ამჟამად კომაში მყოფი არიელ შარონის მიერ დაწყებულ საქმეს და, როგორც ეს ღაზის სექტორში უკვე მოხდა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდანაც გაიტანს ებრაელთა დასახლებებს. ოლმერტის გეგმით, 2010 წლისთვის ისრაელსა და დასავლეთ ნაპირს შორის მტკიცე საზღვარი უნდა არსებობდეს.

ამასობაში პალესტინელთა პარლამენტმა დაამტკიცა თვითმმართველობის ახალი ხელმძღვანელობა. მას სათავეში უდგას ”ჰამასის” გასამხედროებული დაჯგუფება, რომელსაც ხშირად ექსტრემისტულ ორგანიზაციადაც მოიხსენიებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ”ჰამასი” სახელმწიფოდ არ ცნობს ისრაელს და დროდადრო მის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს ახორციელებს. ”ჰამასი” სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობს, თუმცა სულ ახლახან მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, ისრაელთან ხანგრძლივ ზავზე დათანხმდნენ. ამ განცხადებებმა ბევრ სპეციალისტს აფიქრებინა, რომ ”ჰამასი” ისრაელის მიმართ უფრო პრაგმატულ პოზიციას იკავებს. რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს, მაგალითად, გერშონ ბასკინი, ისრაელ-პალესტინის კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

[გერშონ ბასკინის ხმა] ”როგორც ჩანს, ’ჰამასი’ ახლა უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს. პალესტინელთა პრემიერ-მინისტრის, ისმაილ ჰანიას მიერ ბოლო სამი დღის მანძილზე გაკეთებული განცხადებები ზომიერი იყო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ’ჰამასი’ ეძებს გზებსა და საშუალებებს, რათა ისრაელთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს - მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის საუბარი არ არის მოლაპარაკების დაწყებაზე ან შეთანხმების მიღწევაზე.”

ასეთია ექსპერტის მოსაზრება, მსოფლიოს ლიდერები კი მხარეთა ახალ ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განაახლონ სამშვიდობო პროცესი.
XS
SM
MD
LG