Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დაბარებული რუსეთის ფედერაციის ელჩი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს, 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დაბარებული რუსეთის ფედერაციის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დეპუტატებს ქართული ღვინის აკრძალვის მიზეზებს უხსნიდა.

ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთში ქართული და მოლდავური ღვინის გაყიდვის აკრძალვის უკან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივები იმალება და არა სანიტარული ნორმების პრობლემა. რაც უნდ უცნაურად ჟღერდეს, ოფიციალური თბილისის მოსაზრებას სავსებით იზიარებს რუსეთის პრესა. 4 აპრილის გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდას” განცხადებით, ეს აკრძალვა, პირველ რიგში, რუს მომხმარებელს დააზარალებს. რას წერს რუსეთის პრესა ქართული და მოლდავური ღვინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე? რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


4 აპრილის გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა” გაკვირვებას ვერ მალავს, რომ ქართული და მოლდავური ღვინის ვარგისიანობის თაობაზე გადამწყვეტი რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს მოსაზრება აღმოჩნდა და არა რუსი ბიზნესმენების მტკიცება, რომ ქართული და მოლდავური ღვინის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა ბოლო 10 წლის მანძილზე არ ყოფილა და რომ ღვინის ხარისხი მუდმივად კონტროლდება. გაზეთის თქმით, ჯერჯერობით მომხმარებელი ვერ გრძნობს, მასზე როგორ აისახება ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვა. ექპერტების პროგნოზი პესიმისტურად ჟღერს: რუსეთის ბაზარზე ღვინის ფასი 20-30 პროცენტით მოიმატებს. ”კომსომოლსკაია გაზეტა” წერს:




არავინ იცის, რას შესთავაზებს ბაზარი მომხმარებელს ქართული და მოლდავური ღვინის ნაცვლად. წარმოუდგენელია, ამ ქვეყნების ღვინის მომხმარებელმა არჩევანი უფრო დახვეწილ ღვინოზე შეაჩეროს. პირველ რიგში, ფასის გამო - მაგალითად, წითელი ღვინო ”კიანტი კლასიკი” მოსკოვში 35-40 დოლარი ღირს, ბურგუნდიული ”ჟევრე-შამბერტენის” ყიდვა კი 40 ევროდ შეგიძლიათ. პრობლემა ის არის, მომწიფდა თუ არა რუსი მომხმარებელი ბურგუნდიული ღვინისთვის.
იქნებ ღვინის ბლოკადით სახელმწიფო დარჩება მოგებული? ირკვევა, რომ არა. რუსეთის ალკოჰოლური ასოციაციის პრეზიდენტის პაველ შაპკინის პროგნოზით, ქართული და მოლდავური ღვინის ემბარგო რუსეთის ხაზინას 700 მილიონი დოლარით დააზარალებს.
და კიდევ ერთი - რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული და მოლდავური ღვინის შემოწმების შედეგებს არ აქვეყნებს, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვქონდეს საქმე. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ქართველი და მოლდაველი გლეხები კარგა ხანია, პესტიციდებს აღარ იყენებენ.



გაზეთ ”ვეჩერნიაია მოსკვას” კორესპონდენტმა ირინა გორდონმა მოსკოვის მაღაზიები ჩამოიარა იმის დასადგენად, თუ რამდენად სრულდება მთავრობის გადაწყვეტილება გაყიდვიდან ქართული და მოლდავური ღვინის ამოღების შესახებ. ამ თავისებურ ჟურნალისტურ გამოძიებას 4 აპრილის ”ვეჩერნიაია მოსკვა” აქვეყნებს. გამოძიების შედეგი ასეთია:


თითქმის ყველა სუპერმარკეტში ქართული და მოლდავური ღვინის ადგილი უკვე დაიკავა ბულგარულმა, არგენტინულმა და აფხაზურმა ღვინომ. მომხმარებლის პრეტენზია უკვე გაისმის: 20 წლის კრისტინას თქმით, დედის დაბადების დღისთვის ”ხვანჭკარის” ყიდვა უნდოდა - დედა მხოლოდ ამ ღვინოს მიირთმევს და არ მოწამლულაო. “ხვანჭკარის” ყიდვა მოსკოვში უკვე პრობლემად იქცა. კიდევ ერთი მყიდველი, იგორი, ამბობს, რომ აქამდე ის მხოლოდ ქართულ ღვინოს ყიდულობდა - არც ძვირია და ხარისხიც აკმაყოფილებდა. ახლა არ იცის, რას მიანიჭოს უპირატესობა.
გამყიდვლები ამბობენ, რომ მომხმარებელი ჯერ ვერ მიხვდა, პირადად მასზე როგორ აისახება ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვა. რამდენიმე დღეში, როცა ქართული ღვინის ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში იქნება შესაძლებელი, მყიდველები ღვინოს ყუთებით შეიძენენ - დარწმუნებულნი არიან მაღაზიების ქსელ ”აშანის” მენეჯერები, რომლებსაც ქართული ღვინის გაყიდვაზე უარი არ უთქვამთ. მომხმარებლის დამოკიდებულებას ყველაზე უკეთ ხანდაზმული ქალბატონი გამოხატავს, რომელმაც რამდენიმე ბოთლი ”წინანდალი” იყიდა: ”ეს კიდევ ერთი პოლიტიკური კამპანიაა. ჩვეულებრივი ადამიანი არავის ადარდებს. სიბრიყვესაც უნდა ჰქონდეს საზღვარი.
XS
SM
MD
LG