Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პოლიტიკის “ქორები” - სამოქალაქო ლიდერები


აშშ-ის კონსტიტუციის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებად არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირები ინიშნებიან: ეს კანონი ეფუძნება ვარაუდს,

რომ სამოქალაქო პირი მშვიდობიან პოლიტიკას გაატარებს, პროფესიონალ სამხედროზე უფრე მეტად მოინდომებს სამხედრო კონფრონტაციებისთვის თავის არიდებას. მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკაში ხშირად კამათობენ ამ ვარაუდის სისწორეზე: ბევრს საყურადღებოდ მიაჩნია ერაყში ინტერვენცია, რომელსაც ყველაზე აქტიურად სწორედ სამოქალაქო ლიდერები ემხრობოდნენ, მაშინ როცა ბევრი გენერალი სკეპტიკურად იყო განწყობილი.

ახლაც აშკარაა იმის ნიშნები, რომ ისევ სამოქალაქო ლიდერები აქტიურობენ, როცა ლაპარაკია ირანთან მიმართებაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე.

ბოლო პერიოდში გავრცელებულ ზოგ ცნობას თუ დავუჯერებთ, შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას: მეტიც, ინტენსიურად მუშაობს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის ამ, სამხედრო ვარიანტზე.
ამაზე იყო ლაპარაკი ამერიკული მასმედიის ზოგ გამოცემაში, რომელთაც პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც გაეცნო. აი, რა თქვა მან 10 აპრილს. [ჯორჯ ბუშის ხმა]
“კვირის ბოლოს გაზეთებში წავიკითხე სტატიები ირანზე. საქმე ეხება, უბრალოდ, დაუსაბუთებელ ვარაუდს. ის, რასაც კითხულობთ, არის დაუსაბუთებელი ვარაუდი, როგორსაც საკმაოდ ხშირად გამოთქვამენ ხოლმე აქ, ქვეყნის დედაქალაქში.”

ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მართებულია ირანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება, თუმცა არ უნდა გამოირიცხოს არც სხვა მეთოდები, მათ შორის არც სამხედრო ოპერაცია. მართალია, ამას ადრეც ამბობდნენ, მაგრამ ჟურნალიჟ “ნიუ იორკერის” ამასწინანდელმა სტატიამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია სამხედრო გზის ვარიანტის მიმართ. “ნიუ-იორკერი” წერს, რომ, როგორც ანონიმური წყაროსაგან შეიტყო, ვაშინგტონის ადმინისტრაციაში განიხილავენ საგანგებო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მისი მეშვეობით მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად.

ასევე “ნიუ იორკერის” ინფორმაციით, ბირთვული იარაღის გამოყენება იყო ერთ-ერთი სამოქმედო ვარიანტი გეგმაში, რომელიც სამხედროებმა წარუდგინეს ვაშინგტონის ადმინისტრაციას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევისთვის. მოგვიანებით სამხედროებმა გეგმიდან ბირთვული ვარიანტის ამოღება მოინდომეს, მაგრამ ეს საჭიროდ არ მიიჩნიეს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში.
არის თუ არა ეს ნიშანი იმისა, რომ “ქორები” აშშ-ში სამოქალაქო ლიდერებს შორის უნდა ვეძიოთ? ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს იძლევა ლერი უილკერსონი, აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზე კოლინ პაუელის მუშაობისას მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

უილკერსონი ამბობს, რომ უმაღლესი რანგის სამოქალაქო პირებმა, თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა და ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ დაიყოლიეს ბუში საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაზე. [უილკერსონის ხმა] “დონალდ რამსფელდმა ძალაუფლების ისეთი უზურპაცია მოახდინა, რომ თვითონ გახდა დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურა. თან მას იცავს დიკ ჩეინი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ახლა თეთრ სახლში ცხოვრობს და ამერიკის ისტორიაში უდიდესი ძალაუფლების მქონე ვიცე-პრეზიდენტია - უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე ვიცე-პრეზიდენტი”.

თუმცა, უწინაც ყოფილა შემთხვევები, როცა სამხედრო ოპერაციას უწინარეს ყოვლისა სამოქალაქო ლიდერები ემხრობოდნენ. ლერი უილკერსონი იხსენებს გასული საუკუნის 90-იან წლებს - ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდს და მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მედლინ ოლბრაიტის როლს: [უილკერსონის ხმა] “მედლინს უნდოდა ომში ჩვენი გაშვება. იცით, ჩვენ სულაც არ გვიყვარს ომი. არ გვინდა არც სისხლის დაღვრა, არც სიკვდილი”.

კიდევ ერთი გადამდგარი პოლკოვნიკი, კენეთ ალარდი ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაციას სამხედრო სარდლები უფრო არიდებენ თავს, ვიდრე სამოქალაქო ლიდერები. ჯერ ერთი, პენტაგონი, როგორც ნებისმიერი უწყება, ცდილობს, გაუფრთხილდეს თავის პერსონალს. მეორეც - პენტაგონში სამოქალაქო პირის მუშაობის სტაჟი, ჩვეულებრივ, 3 წელს არ აღემატება, მაშინ როცა ჯარისკაცები, რომ იტყვიან, მთელ ცხოვრებას სწირავენ სამხედრო საქმეს.

და კიდევ - სამოქალაქო პირები, ლამის, ბრმად ენდობიან მიღწევებს სამხდრო კვლევის, სამხედრო ტექნიკის სფეროში, ამიტომ ნაკლებ ინტერესს იჩენენ ადამიანის ფაქტორის მიმართ. ეს, კენეტ ალარდის თქმით, უწინარეს ყოვლისა რამსფელდს ეხება. [კენეტ ალარდის ხმა] “მას სჯერა ტექნიკის და არა ჯარისკაცის. ერაყში არა გვყავს და არც გვყოლია საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები. საერთოდ, არა გვყავს და არც გვყოლია საკმარისი რაოდნობის სამხედროუნიფორმიანი ჯარისკაცები, რადგან რამსფელდი ამბობს - “გვაქვს ტრანსფორმაციის საშუალება, შეგვიძლია ტექნიკით გავაკეთოთ ის, რასაც უწინ ჯარისკაცებით ვაკეთებდით”. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულება”.

კრიტიკას რამსფელდის მისამართით მარტო ეს ექსპერტი არ გამოთქვამს. ბოლო პერიოდში, სამოქალაქო ლიდერების “ქორობაზე” დისკუსიასთან დაკავშირებით რამდენიმე გადამდგარი გენერალი გამოვიდა მოწოდებით, რამსფელდი გადადგეს პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტიდან. მაგრამ მინისტრს დამცველებიც ჰყავს - მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პიტერ პეისი. ეს უკანასნკელი ირწმუნება, რომ რამსფელდი ყველა ღონეს ხმარობს ჯარისკაცებისთვის ხელის შესაწყობად.

ამგვარად, შეერთებულ შტატებში გრძელდება “ქორების” შესახებ დებატები და, სავარაუდოდ, გაგრძელდება კიდეც, რახან კვლავ გაურკვეველია, როგორ მოგვარდება ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული დაპირისპირება. ირანმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ უარყო საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ. საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისაკენ. ბოლოს კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელადაც- ისევე როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების შემთხვევაში - სამოქალაქო პირი ინიშნება. ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ვალდებულება, ნაკისრი საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესში.
XS
SM
MD
LG