Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის საფუძველზე იზრდება 166 მილიონი ლარით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი


ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ მუშაობა დაასრულა კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის 166 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილებები 2006 წლის ბიუჯეტის კანონში უახლოესი ერთი თვის მანძილზე შევა, საქართველოს პარლამენტში ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ. რა არის ბიუჯეტის ზრდის რეალური მიზეზი და როგორ დაიხარჯება ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული 166 მილიონი ლარი?

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 166 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ეს მაშინ, როდესაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, მეღვინეობა, სერიოზულ კრიზისს განიცდის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის გამო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის განცხადებით, რუსეთში ღვინის ექსპორტის პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდად არ აისახება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ბუნებრივია, ბიუჯეტი არის დაბალანსებული. აქედან ნაწილი იქნება საგადასახადო შემოსავლები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგადასახადო ნაწილი გაიზრდება 48 მილიონი ლარით. სადღაც 42 ლარით მეტი არასაგადასახადო შემოსავლები შემოვა და დანარჩენი თანხა დაბალანსდება ჩვენს ხაზინაში. ანგარიშზე ნაშთად დაგვრჩა თანხა და ეს თანხა დააბალანსებს დანარჩენს.”

საინტერესოა ისიც, თუ რას მოხმარდება ბიუჯეტში დამატებით შესული თანხები. ლაშა გოცირიძის განცხადებით, დაახლოებით 20 მილიონი ლარი დამატებით მოხმარდება ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციას. 35 მილიონი ლარი დაემატება ენერგეტიკის სექტორის დაფინანსებას, 37 მილიონი ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას და ასე შემდეგ. ლაშა გოცირიძე ირწმუნება, რომ არ გამართლდება პესიმისტების ვარაუდები ბიუჯეტის ჩავარდნის შესახებ:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ასეთი ვარაუდები გამოითქმება ყოველთვის, ყოველი საბიუჯეტო ცვლილებების წინ, რომ ეს არის ხელოვნური, რომ სინამდვილეში ვერ მოხდება ამდენი თანხის მობილიზება, სინამდვილეში მოხდება სეკვესტრი. მაგრამ დროა, რომ ასეთი ტიპის ვარაუდები დავივიწყოთ.”(სტილი დაცულია)

იმის გასარკვევად, თუ როგორ სრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი და რამდენად რეალურია მისი 166 მილიონი ლარით გაზრდის გადაწყვეტილება, მე გავესაუბრე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტს კახა იმერლიშვილს, რომელიც პირადად ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს.

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”როდესაც 2005 წლის ბიუჯეტი მაღალი მაჩვენებლებით დაიგეგმა, ამ შემთხვევაში ჩვენ, ძირითადად, საქმე გვქონდა ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ 2006 წელს ეს ხდება ადმინისტრირების ხარჯზე, იმდენად მართალი არ იქნება. ეს არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, რა თქმა უნდა.”(სტილი დაცულია)

საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს ეკონომიკის ცნობილი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”მაშინ ეკონომიკის ზრდას რა განაპირობებს? აი, აქ უკვე პასუხი არავის არ გაუცია. იმიტომ რომ ეკონომიკის ზრდას განაპირობებს ეკონომიკური აქტივობის მატება, მაგრამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ ბიზნესი ჯერ დააბნია, შემდეგ დააშინა, ბოლოს კი, საერთოდ, შოკში ჩააგდო.” (სტილი დაცულია)

ნიკო ორველაშვილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შესრულება და მისი ზრდა მხოლოდ ქაღალდზე ხდება, რადგან ეკონომიკის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ინვესტიციები, კლების ტენდენციას განიცდის.
XS
SM
MD
LG