Accessibility links

logo-print

რუმინეთისა და ბულგარეთის ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო


ევროპის კავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების

შესახებ გადაწყვეტილების მიღება ევროპის კომისიამ ოქტომბრის დასაწყისამდე გადადო. როგორც დღეს ევროპის პარლამენტს ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რუმინეთსა და ბულგარეთს ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად კვლავაც ბევრი აქვთ გასაკეთებელი. ”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებას ამ საკითხს ვუთმობთ.

სტრასბურგში ევროპის პარლამენტს ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუმინეთისა და ბულგარეთის შესახებ ევროკომისიის ანგარიში გააცნეს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში გასაწევრიანებლად რუმინეთსა და ბულგარეთს კვლავაც არაერთი კრიტერიუმი აქვთ დასაკმაყოფილებელი. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროსუს თქმით, ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების სამიზნე ვადა - 2007 წლის 1 იანვარი - კვლავ რეალურია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, მწვანე შუქის საბოლოოდ ანთებამდე, რუმინეთსა და ბულგარეთს კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის თვალსაზრისით.

[ბაროსუს ხმა] ”ჩვენ ყველა ახალი წევრი ქვეყნისგან მოვითხოვთ, დაინერგოს ეფექტიანი სამართლის სისტემა, რომელიც კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს შეებრძოლება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამას მთელი საზოგადოება და ეკონომიკა ეყრდნობა. ორივე ქვეყანამ უნდა გვაჩვენოს, რომ მზად არის შემართებით შეუდგეს დარჩენილი რეფორმების გატარებას. უკვე მიღწეული წარმატებების შესახებ კი ჩვენს ანგარიშშია საუბარი.”



ევროპის კომისიის ანგარიში ბულგარეთის მიმართ უფრო კრიტიკულია, ვიდრე რუმინეთის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბულგარეთმა ვერ შეძლო კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან სათანადო შებრძოლება.

რუმინეთის შესახებ ანგარიში ამბობს, რომ ქვეყანამ ე.წ. ”წითელი ალმები”, ანუ პრობლემური სფეროები, 14-დან 4, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის საკითხამდე დაიყვანა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს რუმინეთის მთავრობის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმა.

თუმცა ბრიუსელში განთავსებული ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსი გერგანა ნუჩევა ფიქრობს, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც ბუქარესტის მუშაობის დადებითი შეფასება განაპირობა, რუმინეთის მთავრობის მხრიდან პრობლემებისთვის პირდაპირი, ენერგიული ბრძოლის გამოცხადება იყო:

[ნუჩევას ხმა] ”ვფიქრობ, ორივე ქვეყანაში ინსტიტუციური რეფორმა თანაბრად მიმდინარეობს. რუმინეთის შემთხვევაში, მთავარი სხვაობა მთავრობის მხრიდან გამოვლენილი ენთუზიაზმი იყო. საკუთრივ მართვის სტანდარტებს რაც შეეხება, ორ ქვეყანაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად მსგავსია.”

პრობლემები, რომლებიც რუმინეთს კიდევ მოსაგვარებელი აქვს, შემდეგია: დამატებითი ღირებულების გადასახადის კომპიუტერული სისტემის ფორმირება, საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შექმნა სპეციალური სააგენტოებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის სუბსიდიებს გაუწევენ მონიტორინგს. ამავე დროს, ევროკავშირის გაფართოების ოფიცრის ოლი რენის თქმით, რუმინეთმა ადამიანის უფლებების სფეროშიც უნდა გააუმჯობესოს ვითარება:

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რუმინეთისა და ბულგარეთის მზადყოფნას საბოლოოდ ოქტომბრის ბოლოს შეაფასებენ. ექსპერტების აზრით, საკუთრივ გაწევრიანების გადავადება ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან ეს პროცედურულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ამდენად, თუ ოქტომბერში გაირკვა, რომ ქვეყნები გარკვეულ სფეროებში კვლავ ჩამორჩებიან, კომისიამ, შესაძლოა, ე.წ. ”დამცავი მექანიზმები” შეიმუშაოს. შესაბამისად, რუმინეთი და ბულგარეთი, ყველა პირობის დაკმაყოფილებამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა უპორატესობით ვერ ისარგებლებენ.

გერგანა ნუჩევას აზრით, ევროკავშირი ამგვარ მექანიზმებს აწესებს იმისათვის, რომ ბულგარეთსა და რუმინეთზე გაწევრიანების შემდეგაც შეინარჩუნოს ზეწოლა:

[ნუჩევას ხმა] ”კომისიამ იცის, რომ ოქტომბრამდე გარკვეული ტექნიკური პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. მაგრამ ბრძოლა ისეთ დიდ პრობლემებთან, როგორიცაა კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და სასამართლო სისტემის რეფორმა, რამდენიმე თვეში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს. რახან ევროკავშირი უკვე გამოვიდა დაპირებით, რაიმეს შეცვლა ახლა რთულია და ამიტომ კავშირი ახალი მექანიზმების შემუშავებას ცდილობს, რომ ამ ორ ქვეყანაზე გაწევრიანების შემდეგაც განახორციელოს ზეწოლა.”

ამგვარი მონიტორინგის დაწესებას ევროკავშირის ისტორიაში პრეცედენტი არა აქვს. ამას ბევრი ექსპერტი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბულგარეთსა და რუმინეთს ევროკავშირში მეორე კლასის წევრის სტატუსი ექნებათ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსუ და გაფართოების კომისარი ოლი რენი ოთხშაბათს რუმინეთსა და ბულგარეთში ჩავლენ და ორი ქვეყნის მთავრობებს გადაწყვეტილებას ოფიციალურად გააცნობენ.
XS
SM
MD
LG