Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა გახდეს თუ არა თირკმლის გაყიდვის პრაქტიკა კანონიერი


ირანის გარდა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში, ორგანოების გადანერგვის მიზნით, თირკმლის მოპოვება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ირანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თირკმლის ბაზარს მთავრობა არეგულირებს და სადაც დონორებს შეუძლიათ თავისუფლად მიჰყიდონ თავიანთი თირკმელი მათ, ვისაც ეს სჭირდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში გადანერგვის სფეროში მომუშავე ზოგიერთი ექიმი ასეთივე ბაზრის შექმნის მოწოდებით გამოდის, თუმცა ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, "Organs Watch"-ი, აცხადებს, რომ თირკმლების გაყიდვის პრაქტიკის დაკანონებით დიდი სამედიცინო კომპანიები ღარიბი ადამიანების ექსპლუატაციას შეუდგებიან. მინდა ამ საკითხზე ორივე მხარის მოსაზრებები გაგაცნოთ.


ჯანმრთელ ადამიანს დაბადებისას ორი თირკმელი აქვს, თუმცა სიცოცხლეს ერთითაც შეძლებს.

ამ ფაქტზე დაყრდნობით, ისმის შეკითხვა, რომლის გარშემოც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს კამათი: უნდა ჰქონდეთ თუ არა ადამიანებს ერთი თირკმლის გაყიდვის უფლება?

დღესდღეობით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხებს. გამონაკლისია ირანი. იქ თირკმლის გაყიდვა კანონით არის ნებადართული - ფასზე პოტენციურ დონორს უშუალოდ პოტენციურ მყიდველთან შეუძლია მოლაპარაკება.

აი, რას ამბობს საინჟინრო ფაკულტეტის 24 წლის სტუდენტი, რომელმაც ირანის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ თირკმელს ყიდის:

[სტუდენტის ხმა] ”საბოლოო ფასი ჯერ არ გადამიწყვეტია. მყიდველებს ვუთხარი, რომ ფასზე მაშინ დავილაპარაკებთ, როდესაც ტრანსპლანტაციისთვის ვიქნებით მზად. ამ კონტექსტში სიტყვა ”ფასის” ხსენება მართებულად არ მიმაჩნია. ეს შესაწირი უფროა და მიმღები იმდენს გადაიხდის, რამდენიც შეუძლია. მგონი, ეს დაახლოებით 5 ან 6 ათასი ამერიკული დოლარი იქნება.”

როგორც ამ სტუდენტმა რადიო “თავისუფლების” ირანულ სამსახურს უთხრა, ეს ფული მას ვალების გასასტუმრებლად და შეყვარებულზე დასაქორწინებლად სჭირდება.

ქვეყნებში, სადაც თირკმლის გაყიდვას კანონი კრძალავს, შავი ბაზარი მოქმედებს. იქ ორგანოებზე ფასები სხვადასხვაგვარია და დაახლოებით რვაასი ამერიკული დოლარიდან ათასობით დოლარამდე მერყეობს.

ნენსი სხეფერ-ჰიუ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი და თირკმლების გაყიდვის მოწინააღმდეგე ორგანიზაცია "Organs Watch"-ის დირექტორი, ამბობს, რომ თირკმლის გაყიდვის მოსურნე არაერთი ადამიანის შესახებ სმენია და იცის, რომ ამ გადაწყვეტილებამ დონორებს ძალიან გაურთულა ცხოვრება.

ანთროპოლოგის დაკვირვებით, მამაკაცები, რომლებმაც საკუთარი თირკმლები გაყიდეს, ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. მოლდავეთში და ისრაელში, მაგალითად, ქალები მათთან ქორწინებისგან თავს იკავებენ; ბევრ ქვეყანაში კი მათ სამუშაოს პოვნა ან შენარჩუნება უჭირთ, ვინაიდან დამქირავებლებს ისინი ჯანმრთელებად აღარ მიაჩნიათ:

[სხეფერ-ჰიუს ხმა] ”ამ მამაკაცთა უმრავლესობა ფიზიკურ შრომას ეწევა და ისინი სამუშაოზე დისკრიმინაციას აწყდებიან. ამას ხშირად საფუძვლად უდევს არასწორი წარმოდგენა, რომ ერთი თირკმლის გაღების შემდეგ ადამიანი ბოლომდე ჯანმრთელი ვეღარასოდეს იქნება.”

ამგვარი შედეგები, ალბათ, განსაკუთრებით მწარეა, როდესაც ორგანოს ”გაყიდვის” აქტი მხოლოდ დონორის გადაწყვეტილებას არ ეფუძნება.

სხეფერ-ჰიუს აღწერილი აქვს ამბავი არაერთი მოლდაველი მამაკაცისა, რომლებსაც თურქეთში დაჰპირდნენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ ეს ”სამუშაო”, რეალურად, თირკმლის გაყიდვა აღმოჩნდა. მათთვის მოლდავეთში დაბრუნების ერთადერთი გზა ორგანოს გაღებაზე დათანხმება იყო.

ამგვარი შემთხვევების სიმრავლის გამო, ზოგიერთი ექიმი თირკმლების გაყიდვის კანონით დაშვებას უჭერს მხარს. ამ ექიმების აზრით, დაკანონებით შემცირდება ადამიანების იძულება, ექიმებს კი გადანერგვების საწარმოებლად ორგანოების საჭირო რაოდენობა ექნებათ.

იელის უნივერსიტეტის პროფესორმა და თირკმლების გადანერგვის სპეციალისტმა ქირურგმა ემი ფრიდმანმა დაწერა წიგნი, რომელსაც ”საერთაშორისო თირკმელი” ეწოდება. წიგნში ავტორი თირკმლებისთვის რეგულირებული ბაზრის ფორმირების მოწოდებით გამოდის:

[ფრიდმანის ხმა] ”ჩვენ სასოწარკვეთილ დროში ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი კვდება იმის გამო, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აუცილებელ გადანერგვას არ უკეთებენ. მუშაობს შავი ბაზარი, მაგრამ ძალიან ძნელია გაიგო, რა რაოდენობის ორგანოებია იქ. თუმცა ის ვიცით, რომ ამ ბაზარზე გაუმართლებელი რაღაცეები ხდება, რასაც არ უნდა შევურიგდეთ. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ამერიკაში პროჰიბიციის პერიოდს ჰგავს - ირკვევა, რომ აუცილებელია ამის შავი ბაზრიდან გარეთ გამოტანა, კონტროლი და რეგულირება.”

ფრიდმანის განცხადებით, ირანში თირკმლის გადანერგვის მომლოდინე პაციენტების დიდი რიგი აღარ არსებობს. მისი თქმით, ორგანოების ყიდვა-გაყიდვა იქ კანონით რომ არ იყოს ნებადართული, ქვეყანაში დიდი სირთულეები გაჩნდებოდა, რადგან ისლამური კანონი კრძალავს გარდაცვლილი ადამიანების ორგანოთა გამოყენებას.

მაგრამ "Organs Watch"-ის დირექტორის ნენსი სხეფერ-ჰიუს აზრით, თირკმლების გაყიდვის კანონით დაშვება არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ შავ ბაზართან დაკავშირებული უკანონო ქმედებები მართლა აღმოიფხვრება.

მისი თქმით, ირანში დაკანონებამ ის გამოიწვია, რომ შუა და მაღალი სოციალური კლასების წევრები ღარიბი ფენების წარმომადგენლების ექსპლუატაციას ეწევიან და მათ ორგანოთა დონორებად იყენებენ:

[სხეფერ-ჰიუს ხმა] ”ჩვენი კოლეგების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით ვიცით, რომ ირანში დონორებად მარგინალური სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს იყენებენ - ეს კი, უკიდურესად ღარიბ და ვალებში ჩავარდნილ ადამიანებთან ერთად, ახალგაზრდებსაც მოიცავს. ამ უკანასკნელთა უმრავლესობა ოჯახებიდან წამოსულია, ქუჩაში ცხოვრობს, ზოგიერთი ნარკოტიკებსაც იყენებს.”

თუმცა სხეფერ-ჰიუს ამ მოსაზრებას არ იზიარებს ქირურგი ფრიდმანი. მისი თქმით, სწორედ დღევანდელ პირობებში წარმოადგენენ მდიდრები ერთადერთ სოციალურ ჯგუფს, ვისაც შეუძლია თირკმლების საძებრად მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და, თუკი გვამიდან ამოღებული ორგანოს შოვნა არ შეუძლია, ის შავ ბაზარზე იყიდოს.
ფრიდმანის აზრით, კანონიერი ბაზრის ფორმირება იმ ღარიბი სოციალური ფენების წარმომადგენლებს დაეხმარება, რომლებსაც ორგანოების შავ ბაზარზე ყიდვის საშუალება არა აქვთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG