Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძის გააქტიურებამ პარლამენტში ლუსტრაციის მოთხოვნა გაახსენათ


ეკაწამალაშვილი, თბილისი იგორ გიორგაძის გააქტიურებამ პარლამენტში ლუსტრაციის მოთხოვნა გაახსენათ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების, პირველ რიგში კი, საქართველოდან საბჭოთა უშიშროების არქივის

გატანის გამო საპარლამენტო უმრავლესობაში სკეპტიკურად უყურებენ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას ისე, როგორც ამას ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” კანონპროექტი ითვალისწინებს. არსებობს მეორე კანონპროექტიც - ის დეპუტატ იგორ პატარიძეს ეკუთვნის, თუმცა, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ნოდარ გრიგალაშვილი, ამბობს,
მოცემულ ეტაპზე ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება არ არის არსებითი. მისი აზრით, არსებითია საქართველოში აღარ ჰქონდეს გასაქანი ორჯონიკიძეობას.
როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

საქართველოს პარლამენტში ყველა თანახმაა, რომ საქართველოში ორჯონიკიძეობას გასაქანი არ უნდა ჰქონდეს, ყველა ფიქრობს, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა იგორ გიორგაძეს და მის მსგავს ფიგურებს აღარ ამოძრავებდეთ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. უთანხმოებას იწვევს ის, რომ ამისათვის უმრავლესობაში მაინცდამაინც აუცილებლად არ მიაჩნიათ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება, ოპოზიციაში კი, კერძოდ, ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში”, რომლის წევრებმაც კარგა ხნის წინ შეიმუშავებს კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ, ფიქრობენ, რომ საბჭოთა წარსულის გავლენისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია სუკის აგენტების გამოვლენა, სუკის აგენტებისა და ოფიცრებისთვის ხელისუფლებაში მოსვლაზე უარის თქმა და ხელისუფლების შეზღუდვა ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებისთვისაც. ამ სამ მოთხოვნაზეა აგებული შესაბამისი კანონპროექტიც. მისი განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საგაზაფხული სესიის დასაწყისში მოხდა, მაგრამ კანონპროექტი დაწუნებული იქნა. იურიდიულმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დაწერა. ”კანონპროექტი შეიცავს ხარვეზებს” - ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში, ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი დავით ბერძენიშვილი კი ამბობს, რომ უმრავლესობამ ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაიწუნა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”პარლამენტმა ეს არ მიიღო, როგორც ჩანს, მათ ურჩევნიათ ჩეკისტები და აგენტურა თავის სამსახურში გადმოიბარონ და არც საბჭოთა ნომენკლატურა ემეტებათ პოლიტიკიდან გასაშვებად. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი იმის, თუ რატომ არ მოეწონათ. თუ ჩვენი არ მოსწონთ, დაეწერათ თავისი. ”

ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის”მიერ ინიცირებული პროექტი დაწუნებულია, სხვათა შორის, საბჭოთა უშიშროების არქივის ნაწილის გაუჩინარების გათვალისწინებითაც. ”მომხდარის გამო ძნელი იქნება აგენტების ლუსტრაცია, შეიძლება რუსეთმა ყალბი დოკუმენტაცია შემოგვაჩეჩოს,” -ამბობს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი და ნათქვამს დასძენს:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”არ არის არსებითი ლუსტრაციის კანონი, ჩემთვის არსებითია ორჯონიკიძეობას არ ჰქონდეს გასაქანი, ამას რითი დავუდებთ ზღვარს, -ლუსტრაციის კანონით, სხვა კანონით თუ სახელმწიფო ღალატის შესახებ კანონში ცვლილების შეტანით, - ეს არის ტექნიკური საკითხი. ”

ორჯონიკიძეობისთვის ზღვარის დასადებად უმრავლესობაში ამ ეტაპზე იგორ გიორგაძის მიერ დაარსებული ფონდების ინსპექტირება მოიფიქრეს. ”უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ამ ფონდებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა”- ასეთი წინადადებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით კირკიტაძე გამოვიდა, მანვე იგორ გიორგაძის ფონდების მონიტორინგისთვის ოპოზიციას ერთობლივი ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობა შესთავაზა.

ოპოზიციას კი უკვირს, რატომ დაჰყავს მმართველ ძალას ლუსტრაციის პრობლემა იგორ გიორგაძის პრობლემამდე, მაშინ როცა გიორგაძის პრობლემას ავტომატურად მოხსნიდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება და როცა კეთდება განცხადებები, რომ გიორგაძე არ წარმოადგენს საფრთხეს დღევანდელი საქართველოსათვის.
XS
SM
MD
LG