Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირაში გიამბეთ სემინარზე “ევროკავშირი და საქართველო”


ამ კვირაში გიამბეთ სემინარზე “ევროკავშირი და საქართველო”,

რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტებისთვის ივნისის დასაწყისში ჩატარდა ბათუმში. სემინარზე, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოჩნდა თემა, რომლის შესახებ ჩვენში თითქმის არავინ მსჯელობს – არის თუ არა მედია კულტურის ნაწილი, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოქმედება ჟურნალისტის მოღვაწეობაში? ჟურნალისტიკაზე, როგორც კულტურის ერთ-ერთ დარგზე, საუბარი სემინარის ძირითადმა თემამ განაპირობა – თუკი ქართული მედია არ ამკვიდრებს ევროპულ ფასეულობებს, არ არის დაინტერესებული ევროპული კულტურის პროპაგანდით, გაურბის ანალიზს და მხოლოდ ფაქტებით შემოისაზღვრება (ამაზე სემინარის თითქმის ყველა მონაწილე შეთანხმდა), იქნებ დადგა დრო ვისაუბროთ არა მხოლოდ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, არამედ ჟურნალისტიკაზე, როგორც ხელოვნებაზე... და თუკი დავიწყებთ მსჯელობას, ჩიხში შესვლა ხომ არ გვემუქრება? სტანდარტი და შემოქმედება ხომ გამორიცხავს ერთმანეთს? ხელოვნება ხომ არ ემორჩილება წესებსა და ნორმებს? ნამდვილი ხელოვნება ხომ სწორედაც რომ ნორმიდან გადახრას ნიშნავს?
“როგორ უნდა გავაშუქოთ ევროკავშირის მოღვაწეობა პრესაში, როგორ დავამკვიდროთ ჟურნალისტიკაში ევროპული ფასეულობები” – ეს იყო ჟურნალისტ მარინე ვაშაყმაძის მოხსენების თემა, რომელმაც ძალიან გამოაცოცხლა სემინარის მონაწილეები – ევროკომისიის ექსპერტებიც და დასავლეთ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტებიც. მარინე ვაშაყმაძის თქმით, იგი ელოდა ბათუმელი, ქუთაისელი, ოზურგეთელი, ზუგდიდელი ჟურნალისტების ასეთ რეაქციას:

[მარინე ვაშაყმაძის ხმა] “ესენი არიან უფრო გახსნილები ცოდნისთვის და უფრო მონდომებულები, რომ რაღაც ისწავლონ და შეცვალონ; ხალასი დამოკიდებულებიდან და “არაფერი ვიციდან” სწორედ გახსნილობის შედეგად ცდილობენ მიიღონ საუკეთესო...”(სტილი დაცულია)

საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ უხდებათ მუშაობა. ზეწოლა და, ასე ვთქვათ, “პროვინციული ცენზურა” ჟურნალისტიკაზე, როგორც ხელობაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს (უარყოფითად, რა თქმა უნდა), მაგრამ ამძაფრებს შემოქმედებით იმპულსებს...სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჟურნალისტი, უბრალოდ, იძულებულია “ეზოპეს ენით” მიმართოს მკითხველს, ქარაგმებით დაამყაროს კონტაქტი საზოგადოებასთან. ასე იყო საბჭოთა ეპოქაში, როცა ცენზურა, შეიძლება ითქვას, “მადლი” იყო ჟურნალისტისთვის, როგორც ხელოვანისთვის. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს – გავრცელდა აზრი, რომ ჟურნალისტიკა ხელობაა და არა ხელოვნება... აზრი, რომელიც, მარინე ვაშაყმაძის თქმით, ძალზე სწორხაზოვნად აიტაცა ქართულმა მედიამ:

[მარინე ვაშაყმაძის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ხელოვნება და ძალიან დიდი შემოქმედება... ფაქტებზე დაყრდნობილი ჟურნალისტიკა და თანამედროვე სტანდარტები სულ არ გამორიცხავს შემოქმედებით მომენტს ჟურნალისტიკაში. ჯერ ერთი, არსებობს ახალი ამბების ჟურნალისტიკა და არსებობს თვალსაზრისის გამოხატვის ჟურნალისტიკა, მაგრამ იმ ახალი ამბების ჟურნალისტიკაშიც ნამდვილი შემოქმედების გარეშე, მე ვფიქრობ, არაფრის გაკეთება არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)

საქართველოში მხოლოდ დღეს იწყება დისკუსია ეგრეთ წოდებულ “ჟურნალისტურ რაკურსზე”, რომელიც მედიას საშუალებას აძლევს ფარულად, შენიღბულად მიმართოს ფაქტის ინტერპრეტაციას. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: ჟურნალისტი მკაცრად იცავს მედიასტანდარტებს - ორი მხარის კონფლიქტის შემთხვევაში, ტრიბუნას უთმობს კონფლიქტის მხარეებს და თავად სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მაგრამ აქვს თუ არა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, რომელი მხარე საუბრობს პირველად და კონფლიქტის რომელი მხარე დაასრულებს რეპორტაჟს? თუკი რეპორტაჟი ტელევიზიით გადაიცემა, აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორი რაკურსით არის გადაღებული, დავუშვათ, ხელისუფლების წარმომადგენელი და როგორი რაკურსით - ოპოზიციონერი... როგორია ფონი, როგორია განათება? ნუ დაგვავიწყდება, რომ რეპორტაჟს ცოცხალი ადამიანები და არა რობოტები ამზადებენ. მარინე ვაშაყმაძის თქმით, ასეთი დეტალების გააზრების შემდეგ კითხვა “არის თუ არა ჟურნალისტიკა ხელოვნება” რიტორიკული ხდება. რასაკვირველია, არის.

[მარინე ვაშაყმაძის ხმა] “მაღალი სინჯის შემოქმედებაა საჭირო, რადგან შენა ხარ შეზღუდული იმ რეალობით, რომელიც უნდა აღწერო – ჟურნალისტიკა, რასაკვირველია, ცხოვრების აღწერაა, იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა, და ამიტომ ამაზე წერა გემოვნებით, ისე, რომ სასიამოვნო წასაკითხი იყოს, გასაგები ყველასათვის, სადა, არის ძალიან რთული ხელოვნება.”(სტილი დაცულია)

ბათუმის სემინარზე გამოითქვა აზრი, რომ ჟურნალისტიკაზე მკაცრი სტანდარტების დაწესება 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როცა საბჭოთა ცენზურისგან მეტ-ნაკლებად განთავისუფლებულმა მედიამ ამერიკული ჟურნალისტიკის წესები აიტაცა. მარინე ვაშაყმაძის აზრით, რასაკვირველია, არსებობს განსხვავებული მიდგომა მედიაში, არსებობს ჟურნალისტიკის ევროპული და ამერიკული სკოლები, მაგრამ დღეს ეს განსხვავება სულ უფრო ნაკლებად თვალსაჩინო ხდება – აშკარაა გასხვავებული მეთოდოლოგიების ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვენც უნდა გავიაზროთ:

[მარინე ვაშაყმაძის ხმა] “ჩვენთან შემოვიდა ამერიკული ჟურნალისტიკა, თავიდანვე ამერიკელი ექსპერტები ჩამოდიოდნენ, თუმცა ბოლო დროს ამერიკული პროგრამებითაც კი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯობს შემოვიდნენ იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტები... იმიტომ რომ მათი ცხოვრება ახლოსაა ჩვენთან, ამ სახით შემოდის სწორედ ევროპული ჟურნალისტიკა. არის ხოლმე განსხვავება, გვეღიმება იმაზე, რომ “ბი-ბი-სის” მწვრთნელი ჩამოვა და სხვა სტანდარტებზე გველაპარაკება, ამერიკელი ჩამოდის და სხვა სტანდარტებს ამკვიდრებს, თუმცა არსით ერთი და იგივეა – ამას აღიარებს ყველა: ჟურნალისტიკა უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი, უნდა ასახავდეს რეალობას, უნდა იყოს ობიექტური... მაგრამ ეს არის ახალი ამბების ჟურნალისტიკა. ევროპელებისგან არის მეტი განსჯა, მეტი კვლევა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ანალიზი ხომ ფაქტებითა და ფაქტების შეპირისპირებით ხდება, რაც ძალიან რთულია და ჟურნალისტისგან სწორედაც რომ შემოქმედებით ნიჭს მოითხოვს – როცა ეძებ და იკვლევ, ე.ი. რაღაცას ქმნი კიდეც, ე.ი. შემოქმედი ხარ, მხატვარი:

[მარინე ვაშაყმაძის ხმა] “ისევე, როგორც ყველაფერი გვაქვს სასწავლი, ასევე სასწავლი გვაქვს კულტურა... სულ ვამბობ ხოლმე, რომ ზეთისხილის გემო უნდა გაიგო - ზეთისხილი შეიძლება პირველად გასინჯო და არ მოგეწონოს, მაგრამ მერე მოგეწონება. ამიტომ ამას სჭირდება მეტი შრომა, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, ბევრი წერა, ბევრი რეპორტაჟის გაკეთება. მერე შედიხარ “გემოში” და იგებ. მე სულ ვამბობ, რომ ყველაფერი გემოვნების ამბავია... ჩვენ ხომ ვიცით, რომ გემოვნებაზე დავობენ.... ჯამში, ხომ ასეა: რაც უფრო მეტი გინახავს, მეტი იცი, მეტი გაგიგია, გემოვნებაც იხვეწება.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG