Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ბიზნესფორუმების მთელი ციკლის გამართვას გეგმავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო ბიზნესფორუმების გამართვას განაგრძობს. უახლოეს მომავალში თბილისი საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ანალოგიური ღონისძიებები

დაგეგმილია პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ინდოეთში, ისრაელში, ჩინეთში, კორეასა და სინგაპურში. მთავრობა მესამე წელია ბიზნესფორუმებით საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს. საკითხავია, რამდენად ახერხებს ის ამას და რა ეფექტი მოაქვს ფორუმებს.

ივნისის ბოლოს ან ივლისში თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ავრცელებს. ივლისშივე პოლონეთში (ვარშავაში) საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორუმი უნდა გაიმართოს. სექტემბრიდან კი ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ინდოეთში. ოქტომბერში ფორუმს ისრაელი უმასპინძლებს, ნოემბერ-დეკემბერში - ჩინეთი, კორეა და სინგაპური.

ბიზნესფორუმები უკვე მესამე წელია იმართება და ამ ღონისძიებებით საქართველოს მთავრობა ცდილობს უცხოელი ინვესტორების ყურადღება მიიპყროს, აქ არსებული საგადასახადო და საკანონმდებლო გარემო გააცნოს და, საერთოდ, ქვეყანას პოპულარიზება გაუწიოს. ვერ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გამართული პრეზენტაციების შემდეგ საქართველოში ინვესტორების დიდი მოზღვავება იგრძნობოდეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირიქით, გასულ წელს უცხოური კაპიტალდაბანდებების კლებაც კი აღინიშნა. თავად ბიზნესფორუმები ქართულ მედიაში სისტემატურად შუქდება როგორც წარმატებული პროექტი და ქართული დელეგაციაც ამ შეხვედრებზე საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უცხოელი ინვესტორები ჯერჯერობით სიფრთხილეს იჩენენ საქართველოს მიმართ, რის გამოც ექსპერტების ნაწილი პომპეზური ბიზნესფორუმების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

არაობიექტურობა იქნება იმის მტკიცება, რომ ამ ღონისძიებებს არანაირი შედეგი არ მოაქვს. ბიზნესფორუმების მეშვეობით, ელემენტარულად, ქვეყნის წარდგენა ხდება; ამასთან, ოფიციალურ და საქმიან წრეებს ორმხრივი შეხვედრების საშუალება ეძლევათ, თუმცა იმისათვის, რომ უცხოელმა ინვესტორმა ფულის დაბანდების გადაწყვეტილება მიიღოს, მხოლოდ ფორუმები და ხელისუფლების მოწოდება არ კმარა. ექსპერტი ვაჟა სალამაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორს, პირველ რიგში, მყარი გარანტიები და სტაბილური გარემო აინტერესებს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”ქვეყანა არის არასტაბილური – პოლიტიკურად არასტაბილური, კრიმინალურად არასტაბილური, კონფლიქტების თვალსაზრისით არასტაბილური, ეკონომიკურად არასტაბილური. საგადასახადო პოლიტიკა ბოლომდე განსაზღვრული არ არის, კორუფცია აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, მოინდომებს სერიოზული ინვესტორი ასეთ ქვეყანაში შემოსვლას? ”

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო უცხოური კაპიტალი ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ ჯერჯერობით ნაკლებად იჩენს. სამაგიეროდ, ტრადიციულად აქტიურობენ რუსული კომპანიები, რომელთათვისაც აქაური ბიზნესგარემო, როგორც ჩანს, ყველაფრისდა მიუხედავად, მეტისმეტად კომფორტულია.
XS
SM
MD
LG