Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპის ღვინის ბაზარზე შესასვლელად ემზადება


13-14 ივნისს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და ევროკავშირის კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა. მისი მიზანი იყო ქართული ღვინისა

და ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მომზადება. აღნიშნული კონსულტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ეგიდით გაიმართა. საკითხავია, გაუხსნის თუ არა ქართულ ღვინოს ეს მოლაპარაკებები გზას ევროპაში.

რუსეთის ბაზრიდან გამოძევებული ქართული ღვინო გასაღების ბაზარს ევროპაში ეძებს. ევროპაში კი ადგილის დამკვიდრება იოლი საქმე რომ არ არის, იმ ქართველი მეღვინეების განცხადებებიდანაც ჩანს, რომლებიც პრიორიტეტად კვლავ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას მიიჩნევენ. მათ არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავრობის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე ქართული ღვინის დასახელებათა მსგავსი მარკის ღვინოებით ხელდამშვენებული წარდგა.

[სააკაშვილის ხმა] ”ეს მე ვიხილე ბალტიის ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში დიდი აზარტით იყიდება ქართული ღვინო...”

მთავრობის წევრების მიერ ამ უცხოური - ოღონდ ქართული მარკის მქონე -ღვინოების დეგუსტაციის შემდეგ სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[სააკაშვილის ხმა] ”ეს არის მითიური ბაზარი? აი, კონკრეტული ყოველდღიური ბაზარი ქართული ღვინის.”

ამ ბაზარზე ქართულ ღვინოს კონკურენციას ვეღარ გაუწევს ”ქინგმარაული” ”სვანჭკარა” და”ხვანჯვარა”, ოღონდ მას შემდეგ, რაც საქართველო ხელს მოაწერს შეთანხმებას ევროკავშირთან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ”გეოგრაფიული ინდიკატორების” დაცვის შესახებ. ამ შეთანხმებაზე მუშაობა თბილისში 13 ივნისს დაიწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში”.

ხელშეკრულებამდე ჯერჯერობით შორსაა, ჯერ მხოლოდ კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ, ისევე როგორც ქართული მხარე, ევროკომისიის წარმომადგენლობაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ”აი, ამ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ხელშეკრულებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ლეგალურ “ხვანჭკარას” და ...”

აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილმა 14 ივნისს ევროკომისიის წარმომადგენელ ნიკოლა ვერლესთან გამართული ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ. კონსულტაციები ოფიციალურ მოლაპარაკებებში მას შემდეგ გადაიზრდება, რაც დამტკიცდება შესაბამისი მანდატი. ნიკოლა ვერლეს მიაჩნია, რომ ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის შესაღწევად პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაა საჭირო:

[ნიკოლა ვერლეს ხმა] ”ჩემი აზრით, გადასახადები არ წარმოადგენს მთავარ პრობლემას ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის შესაღწევად, იმიტომ რომ გადასახადები არ არის ძალიან დიდი. ქართული ღვინო, ძირითადად, გადიოდა რუსეთის ბაზარზე და ამიტომ ის ნაკლებადაა ცნობილი. ასევე დაბალია ხარისხისა და რეგულირების სტანდარტები.”

ნიკოლა ვერლე იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრება მომავალი 1 წლის მანძილზე მოხერხდება, რა თქმა უნდა, ქართული მხარის შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG