Accessibility links

logo-print

იაპონელმა მეცნიერმა მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური პრიზი მიიღო


იაპონელმა მეცნიერმა, რომელმაც ენერგოეფექტიანი, ხანგრძლივი მოქმედების სინათლის წყარო გამოიგონა, 15 ივნისს მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური პრიზი მიიღო.

შუიი ნაკამურამ ცისფერი შუქ-დიოდის გამოგონებისთვის ათასწლეულის ტექნოლოგიური პრიზი მოიპოვა. ამ ტიპის ელემენტს “ელ-ეი-დის” - “ლედს” ან ცისფერ ლაზერსაც უწოდებენ. მილიონი ევროს პრიზი ორ წელიწადში ერთხელ ჰელსინკში გადაეცემა ისეთი გამოგონების ავტორს, რომელიც ამა თუ იმ გზით ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. გიამბობთ უფრო დაწვრილებით წლევანდელი გამარჯვებულისა და მისი გამოგონების შესახებ.

შუიი ნაკამურამ თავის გამოგონებაში თავდაპირველად 200 დოლარი მიიღო, ახლა კი მოიპოვა მილიონევროიანი ჯილდო, რითაც მოხდა მისი, როგორც სინათლისა და ლაზერული ტექნოლოგიის პიონერის, აღიარება.

“ლედ”-ის ელემენტი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მეტ ხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა.

ათასწლეულის ჯილდოს ფონდის წარმომადგენელ კაისა-რიიკა სალომაას მიაჩნია, რომ ეს გამოგონება ხელს უწყობს სინათლის შეტანას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას:

[ქალის ხმა]
“ამ ტიპის შუქ-დიოდის ნათურები კარგად მუშაობს მზის ენერგიის სისტემაზე, რადგან ძალიან მცირე ენერგიას მოიხმარს. ასე რომ, ამ ტიპის ნათურების გამოყენება შესაძლებელია განვითარებადი ქვეყნების ყველაზე ყრუ პროვინციებშიც კი. მესამე მსოფლიოში ყველგან არა აქვთ სინათლე. ამ ახალი საშუალების გამოყენებით ჩვენ შეგვეძლება სინათლე შევიტანოთ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.”

სხვადასხვა ფერის “ლედები” 1960 წლიდან გამოიყენება დაწყებული შუქნიშნებიდან, ელექტრონული ეკრანებით დამთავრებული. მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ ცისფერი “ლედის” მიღებას, ვიდრე ამას ნაკამურამ არ მიაღწია 1993 წელს. მაშინ ის ნაკლებად ცნობილ იაპონურ კომპანიაში მუშაობდა.

ნაკამურას გამოგონებას შეუძლია სხვა მხრივაც შეუწყოს ხელი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ულტრაიისფერი ”ლედით” შესაძლებელია სასმელი წყლის იაფად და ეფექტიანად სტერილიზაცია.

ათასწლეულის ჯილდოს ფონდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცისფერი ლაზერი მნიშვნელოვანია კომუნიკაციების თვალსაზრისითაც:

[სალომაას ხმა]
“ამ ცისფერი ლაზერით მონაცემთა ბაზის შენახვა და გადაგზავნა გაცილებით უკეთ შეიძლება, რადგან კომპაქტდისკსა თუ დი-ვი-დი-ზე შენახულ მონაცემთა ბაზის მოცულობა 5-ჯერ იზრდება, ვიდრე ეს არსებული ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი.”

ნაკამურა მეორე ადამიანია, ვინც ათასწლეულის ტექნოლოგიური ჯილდო მიიღო. ორი წლის წინ ჯილდო მიიღო ტიმ ბერნერს-ლიიმ – ინტერნეტის მსოფლიო ქსელის ავტორმა.
XS
SM
MD
LG