Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს როლი ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოების სისტემაში


სულ რამდენიმე დღეა, რაც ევროპას კასპიის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მიეწოდება. წლის ბოლომდე ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიც.

ამ მილსადენთან შეერთება გადაწყვიტა ყაზახეთმა, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია. რა როლი ენიჭება სამხრეთ კავკასიაზე გამავალ ამ მილსადენებს ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს ენერგოსტაბილურობის პროცესში მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება რუსეთის გავლენა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე - ამ და ენერგოუსაფრთხოების კიდევ სხვა საკითხებზე მსჯელობენ თბილისში 20 ივნისს გახსნილ 2 დღიან კონფერენციაზე.

საერთაშორისო კონფერენცია, ”ევრაზიის ენერგოუსაფრთხოება, ბაზრის ხელმისაწვდომობა და საინვესტიციო პოლიტიკა”, საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივაა. მასში სხვადასხვა ქვეყნებისა და უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციას გახსნისთანავე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ, ძირითადად, ვსაუბრობთ ალტერნატივის შექმნაზე, ალტერნატივისა, რომელიც მსოფლიო ბაზრის - განსაკუთრებით კი საწვავის ბაზრის - უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ალტერნატივა და არჩევანის შესაძლებლობა წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის ძრავას. ძლიერი ბაზარი ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ამ მიზნების მიღწევა მხოლოდ გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფით შეიძლება. რაც შეეხება მომავალს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღეს ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია. მსოფლიოს ამ ნაწილში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები არ გულისხმობს მხოლოდ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას, არამედ იმედის – უფრო სტაბილური მომავლის რწმენის - ტრანსპორტირებასაც.”

ასეთი მისია ეკისრება სამხრეთ კავკასიურ ენერგოდერეფანს და ეს რომ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სურვილი არ არის, ჩანს ენერგომატარებლების განაწილების სქემიდანაც, რომელიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კლოდ მანდილმა წარმოადგინა.

მისი განცხადებით, რუსეთი და შემდეგ ცენტრალური აზია მსოფლიო ბაზარზე - ძირითადად კი, ევროპისთვის - ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ მსხვილ და მთავარ მომპოვებლებად და მიმწოდებლებად ჩამოყალიბდებიან. კასპიის ენერგორესურსების წილი მოკრძალებულია - მხოლდ 10 პროცენტი, თუმცა მას დივერსიფიკატორის როლი ენიჭება.

[კლოდ მანდილის ხმა] ”კასპიისა და შუა აზიის ქვეყნები ევროპას უზრუნველყოფენ ენერგომატარებლების დივერსიფიცირებული მიწოდებით, სამხრეთ კავკასიის გავლით. აღმოსავლეთ კასპიის გაზის მიწოდების პოტენციალი მოხერხებულად არის განლაგებული და მასზე არის მოთხოვნა. მაგრამ ყველა ამ პროექტს სჭირდება უზარმაზარი ინვესტიცია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს სჭირდება გამჭვირვალე და თანმიმდევრული მმართველობა იმისათვის, რომ შენარჩუნდეს და გაიზარდოს ინვესტორთა რწმენა. მე მოველი, რომ ეს კონფერენცია შექმნის რწმენის საფუძველს ინვესტორთა მხრიდან და ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაკადის მოდინების საწყის წერტილად იქცევა. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიოს ნავთობითა და გაზით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოემსახურება.”

საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს სხვა წარმომადგენლები, შეეცადნენ კონფერენციის მონაწილენი იმაში დაერწმუნებინათ, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა შექმნილი, მიმდინარეობს პრივატიზაციის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესი. უცხოელი ექსპერტები ანტიმონოპოლიური მექანიზმების არსებობითა და საქართველოს შიდა ბაზრის დივერსიფიცირების სხვა საკითხებითაც დაინტერესდნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის პრივატიზებას არ აპირებს, ხოლო ის, რაც პრივატიზებულია, მონოპოლიის საფრთხეს არ წარმოადგენს. აი, რას ფიქრობს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”საქართველო წინ მიდის სწორი გზით. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ენერგეტიკის სფეროში. სწორედ ამიტომ ტარდება ეს კონფერენცია. საქართველო გახდა იმის მაგალითი, რა შეიძლება მოხდეს, როცა არის ახალგაზრდა ლიდერების ახალი თაობა, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე მივედით. ჩვენ წინ კიდევ ბევრი სერიოზული რეფორმაა.”

მეთიუ ბრაიზას თქმით, მათ შესახებ და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი კოორდინაციის საკითხებზე პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში 5 ივლისისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG