Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ლიდერები ლიბანის სამშვიდობო ოპერაციაში მკაფიო მანდატს მოითხოვენ


ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

მათი შეხვედრის მიზანია, განისაზღვროს, რომელი ქვეყანა რამდენ სამხედრო მოსამსახურეს მიავლენს სამხრეთ ლიბანში, გაეროს ეგიდით მოქმედი 15-ათასკაციანი სამშვიდობო ჯარის შესავსებად. შეხვედრის მოწყობის თაოსანი გახლავთ საფრანგეთი, რომელმაც თავდაპირველად მზადყოფნა გამოთქვა, სათავეში ჩასდგომოდა გაეროს სამშვიდობო ძალებს. თუმცა, ვითარება, როგორც ჩანს, შეიცვალა. იმაზე, თუ რაში გამოიხატება ეს ცვლილება, დავით კაკაბაძე ისაუბრებს.

შაბათს გაკეთებული განცხადებით, რომ 200 სამხედრო მოსამსახურეს დაუყოვნებლივ გაგზავნის გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, პარიზმა, ფაქტობრივად, მოიხსნა მანამდე თითქოს უკვე ნაკისრი ვალდებულება, სამშვიდობო ჯარს გაძღოლოდა. შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, გადაწყდა, ისრაელისა და ლიბანის საზღვრის გასწვრივ 15-ათასკაციანი სამშვიდობო ჯარი განთავსდეს. გაეროს გეგმით, მან და ლიბანის არმიის ასევე 15-ათასიანმა კონტინგენტმა "ჰისბოლაჰის" დაჯგუფებასა და ისრაელს შორის უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტის ჩაცხრობა და, საბოლოოდ, მდგომარეობის სტაბილიზება უნდა უზრუნველყოს.

მაგრამ პარიზი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისია წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ არ ექნა მკაფიოდ განსაზღვრული და ძლიერი მანდატი. ჯერ კიდევ გასულ კვირაში, საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გამოსვლისას, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ განაცხადა, რომ მკაფიო მანდატის არარსებობას შეიძლება კატასტროფა მოჰყვეს.

[მიშელ ალიო-მარის ხმა] "როცა სადმე აგზავნი ჯარს, რომლის მისია მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, და არც მისი რესურსებია საკმარისად დიდი და პირობებს მორგებული, შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდე - ეს იმ ჯარისკაცებსაც ეხება, რომელთაც იქ ვაგზავნით."

თუ საფრანგეთის მედიაში გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, პრეზიდენტი ჟაკ შირაკი თავდაპირველად მზად იყო, ლიბანში ხუთი ათასამდე ჯარისკაცი გაეგზავნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხედრო ექსპერტებს მოეთათბირა, გადაწყვეტილება შეცვალა.

იმავე მიშელ ალიო-მარიმ - თავდაცვის მინისტრმა - ამ რამდენიმე დღის წინათ "ბალკანეთის მწარე გამოცდილება" გაიხსენა. მართლაც, 90-იანი წლების იუგოსლავიაში საერთაშორისო მშვიდობისდამცველებმა ვერ მოახერხეს აღეკვეთათ ან, სულაც, თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო პირთა ხოცვა-ჟლეტა, რადგან მანდატი გადამჭრელი ზომების მიღების უფლებას არ აძლევდათ.

იმისთვის, რათა წარსულის შეცდომები არ განმეორდეს, აუცილებელია, სამშვიდობო ძალებს მკაფიო და ძლიერი მანდატი ჰქონდეთო - ამ შინაარსის განცხადებებს დღეს მხოლოდ პარიზში როდი აკეთებენ. ამასვე ამბობს იტალიაც, რომელსაც ამ ორიოდე დღის წინათ ისრაელმა მიმართა თხოვნით, გაეროს სამშვიდობო ჯარის გაძღოლა ითავოს.

არადა, ცნობილია, რომ იტალიის არცთუ მტკიცე მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია დიდი ხალისით არ აგზავნის თავის ჯარისკაცებს უცხოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ იტალიას თავისი სამხედრო მოსამსახურეები გაჰყავს ერაყიდან.

თუ ისევ ლიბანის სამშვიდობო მისიას დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი მთავარი - და ურთულესი! - ამოცანაა "ჰისბოლაჰის" განიარაღება. გასულ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც განაცხადეს, რომ "ჰისბოლაჰის" განიარაღება საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ფუნქციებში არ შევა.

ასეთ ფონზე სავსებით ლოგიკურად ჟღერს ირლანდიის თავდაცვის მინისტრის, უილი ო'დეის შეშფოთება: "თუ "ჰისბოლაჰი" არ განიარაღდა, ხოლო ისრაელის არმიამ ძალთა გადაჯგუფება მოახდინა, გაეროს მშვიდობისდამცველებს სასიკვდილო ხიფათი დაემუქრებათო."

ვნახოთ, რას უპასუხებენ ოთხშაბათისთვის, ბრიუსელში დანიშნული შეხვედრის მონაწილეები ასეთი შეშფოთების შემცველ შეკითხვებს.
XS
SM
MD
LG