Accessibility links

ტრაგიკული საჰაერო ინციდენტის გამოძიება გრძელდება


უკრაინაში გლოვობენ 22 აგვისტოს დონეცკთან ახლოს საჰაერო კატასტროფაში დაღუპული თვითმფრინავის მგზავრებს.

რუსეთის შავიზღვისპირა კურორტ ანაპიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებისას 170 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ოფიციალური ვერსია, რომელიც ავიაკატასტროფას “ცუდ ამინდს” აბრალებს, ბოლო ხანს რუსული წარმოების თვითმფრინავთა ავარიების გამო, სულ უფრო საეჭვო ხდება.

თვითმფრინავი, რომელიც პულკოვოს ავიახაზებს ეკუთვნოდა, 22 აგვისტოს რადარების ეკრანებიდან 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა და შემდეგ იგი დონეცკიდან 50 კილომეტრის დაშორებით აფეთქდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, წინასწარი გამოძიების თანახმად, დონეცკ-პეტერბურგის ავიარეისის კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავზე მეხის დაცემა გახდა. მაგრამ ამ ვერსიას ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს თვითმფრინავ ტუ-154-ის ერთ-ერთი კონსტრუქტორი, რობერტ მიასნიკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავი აღჭურვილი იყო მოწყობილობით, რითაც შეეძლო თავიდან აეცილებინა მოახლოებული ჭექა-ქუხილი:

[რობერტ მიასნიკოვის ხმა] “მე მთრგუნავს ცნობა, თითქოს ამ საშინელი ავიაკატასტროფის პირველმიზეზი თვითმფრინავზე მეხის დაცემა გახდა. ვინმეს უგულისყურობას თუ გამოვრიცხავთ, მაშინ შეუძლებელი იყო, თვითმფრინავს მეხი დასცემოდა. საქმე ისაა, რომ ამ მანქანის სანავიგაციო მოწყობილობაში არსებობდა რადიოლოკაციური სადგური, სახელწოდებით “ჭექა-ქუხილი”, რომელსაც შეეძლო თავის დროზე აღმოეჩინა ელვის ფრონტი თვითმფრინავის მოძრაობის გზაზე, რათა პილოტს შეძლებოდა გვერდი აევლო მისთვის.”

და მართლაც, თუ დავუჯერებთ სპეციალურ ვებსაიტს, სახელწოდებით planecrashinfo.com, 1938 წლიდან მოყოლებული, მეხის დაცემის გამო კომერციული რეისების აფეთქების სულ 13 შემთხვევაა ცნობილი. სულ ბოლოს მეხის გამო თვითმფრინავი 2000 წელს ჩამოვარდა ჩინეთში. თანამედროვე მფრინავი საშუალებებისათვის მეხი აღარ წარმოადგენს ფატალურ დაბრკოლებას.

უკანასკნელ წლებში რუსული წარმოების თვითმფრინავებიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აშკარად გაუმჯობესდა. მაგრამ იბადება კითხვა: მაშ, რა მიზეზით განიცდიან კატასტროფას რუსული თვითმფრონავები? ეჭვებს კი ასეთი საშინელი სტატისტიკა ბადებს: მიმდინარე წლის ივლისში ციმბირის ავიახაზების კუთვნილი აერობუს ა-310 ირკუტსკთან ახლოს აფეთქდა, დაიღუპა 122 ადამიანი. მაისში სოჭთან ახლოს მოხდა სომხეთის ავიახაზების აერობუს ა-320-ის კატასტროფა, რასაც 110 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ეჭვიან შეკითხვას გამოძიება მას შემდეგ გასცემს პასუხს, რაც ნაპოვნი იქნება პილოტების “შავი ყუთი”. მანამდე კი უკრაინასა და რუსეთში 22 აგვისტოს ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ. თვითმფინავის ბორტზე ხომ 39 ბავშვიც იყო!
XS
SM
MD
LG