Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში კვლავ გამოჩნდა ანალიტიკური პუბლიკაციები აფხაზეთში რუსეთის ინტერესებისა და კოდორის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის შესაძლო გაგრძელების შესახებ,





რასაც თან ახლდა მძაფრი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის “ბოლშევიკური” ქმედებების მიმართ. ამ თანამდიმდევრობით გთავაზობთ განვლილი კვირის უცხოეთის პრესის მიმოხილვას.

“მზე, სერფინგი და ასევე ხაზები “რუსეთის” პლაჟზე” - ასეთი სათაურით ბეჭდავს 20 აგვისტოს “ნიუ-იორკ ტაიმსი” სტატიას. მასში საუბარია საკურორტო სეზონზე თვითაღიარებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები თავისად აღიქვამენ. სტატიის ავტორი ცდილობს აუხსნას მკითხველებს, თუ რას წარმოადგენს აფხაზეთი, მისი თვალწარმტაცი ბუნება; როგორ ხდებოდა აფხაზეთის ათვისება რუსეთის მეფეებისა და კომუნისტური რეჟიმის მიერ და როგორ იქცა იგი ერთ-ერთ დაუმორჩილებელ რეგიონად მთიანი ყარაბახის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად. ”აფხაზეთი საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებს, გამოსცემს ვიზას, აქვს სამინისტროები და საველე სამხედრო ბანაკები, სადაც ათასობით რეზერვისტი გადის ხოლმე წვრთნას. მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო. ეს არის ეთნიკური ანკლავი, რომელსაც განაგებენ ისინი, ვინც დაეპატრონა ამ ტერიტორიას, როდესაც 1993 წელს ცეცხლი შეწყდა. კრემლი აფხაზეთს მფარველობს. ბოლო წლებში, როდესაც საქართველომ დასავლეთისკენ მკვეთრად იწყო მოძრაობა და მისი სამხედრო ძალმოსილება გაიზარდა პენტაგონის სამხედრო დახმარების წყალობით, რუსეთმა დაიწყო მოქალაქეობის მიცემა აფხაზების უმრავლესობისათვის. ეს პოლიტიკა ახლოს დგას ანექსიასთან. აფხაზები კი, ამ დოკუმენტების წყალობით, იქცნენ “რუსებად” საზღვარგარეთ რომ ცხოვრობენ,” - წერს 20 აგვისტოს გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” და იქვე ხაზს უსვამს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიზანს, გაამთლიანოს საქართველო, რასაც შესაბამისი მილიტარისტული ფრაზეოლოგიაც ახლავს.

თბილისის მილიტარისტულ ზრახვებზე უფრო ვრცლად 22 აგვისტოს ავტორიტეტული “ ჯეინს ფორინ რეპორტი” წერს და არ გამორიცხავს, რომ კოდორის ხეობის მოვლენები და საომარი რიტორიკა დაუმორჩილებელი რეგიონების მისამართით საკუთარი საზოგადოებრივი აზრის თვალის ახვევას ემსახურებოდეს.“მმართველი პოპულისტური პარტია ბოლო წლის განმავლობაში განუხრელად კარგავს მომხრეთა რაოდენობას. სოციალური სტაბილურობა და ეკონომიკა, შესაძლოა, იზრდებოდეს, კორუფცია მარცხდებოდეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის “ბოლშევიკებმა” მკაცრად შეავიწროეს დემოკრატიის სივრცე და გაამკაცრეს ზომები განსაკუთრებით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც პიროვნული დაუსჯელობის ქმედებებში ვლინდება,” - წერს 22 აგვისტოს “ჯეინს ფორინ რეპორტი”. ამ კონტექსტში ანალიტიკური ცენტრი იხსენებს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობას, რომლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არათუ გადადგა თანამდებობიდან, არამედ კოდორის მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები და “სააკაშვილსა და ოქრუაშვილთან ერთად ხელისუფლების შიგნით შეიქმნა რკინის სამკუთხედი”, რომელმაც თავისი ორბიტიდან მოიშორა მინისტრი ხაინდრავა, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო ოქრუაშვილის “ქორობაზე”. პუბლიკაციის ბოლოს კი “ჯეინს ფორინ რეპორტი” მკითხველს მოვლენათა განვითარების მისეულ პროგნოზს სთავაზობს:“მას შემდეგ, რაც 2004 წლის ზაფხულში ირაკლი ოქრუაშვილის მებრძოლებმა, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ბრძოლა გამართეს სამხრეთ ოსეთში, ვარაუდები პროვოკაციებსა და მორიგ შეცდომებზე კვლავ დასტრიალებს კონფლიქტის ზონას. საუბრები მშვიდობაზეა, მაგრამ სამზადისი მომავალი კონფლიქტებისკენ არის მიმართული. ნაციონალურ მოძრაობას შესაძლოა დასჭირდეს რაღაცა საკუთარი პოპულარობის გაზრდისათვის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზუსტად 2007/2008 წლის ზამთარში.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG