Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში გაუჩინარდა ჟურნალისტი, რომელიც შამილ ბასაევის ცოლი აღმოჩნდა


ჩვენი დღევანდელი სიუჟეტი ჟურნალისტების გატაცებას ეხება. თუმცა 26 წლის ჩეჩენი ელინა ერსენოევა, რომლის ბედითაც ჟურნალისტების უფლებათდამცველი ორგანიზაციები

სერიოზულად არიან შეშფოთებულნი, უბრალო ჟურნალისტი არ არის. როგორც გაირკვა, ელინა ყოფილა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის ცოლი, რასაც ჟურნალისტი საიდუმლოდ ინახავდა. ჰელსინკის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე, მოუწოდებენ რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფალთ, გაათავისუფლონ ელინა ერსენოევა.

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთის, “ჩეჩენსკოე ობშესტვო”-ს, კორესპონდენტი ელინა ერსენოევა თავის სტატიებში გროზნოს საპატიმროებში შექმნილ ვითარებაზე წერდა. მაგრამ უკვე ცხადია, რომ მისი გაუჩინარება პუბლიკაციებს არ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციებით, არსენოევა დაქორწინებული ყოფილა ცნობილ ჩეჩენ საველე მეთაურზე, შამილ ბასაევზე, რომელიც ივლისის დასაწყისში მოკლეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის აარონ როუდსის თქმით, ერსენოევა ამის გამო დამნაშავედ არ უნდა ჩაითვალოს.

[აარონ როუდსის ხმა]“ახლა უკვე ცხადია, რომ იგი (ერსენოევა) შამილ ბასაევის ცოლი იყო. ჩვენ ასე ვფიქრობთ. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ადამიანი თვითონ არაფერშია დამნაშავე. იგი არ იმსახურებს ისე მოეპყრონ, როგორც ეპყრობიან. ყოვლად დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დარღვევის გამართლება იმ მოტივით, რომ ის ამა თუ იმი პირის მეუღლეა.”

აარონ როუდსი იხსენებს, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე ჰელსინკის ორგანიზაციის სახელზე დაწერილ წერილში ერსენოევა ჩიოდა, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის სპეცდანიშნულების წარმომადგენლები ავიწროებდნენ მას და მის ოჯახს. ერსენოევას წერილის თანახმად, მას სწორედ შამილ ბასაევის ცოლობის გამო სდევნიდნენ.
შამილ ბასაევი 9 ივლისს მოკლეს. ერთი წლით ადრე კი იგი და ერსენოევა დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინების შესახებ მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი მხოლოდ ჟურნალისტი ქალის გაუჩინარების შემდეგ გახდა ცნობილი. აი, რა განუცხადა რადიო “თავისუფლებას” ჩეჩნეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა საბჭოს საინფორმაციო ცენტრის უფროსმა ტაისა ისაევამ:

[ტაისა ისაევას ხმა] “სიმართლეა, რომ იგი შამილ ბასაევზე იყო დაქორწინებული. ერთი წლის წინ გაჰყვა ცოლად. ერსენოევას ოჯახის ახლობლებმა ეს გაუჩინარებიდან მეორე დღეს გაიგეს, როდესაც რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურებმა გასასაუბრებლად დაიბარეს. ელინას დედამ ამის შესახებ ბასაევის სიკვდილის შემდეგ გაიგო. მანამდე ელინა ცდილობდა საიდუმლოდ შეენახა ეს ამბავი. არავინ – არც მისმა დედამ და არც მისმა რომელიმე კოლეგამ - ეს ყურმოკვრითაც არ იცოდა.”

შამილ ბასაევისა და ჩეჩენი ჟურნალისტი ქალის ურთიერთობის დეტალები უცნობია. როგორც ისაევა, ისე ჰელსინკის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩეჩენთა ერთ-ერთი ლიდერის ცოლობას იძულებით დათანხმდა ერსენოევა, რომელსაც, ისაევას თქმით, ბასაევი იყენებდა. ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების თქმით, ჟურნალისტის გაუჩინარებაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავად ერსენოევა კი 17 აგვისტოს შემდეგ, რაც ის უცნობმა შეიარაღებულმა ფორმიანმა პირებმა დღისით გროზნოს ცენტრიდან გაიტაცეს, არავის უნახავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG