Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში ჩასვლას ბევრი მიგრანტი ლამობს - პარალელურად, ბრიტანეთის ბევრი მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ოცნებობს


ბრიტანეთში იმიგრაციის პროცესები და სამუშაოს საძიებლად

ჩასული ადამიანების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, თუმცა, ამავე დროს, სულ უფრო მეტი ბრიტანელი აცხადებს, რომ ემიგრაციაში წასვლაზე ოცნებობს. ცხოვრების გაძვირების, მაღალი გადასახადების, დანაშაულის ზრდისა და განათლების სტანდარტის დაცემის გამო, ბევრი ბრიტანელი საცხოვრებლად ავსტრალიაში, კანადასა ან ესპანეთში გადადის. სხვები კი პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და რუმინეთში უძრავი ქონების სიიაფის შესახებ სატელევიზიო რეკლამების გავლენის ქვეშ არიან მოქცეული და საცხოვრებლად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფიქრობენ გადასვლას. ბრიტანელი ფერმერები რუსეთშიც კი სახლობენ.

ბრიტანეთში ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 ათასი იმიგრანტი ჩადის. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, სამუშაოს საძიებლად ქვეყანაში, დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი ჩავიდა.

პარალელურად, ქვეყანას ათასობით ბრიტანელი ტოვებს. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 2004 წელს სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად 360 ათასი ბრიტანელი გადავიდა. და, როგორც ჩანს, ეს რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება.

სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა ბევრ ბრიტანელს სურს. ორგანიზაცია ”ICM"-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ემიგრაციაში წასვლაზე გამოკითხულთა 54 პროცენტი ფიქრობს.

ლონდონის ცენტრში ნემისმიერ ქუჩაზე სეირნობისას აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იგივეს გეტყვიან. მაგალითად, 46 წლის ადვოკატი ბერნი ასე ფიქრობს:

[ბერნის ხმა] ”ამაზე მიფიქრია, ოღონდ მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. სხვა ქვეყანაში წასვლაზე ჩემი ვაჟიც ფიქრობდა - ის ახალგაზრდაა, 24 წლის. ახლა სამსახური დაიწყო, თუმცა იყო დრო, როდესაც ემიგრაციაში წასვლას აპირებდა. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება წელიწადის გარკვეულ დროს, როცა აქ ამინდიც კი ფუჭდება და საზღვარგარეთ ყველაფერი უფრო მიმზიდველი ჩანს.”

მნიშვნელოვანია, რომ ”ICM"-ის რესპონდენტთა, დაახლოებით, 13-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ემიგრაციაში წასვლას ახლო მომავალში აპირებს. 2003 წელთან შედარებით, ეს გაორმაგებული მონაცემია.

მიზეზებს რაც შეეხება, ბევრის აზრით, სხვა ქვეყნებში ცხოვრება, უბრალოდ, უკეთესია. უკმაყოფილებას ბრიტანეთში ცხოვრების სტანდარტის გაუარესება იწვევს. ამას ხშირად ფასების ზრდას, მაღალ გადასახადებს და კრიმინალის გახშირებას უკავშირებენ.

56 წლის ჯუდი ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. ის ამბობს, რომ სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, უფრო ახალგაზრდა რომ იყოს, ემიგრაციაში წავიდოდა:

[ჯუდის ხმა] ”მე რომ, ვთქვათ, 15 წლით ახალგაზრდა ვიყო, ემიგრაციაში წასვლაზე სერიოზულად დავფიქრდებოდი. რატომ? იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ინგლისში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ლეიბორისტებს ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.”

ჯუდი ამბობს, რომ საშუალება რომ ჰქონდეს, საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უცხოეთში, დაახლოებით, 5 მილიონი ბრიტანელი ცხოვრობს. 600 ათასამდე ბრიტანეთის მოქალაქე საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, 200 ათასი - ესპანეთში, 200 ათასი -საფრანგეთში. ევროპის გარეთ ბრიტანელები საცხოვრებლად კანადასა და შეერთებულ შტატებში გადადიან.

38 წლის ჰარი ლონდონში ცხოვრობს და უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს. ამბობს, რომ ერთ დროს კანადაში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას:

[ჰარის ხმა] ”კი, ახალგაზრდობაში ვანკუვერში ვაპირებდი წასვლას. ოჯახის, ჩემი ცოლის მშობლების გამო არ წავედი.”

ჰარის თქმით, ის და მისი ცოლი ახლა პენსიაზე გასვლას ელოდებიან, რომ საცხოვრებლად რომელიმე თბილ ქვეყანაში გადავიდნენ.

ემიგრაციაში წასვლისთვის საპენსიო ასაკს მხოლოდ ჰარი არ ელოდება. ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 30 პროცენტს მსგავსი გეგმები აქვს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამგვარი გეგმების გაჩენას უწყობს ხელს, მედიაა. ბრიტანეთში ხშირია სატელევიზიო პროგრამები, სადაც იტალიაში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში ბრიტანელებისთვის ხელმისაწვდომ ფასად გასაყიდ სახლებს აჩვენებენ.

თუმცა ბრიტანეთის ბევრი მოქალაქე საცხოვრებლად კიდევ უფრო აღმოსავლეთით - პოლონეთში, ჩეხეთში ან რუმინეთში - გადადის.

50 წლის სტივენ უიკსი მწერალია. ის ახლახან ჩამოვიდა ჩეხეთში. უიკსი ამბობს, რომ ბრიტანეთის დატოვება ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების გამო გადაწყვიტა:

[უიკსის ხმა] ”ბრიტანეთში თავს სულ უფრო ცუდად ვგრძნობდი. ჩემთვის იქ ყველაფერი უარესდებოდა. ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილების მოხდენა მინდოდა - ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ფიქრს და ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გააზრებას შევძლებდი.”

უიკსის აზრით, ის ზრდილობიანი, ღრმად ტოლერანტული და, ამავე დროს, ძლიერი ბრიტანეთი, რომელშიც მისი მამის თაობა ცხოვრობდა, აღარ არსებობს. უიკსი ფიქრობს, რომ ყოველივე ამას ახლა ფეხბურთის გულშემატკივრების ხულიგნობა და ლუდით დამთვრალი ახალგაზრდების უხამსი ქმედებები ცვლის. უიკსის თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ ბრიტანეთში აღარ არსებობს მყარი მორალური ფასეულობები და არც გლობალიზაციით მოტანილ პრობლემებს ებრძვის ვინმე.

უიკსი უკვე წერს წიგნს, რომელიც ჩეხეთს ეხება. მწერალს მიაჩნია, რომ უცხოეთში მხოლოდ უკეთესი ამინდის ან სიიაფის გამო საცხოვრებლად გადასვლა დადებით შედეგს არ მოიტანს. წარმატებული ემიგრაციისთვის ახალი ქვეყნის კულტურაში გათვითცნობიერებაა საჭირო, აცხადებს უიკსი. მისი აზრით, ამისათვის აუცილებელი სულაც არ არის მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში გადასვლა - პირიქით, ენის შესწავლა, შესაძლოა, თავისთავად გახდეს კულტურასთან დამაახლოებელი პროცესი.

როგორც ჩანს, ემიგრაციაზე ფიქრისას ბრიტანელებისთვის ენა, მართლაც, არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. ბრიტანული გამოცემის, ”ტაიმსის”, ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბრიტანელები თანდათან რუსეთშიც ჩადიან. მაგალითად, 44 წლის ფერმერი კოლინ ჰინჩლი სამხრეთ რუსეთში 12 ათას ჰექტარზე მუშაობს და თავს წარმატებულად მიიჩნევს.

თუმცა, გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, ბრიტანეთში ბევრ ისეთ მოქალაქესაც ნახავთ, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას არასოდეს დატოვებს:

[ნორინის ხმა] ”ემიგრაციაში წასვლა არ მინდა. ჩემი ქვეყანა მიყვარს და აქ ცხოვრებაც მომწონს.”

33 წლის ნორინის თქმით, ბრიტანეთიდან ემიგრაციის სურვილი მას არც არასოდეს ჰქონია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG