Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიული განათლების ცენტრები და უმუშევრობის დაძლევის პროგრამა


საქართველოს მთავრობამ დაიწყო განხორციელება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივისა, რომელიც მიზნად ისახავს უმუშევართა დასაქმებასა და პროფესიული

კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიზნით მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოში 10 პროფესიული განათლების ცენტრი ამუშავდება. ამდენივე ცენტრის გახსნა იგეგმება 2007 წელს. მათი მეშვეობით ყოველწლიურად 8 ათასამდე მოქალაქე პროფესიულ განათლებას შეიძენს. მინდა საქართველოს მთავრობის ამ ახალი პროგრამის შესახებ გესაუბროთ.

15 წლის წინ უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობით სახელგანთქმული საქართველო დღეს პროფესიული კადრების სიმწირესა და უმუშევრობის მწვავე პრობლემებს განიცდის.

[მოქალაქის ხმა] ”პედაგოგები ვართ სახლში, გვიჭირს, შვილი 40 წლის მყავს, 2 ინსტიტუტი დაამთავრა და სახლში უმუშევარია, რძალი უმუშევარია. მე ვმუშაობ და მე კი არ უნდა ვმუშაობდე, ახალგაზრდები უნდა იყვნენ დასაქმებული...”(სტილი დაცულია)

ამ მოქალაქეებისთვის ისეთი კვალიფიკაციის მისაცემად, რომელიც თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, განათლების სამინისტროს სტრუქტურაში ყოფილი პროფტექნიკუმების ბაზაზე პროფესიული გადამზადების ცენტრები ამუშავდება. ყოფილი პროფტექნიკუმების პედაგოგებს, რომლებსაც ახლა ამერიკელი სპეციალისტები ამზადებენ, 29 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა და კულტურულ რევოლუციაზე ელაპარაკა:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვინდა, რომ დღეს ხალხი მიხვდეს, - და მიხვდება ამას ძალიან ჩქარა, როცა პირველები დასაქმდებიან, - აი, თუ გინდა, რომ ცხოვრებაში გამოდგე, აი, აქ უნდა წახვიდე და აქ უნდა ისწავლო. 4-5 და 6 წელი კი არ უნდა დაიცადო სადღაც, აქ შეიძლება ისწავლო რამდენიმე თვეში ის, რაც მერე ცხოვრებაში უნდა გააგრძელო სწავლა, მაგრამ შეგიქმნის ბაზას იმისათვის, რომ შენი ოჯახი გყავდეს კმაყოფილი და შენ თვითონ ორივე ფეხზე მყარად იდგე. ეს არის კულტურული რევოლუცია, გარკვეული გაგებით. მაგრამ ერთად გავაკეთოთ ეს რევოლუცია. არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება ამ ეგრეთ წოდებული კულტურული რევოლუციით კვალიფიციურ კადრებზე - ზეინკლებზე, შემდუღებლებსა თუ ელექტრომექანიკოსებზე - გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, პროფესიული გადამზადების ცენტრები ისეთი დონის სპეციალისტებს გამოუშვებენ, რომ მომდევნო 1 წელიწადში უმუშევრობა თითქმის განახევრდება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”მომავალ წელს დამატებით შეიქმნება, დაახლოებით, 80-85 ათასი სამუშაო ადგილი საქართველოში. უმუშევრობა საქართველოში განახევრდება პრაქტიკულად და, შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს სამუშაო ადგლები შეივსოს კვალიფიციური მუშახელით, საჭიროა ეს პროგრამები სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.”(სტილი დაცულია)

წელს პროფესიული განათლების 10 ცენტრში უმუშევრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნესმენებისა და მეწარმეებისგან მოთხოვნილი პროფესიების მიხედვით განხორციელდება. ამისათვის ყოფილი პროფტექნიკუმების რეკონსტრუქცია და ტექნიკური გადაიარაღება ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით განხორციელდა.

უმუშევრობის დაძლევისკენაა მიმართული პრეზიდენტის მეორე პროგრამაც, რომელიც კერძო სექტორში უმუშევრების 3 თვიანი პრაქტიკის დაფინანსებას გულისხმობს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიაა და არა გრძელვადიანი პროგრამები. მთავრობის დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს აკრიტიკებს ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტიც, რომლებიც ამბობენ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა თვითონ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, არეგულირებს როგორც მოთხოვნას კვალიფიციურ კადრებზე, ასევე მათი განათლებისა თუ გადამზადების საკითხებს.
XS
SM
MD
LG