Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებენ "რუსთავის 2"-ის თანამშრომლები?


26 აგვისტოს საქართველოს სატელევიზიო სივრცეში სკანდალური საკადრო ცვლილება მოხდა: დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ.

უკმაყოფილო ჟურნალისტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, შეაჩერა საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" ეთერში გასვლა. რა ხდება ამის შემდეგ ტელეკომპანიაში? კობა ლიკლიკაძე ტელეფონით დაუკავშირდა "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს თენგიზ გოგოტიშვილს.

კობა ლიკლიკაძე: ნიკა ტაბატაძის წასვლა და, შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტის პროტესტი. მოდი, აქედან დავიწყოთ, თენგიზ. რა ეტაპზეა იმ ჟურნალისტების გადაწყვეტილება, რომლებიც ნიკა ტაბატაძესთან ერთად აპირებდნენ "რუსთავი 2"-დან წასვლას?

თენგიზ გოგოტიშვილი: მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის; ანუ ჟურნალისტები, რომელთაც თქვეს, რომ ალბათ დატოვებენ "რუსთავი 2"-ს (მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ), ჯერჯერობით ელოდებიან ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა, მოხდეს 11 სექტემბრამდე. 11 სექტემბერს, ამ ტრაგიკულ დღეს, უნდა გაირკვეს, ალბათ, "რუსთავი 2"-ის ბედიც. რამდენიმე ჟურნალისტი, რამდენიმე პროდიუსერი ჯერჯერობით იხრება იმისკენ, რომ ალბათ დატოვებს "რუსთავი 2"-ს, რაკი ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ნიკა ტაბატაძის წასვლის შემდეგ მათ ექნებათ ჟურნალისტური მოღვაწეობის ისეთივე თავისუფლება, როგორიც ჰქონდათ აქამდე. ცხადია, თანამედროვე საქართველოში შეუძლებელია ლაპარაკი იმაზე, რომ ჟურნალისტი თავისუფალი იყოს. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება, ყოველთვის არის რაღაც წყალქვეშა დინებები - მეტ-ნაკლებად შესამჩნევი უცხო თვალისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტები ამის შესახებ ყოველთვის კარგად არიან ინფორმირებული. თუმცა, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაზე თუ ვილაპარაკებთ, დღემდე ასეთი ზეწოლა (თუ ვილაპარაკებთ სამთავრობო ზეწოლაზე) უშუალოდ ჟურნალისტებამდე არასოდეს ჩამოსულა. არხის ხელმძღვანელობა, იგივე ნიკა ტაბატაძე, ყოველთვის ახერხებდა ბალანსის დაცვას სიმართლის თქმასა და ხელისუფლების გარკვეულ სამართლიან თუ უსამართლო მოთხოვნებს შორის. დღეს ჟურნალისტები უკვე აღარ არიან დარწმუნებული, რომ ვიღაც შეძლებს იგივეს გაკეთებას და ეს ბალანსი ისევ ისე იქნება დაცული, ან უფრო გადაიხრება სიმართლის მხარეს ვიდრე აქამდე.

კობა ლიკლიკაძე: თენგიზ, მახსოვს, რომ სამხედრო თემას ჩამოგაცილეს გარკვეული მოსაზრებებით...

თენგიზ გოგოტიშვილი: "ჩამომაცილეს" ცოტა არაზუსტი ნათქვამია, ალბათ. მე თვითონ ჩამოვცილდი სამხედრო თემას, რადგან მივხვდი, რომ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელმა, უბრალოდ, ჩამიკეტა ყველა გზა - სამინისტრომდე მისასვლელი და სამხედრო ინფორმაციის მოსაპოვებელი. ოფიციალურ გზებს ვგულისხმობ. რაც შეეხება არხის ხელმძღვანელობას, მისი მცდელობის მიუხედავად, ვითარება არ შეიცვალა. ამიტომ ვარჩიეთ, გავრიდებოდით ამ სიტუაციას და მე, უბრალოდ, დღეს სამხედრო თემებზე აღარ ვმუშაობ.

კობა ლიკლიკაძე: თენგიზ, ბოლო ორი თვის განმავლობაში "რუსთავი 2"-დან წავიდა ეკა ხოფერია, ახლა არხს ტოვებს ნიკა ტაბატაძე... ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქმნიდა "რუსთავი 2"-ს და რომლითაც უამრავ მაყურებელს დაამახსოვრდა და შეუყვარდა "რუსთავი 2" და გულშემატკივრობდა მას. რა მოხდა? გაქვს თუ არა ისეთი ინფორმაცია, რაც ჯერჯერობით არ გითქვამს საზოგადოებისთვის, მაგრამ აპირებ თქმას?

თენგიზ გოგოტიშვილი: რაც შეეხება ამ კონკრეტული ორი ადამიანის შემთხვევას, მე ეჭვი მეპარება, რომ 11 სექტემბრის შემდეგ რამე გახდეს ცნობილი. მე ახლა ვლაპარაკობ პირადად ჩემი სახელით და ნაწილობრივ იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ არხის გარეთ. რაც შეეხება უშუალოდ ტაბატაძეს და ხოფერიას, ეს პირადად მათი გადასაწყვეტია, ისაუბრებენ თუ არა იმ მოტივებზე, რომელთა გამოც მათ მოუხდათ არხის დატოვება. თუმცა, ჟურნალისტებმა, როცა დასვეს შეკითხვა, რატომ გაათავისუფლეს ჩვენი გენერალური დირექტორიო, პასუხი ვერ მიიღეს.

კობა ლიკლიკაძე: თენგიზ, მე და შენ ჟურნალისტები ვართ და კარგად ვიცით, რომ ზოგჯერ ჩვენთვის ინფორმაციის წყარო ხდება კულისები, რომელიც ხშირად გამხდარა ხოლმე ერთგვარი გზამკვლევი შემდგომი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მე ახლა პრაღაში ვარ და აქაც კი გავიგე, რომ იყო რაღაც სახელისუფლებო ჩარევა იმაში, რამაც "რუსთავი 2" მიიყვანა დღევანდელ ვითარებამდე. მე ამას არ დავარქმევ კრიზისს, შეიძლება ეს ჩემგან არ იყოს კორექტული... აქვს თუ არა საფუძველი ამგვარ ხმებს?

თენგიზ გოგოტიშვილი: ცხადია, როდესაც ადამიანები იღებენ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათი ცხოვრებისთვის პრინციპულ გადაწყვეტილებას - მიდიან არხიდან, მიდიან ტელევიზიიდან - ცხადია, მათაც უჩნდებათ გარკვეული ვერსიები, ისინი ერთმანეთში ან ლაპარაკობენ, ან ვერ ლაპარაკობენ... არაფრის გამორიცხვა, ბუნებრივია, არ შეიძლება. ცხადია, არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებისას ყველა ვხვდებით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ვხვდებით, რომ ეს, ალბათ, პოლიტიკურ წრეებში მიღებული გადაწყვეტილებაა და პოლიტიკის გამო მიღებული გადაწყვეტილებაა სწორედ. თუმცა, რაიმეს დაკონკრეტება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მიჭირს, იმიტომ, რომ ტაბატაძის წასვლის მიზეზი ჟურნალისტებისთვის არავის აუხსნია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG