Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭერილი პოლკოვნიკის ამბავი საერთაშორისო ორგანიზაციებს შეატყობინეს


დაჭერილი პოლკოვნიკის გიორგი თავდგირიძის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საქართველო ნატოში”.

ორგანიზაცია გამოთქვამს ეჭვს, რომ სახმელეთო ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მიმართვა უკვე მიიღეს ადრესატებმა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს პრესისა და ინფორმაციის სამსახურში, ევროსაბჭოსა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრში. ინფორმაცია მიეწოდა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

განცხადება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის სამხედრო კარიერის მაღალი შეფასებით იწყება:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართული შენაერთის - შავნაბადას ბატალიონის - მეთაური. ის იყო ლოგისტიკის ბატალიონის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თავდაცვის სამინისტროში, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც საწყისებთან იდგა ქართულ-ამერიკული წვრთნის და აღჭურვის პროგრამისა. ის იყო ლოგისტიკის კონცეფციის ავტორი და არის კიდეც. ის იყო თავდაცვის სამინისტროს აკადემიის რექტორი, მათ შორის, იმ წლებშიც, როდესაც ეს სამინისტრო ამზადებდა ოფიცრებს ნატოს ქვეყნებში სასწავლებლად გასაგზავნად.” (სტილი დაცულია)

შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, ამბობს, რომ თავდგირიძე სტრატეგიული იდეის ერთგული, თავდადებული ადამიანია:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით აქვს დამტკიცებული ადამიანს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი ერთგულება. ასე რომ, თუ საქართველო ნატოსკენ მიდის, ჩემი, როგორც მოქალაქის, აზრით, ის გამოსაყენებელია და არა თადარიგში გასაშვები და, მით უმეტეს, არა დასაჭერი.” (სტილი დაცულია)

ფიჩხაძის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში საგანგებოდ ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ პოლკოვნიკი თავდგირიძე ბოლო პერიოდში მუდმივად აკრიტიკებდა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო პოლიტიკას. ის კორუფციაში ამხელდა თანამდებობის პირებს და სერიოზულ ეჭვს გამოთქვამდა რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, ის ვარაუდობდა, რომ ნატოს სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამო სამხედრო ტექნიკას თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ”გაყინული კონფლიქტების” ძალისმიერი მეთოდებით მოსაგვარებლად იმარაგებდა. ფიჩხაძის ორგანიზაციას ”საქართველო ნატოში” უჩნდება ეჭვი, რომ თავდგირიძე ამ თამამი დაპირისპირების მსხვერპლი გახდა:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დევნა პოლიტიკურ ნიადაგზეა. რაც იქ არის ჩამოთვლილი, ჩვენს განცხადებაში, და აგრეთვე ზოგიერთი სხვა ფაქტი გვაძლევს ამის საფუძველს.”

გერმანიის ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებულმა, თავდაცვის სამინისტროს ხმამაღალი კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედრო აკადემიის რექტორის პოსტიდან გათავისუფლების ამბავი, არც მეტი და არც ნაკლები, ტელევიზიით შეიტყო. ოდნავ მოგვიანებით ის პარტია ”ახალი მემარჯვენეების” რიგებს შეუერთდა. თავდგირიძის დაჭერა სწორედ ყოფილ პოსტს უკავშირდება. პოლკოვნიკს სასამართლო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენებას ედავება. აქვე ვიტყვი, რომ ზარალი 25 ათას 881 ლარითა და 13 თეთრით განისაზღვრება, თუმცა ვერავინ ამტკიცებს, რომ გიორგი თავდგირიძემ ეს ფული მიითვისა:

(ლადო ნორაკიძის ხმა) ”ეს არის ხელფასები, ჩვეულებრივი, რომლებიც გაიცა მასწავლებლებზე და რომლითაც სწავლა არ შეწყდა, თორემ, ხელფასების გაუცემლობის შემთხვევაში, აკადემიაში სწავლა სრულიად გაჩერდებოდა.” (სტილი დაცულია)

დაკავებულის ადვოკატი ლადო ნორაკიძე ამბობს იმასაც, რომ თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების დაქირავება გენერალური შტაბის კადრების განყოფილების კომპეტენციაში გადადიოდა, სამხედრო აკადემიაში დროულად არ მისულა:

(ლადო ნორაკიძის ხმა) ”აკადემიაში არ მისულა ოქრუაშვილის ბრძანება და თუ არ მივიდა ბრძანება და არ მიაწოდეს აკადემიის ხელმძღვანელობას, როგორ უნდა შეესრულებინა ეს ბრძანება?!” (სტილი დაცულია)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი თავდგირიძეს 7 სექტემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ოდნავ მოგვიანებით კი უარი უთხრა გირაოს გადახდაზეც. შალვა ფიჩხაძე ეჭვს კიდევ ერთხელ გამოთქვამს და პარალელს მაია ნიკოლეიშვილთან ავლებს:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”პიროვნება, რომელმაც აღიარა, რომ გადატრიალების შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას, ეს პიროვნება სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს 10 ათასი ლარის გირაოთი. პოლკოვნიკ თავდგირიძეს 50 ათასი ლარის გირაოს უფლებაც კი არ მისცეს, რომ წასულიყო თავდებით. ახლა, მოდით და მითხარით, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა...”. (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG