Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპის ბოდიშის მოხდამ მუსლიმანური სამყარო შედარებით დააწყნარა


მუსლიმანური სამყაროს ლიდერებიდან ზოგი რისხვით და ზოგი გაგებით გამოეხმაურა რომის პაპის ბენედიქტე მე-16-ის

მიერ გამოხატულ წუხილს იმ აღშფოთების გამო, რომელიც პონტიფიკის ამასწინადელ საჯარო ლექციას მოჰყვა. შუა საუკუნეების ქრისტიანული და მუსლიმი მოღვაწეების დიალოგის ციტირება, მუსულმანურმა სამყარომ ისლამზე თავდასხმად შეაფასა. 17 სექტემბერს ბენედიქტე მე-16-მ განაცხადა, რომ მისი ლექციის განზრახვა იყო გულწრფელი და გულღია დიალოგისკენ მოეწოდებინა ორი სარწმუნოების მიმდევრებისათვის. პაპის ამ განმარტების შემდეგ მულიმანური სამყაროს რისხვამ იკლო, თუმცა კათოლიკური ეკლესიის მწყემსმთავრისაგან მუსლიმი ლიდერები კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ.

მუსლიმანური სამყარო კვლავ რისხვით ბობოქრობს რომის პაპის გამონათქვამზე. გავლენიანმა ირანელმა სასულიერო პირმა და სამთავრობო ექსპერტთა საბჭოს წევრმა აჰმად ხათამიმ 17 სექტემბერს ქალაქ ყუმში განაცხადა, რომ რომის პაპმა მუსლიმანურ სამყაროს ბოდიში უნდა მოუხადოს:

[აჰმად ჰათამის ხმა] “პაპმა მუხლი უნდა მოიყაროს უმაღლესი მუსლიმი სასულიერო პირების წინაშე და შეეცადოს, გაიგოს ისლამი, რათა მომავალში ასეთი აბსურდული რამ აღარასოდეს წამოსცდეს.”


ეგვიპტის ოპოზიციური ჯგუფი, “მუსლიმთა ძმობა”, მიესალმა პაპის ძალისხმევას, განიმუხტოს დაძაბულობა. თუმცა ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამედ ჰაბიბი, პაპის ამ განცხადებას მხოლოდ პირველ ნაბიჯს უწოდებს:



[მუჰამედ ჰაბიბის ხმა]“მინდა აღვნიშნო, რომ პაპის დღევანდელი გამონათქვამი იმ სიტყვების უკან წაღებას ნიშნავს, გერმანიაში 12 სექტემბერს რომ წარმოთქვა. ეს კარგი ნაბიჯია სრული ბოდიშისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ნიშნავდა ნამდვილი ბოდიშის მოხდას ისლამისა და მუსლიმანი ხალხის წინაშე.”


17 სექტემბერს ვატიკანმა გაავრცელა რომის პაპის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პაპი ღრმად შეაშფოთა მუსლიმანური სამყაროს რეაქციამ. იქვე კათოლიკური ეკლესიის მამამთავარი განმარტავს, რომ ციტატა მოტანილი იყო შუა საუკუნეების დროინდელი ტექსტიდან და რომ იგი არ გამოხატავს მის პირად შეხედულებას. აი, ის სიტყვებიც, რამაც მულიმანური სამყარო ყალყზე დააყენა:

[ბენედიქტ მე-16-ის ხმა] “მიჩვენე, რა სიახლე მოიტანა მუჰამედმა და ნახავ, რომ ეს ბოროტება და სისასტიკე იქნება, ისეთი, როგორიც არის მისი ბრძანება მახვილის ძალით რწმენის გავრცელების შესახებ."

რომის პაპმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ბოდიში დაამშვიდებს მუსლიმანებს და დაარწმუნებს მისი მიმართვის სიმართლეში, რომელიც იყო და არის ის, რომ გულწრფელი და გულღია დიალოგისათვის მოუხმოს ქრისტიანებს და მუსლიმანებს.
ბენედიქტ მე-16-ის ამ გულისტკივილმა მუსლიმანურ სამყაროს ნაწილში რისხვა, მართლაც, ჩააცხრო. თურქეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა ალი ბარადკოღლუმ განაცხადა, რომ ეს პაპის მიერ მუსლიმანური სამყაროსადმი პატივისცემის დადასტურება, ცივილიზებული პოზიციის გამოხატულება იყო. სხვათა შორის, თურქეთის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, რომ 12 ნოემბერს თურქეთში რომის პაპის ვიზიტია დაგეგმილი და, თუკი მუსლიმანური სამყაროს რისხვა არ ჩაცხრა, თურქეთში არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ვიზიტი არ შედგეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG