Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მნიშვნელობას ანიჭებს ნატო შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობას და რა აფერხებს ამ თანამშრომლობას


საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექტსში შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებული იყო ცივი ომის ეპოქაში და ასეთად რჩება დღესაც,


ყველა იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ და მოგვიანებით ევროატლანტიკური სტრუქტურების გაფართოებამ გამოიწვია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მიაჩნიათ, რომ შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, თუმცა მკაფიოდ განსაზღვრავენ მიზეზებსაც, რაც ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას რეგიონის ქვეყნებთან. უმთავრეს მიზეზთა შორის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში არსებული ე.წ. “გაყინული კონფლიქტებიც” სახელდება. რა გზით ცდილობს ნატო ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტების მოგვარებას და რა პრეტენზია აქვს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ალიანსის ლიდერებთან ამ თვალსაზრისით?

ნოემბერში რიგაში დაგეგმილ ნატოს სამიტის ძირითადი ნაწილი ალიანსის ტრანსფორმაციის პროცესს, მისი სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან პარტნიორობის გადახედვასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველო ამ სამიტს ერთგვარი იმედითაც ელოდება. ამ თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს იმ შეხედულებების გაცნობა, რომლებიც საქართველოსთან და ზოგადად შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ნატოში არსებობს.

დასაწყისშივე გეტყვით: ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მიაჩნიათ, რომ შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით ალიანსს არა აქვს კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა. ამას, ერთი მხრივ, განაპირობებს ისიც, რომ თავად შავი ზღვის რეგიონის კონცეფცია ობიექტურ მიზეზთა გამო ჩამოყალიბების პროცესშია. ნატოში ყურადღებით აკვირდებიან თანამშრომლობის იმ მოქმედი სტრუქტურების მუშაობას, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, მაგალითად, ისეთებისა, როგორებიცაა: ბისეკი, სუამი, ბლექსიფორი და ა.შ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბერტ მიდელი თავის ნაშრომში შენიშნავს, რომ შავი ზღვის რეგიონს ზოგი წმინდა გეოგრაფიულ კონტექსტში განიხილავს და მას მხოლოდ შავი ზღვისპირა ქვეყნებს მიაკუთვნებს, ზოგიერთი კი შავი ზღვის რეგიონს გეოპოლიტიკურ/სტრატეგიულ ერთობად განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში შეიძლება მოიაზრებოდეს ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით, მათი გამორიცხვა რეგიონიდან გაუმართლებელია.

მართალია, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს ისტორიულად ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონულ თანამშრომლობას. ერთ-ერთი ფაქტორი დღესდღეობით გაყინული კონფლიქტებია.

ბერტ მიდელი წერს, რომ შავი ზღვის რეგიონის, როგორც ერთიანობის, აღქმა ნატოშიც და ევროკავშირშიც ემბრიონულ ფაზაშია. ასევე სათანადოდ არ არის გააზრებული ისიც, რომ შავი ზღვის რეგიონის შიდა თანამშრომლობის განვითარება და რეგიონის რიგი ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ერთმანეთის შემავსებელი პროცესებია.

რეგიონის მიმართ ნატოს სტრატეგიული ინტერესის საფუძვლად საპარლამენტო ასამბლეის წევრი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მიიჩნევს. ენერგორესურსების 50 პროცენტს ევროპა საკმაოდ რთული და არცთუ უსაფრთხო მარშრუტებით იღებს. ევროპაში იმპორტირებული ენერგორესურსების ერთი მეოთხედი შავი ზღვის რეგიონზე გადის. ევროპა სისხლხორცეულად არის დაინტერესებული გვერდით მშვიდი და მეგობრული შავი ზღვის რეგიონის ყოლაში. ამის აუცილებელ პირობას აქ კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს, რაშიც ნატო თავშეკავებულ პოზიციას ირჩევს, ისევ და ისევ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშის - რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო: ალიანსის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ არა აქვთ არავითარი განზრახვა ჩაერიონ გაყინული კონფლიქტების მოგვარებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში; მეორე მხრივ, ნატოს ინტერესი მათი მოგვარებისადმი დიდია და მას ალიანსი რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერით აბალანსებს. ამ ყველაფრის ფონზე რა შანსი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო რიგის სამიტზე ნატოსგან დადებით სიგნალს მიიღებს? რადიო “თავისუფლებასთან” ამასწინანდელ ინტერვიუში ექსპერტი ევრაზიის საკითხებში ზეინო ბარანი ამბობდა:

[ბარანის ხმა]
“ვიცით, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი ღელავს, რომ თუკი ისინი რიგაში საქართველოს მკვეთრად დადებით სიგნალს მისცემენ, ამან, შესაძლოა, რუსეთი გააღიზიანოს. ასე რომ, საქართველოს ნატოში წევრობის პერსპექტივა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ევროპის რიგ ქვეყნებს აღელვებთ თავიანთი მომავალი ურთიერთობა რუსეთთანაც”..
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG