Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილები ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკური კურსის შესახებ


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე–13 წლისთავზე, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების პერსპექტივებზე არაერთი

ოპტიმისტური განცხადება გააკეთა - ქვეყნის პრეზიდენტმა პირობაც კი დადო, რომ ყველა საშუალებით შეეცდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რას ფიქრობენ აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლების პოლიტიკურ კურსსა და სტრატეგიაზე?

სოხუმის დაცემის დღე, 1993 წლის 27 სექტემბერი, აფხაზეთის მკვიდრი ქართული მოსახლეობის სოციალური სტატუსის შეცვლის ათვლის წერტილადაც იქცა. უკვე 13 წელია, აფხაზეთიდან დევნილი ქართველები არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან და ამაში, უპირველესად, ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ:

[დევნილის ხმა]“ხელისუფლება იმდენს თუ გააკეთებს, რომ ამ ხალხს უმტკივნეულოდ დაგვაბრუნებს ჩვენ–ჩვენ სახლებში და, ბოლოს და ბოლოს, ეს მოწებებული ეტიკეტი, რომ ჩვენ ვართ უცხო ხალხი, მეორე კატეგორიის მცხოვრებლები საქართველოში, ეს მოგვშორდება, ეს დიდი ბედნიერება იქნება, მაგრამ, ელემენტარულად, რომ ჩვენ არ ვართ ლტოლვილები და ჩვენ ვართ იძულებით გადაადგილებული პირები, ეს ტერმინიც არ დამკვიდრდა ქვეყანაში, ეს ნამდვილად გულსატკენია. ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას და ქვეყნის პირველი პირებისგან უფრო მეტ სითბოს და ყურადღბას ვიმსახურებთ.“(სტილი დაცულია)

სოხუმიდან დევნილი თეას გულისტკივილზე არაპირდაპირი პასუხი გუშინ აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს სპეციალურ მიმართვაში გაისმა. “ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რაც არ უნდა მძიმე, აუტანელი და ხანგრძლივი იყოს დევნილობის პერიოდი, ის აუცილებლად შეიცვლება საკუთარ კარ–მიდამოში დაბრუნების განუსაზღვრელი სიხარულით“, ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ბოდიშს იხდის სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლების, ქვრივებისა და ობლების მიმართ გამოჩენილი არასაკმარისი ყურადღების გამო. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ არასაკმარია ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა და განსაკუთრებით იმ უწყებების საქმიანობა, რომელთაც უშუალოდ ევალებათ დევნილთა პრობლემების მოწესრიგება, დევნილთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ტერიტორიული მთლიანობის კურსს:

[დევნილის ხმა]”თუ ქართველები ერთად ვიქნებით, პრეზიდენტს გვერდში დავუდგებით, აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და სამაჩაბლოსაც. მთავარია ერთიანობა. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო შენება, ვერ დაინახო წინსვლა. ერთ–ორ წელიწადში ყველაფერი არ კეთდება.“

ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას მაქსიმალურად გამოიყენოს საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, როგორც კონფლიქტის გადაჭრის მთავარი არსენალი. ამ მოსაზრებას იზიარებს და ეხმიანება დევნილი ქალბატონი ალექსანდრა ნინუაც, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირებს აფხაზეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებას და კორექტულობას ურჩევს.:

[ალექსანდრა ნინუას ხმა]“მე შემიძლია ნებისმიერ აფხაზთან დიალოგზე წავიდე. და რატომ? ჩვენ, ძველები ვინცა ვართ, იქიდან წამოსულები, ახლა რომ მიგვიშვა და სხვა არავინ ჩაგვერიოს მესამე პირი, ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრებდით. ამიტომ არ შეიძლება. ცუდს ცუდით კი არ უპასუხო, ეცადე სიკეთით უპასუხო და არ შეიძლება იმან ნაყოფი არ გამოიღოს. მუქარას ყოველთვის მოვესწრებით. ის უნდა იყოს ბოლო და უკანასკნელი იარაღი.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG