Accessibility links

რა ზომებით შეიძლება უპასუხოს საქართველომ რუსეთის გამოწვევებს


რუსეთმა მსოფლიოს თავისი სახე აჩვენა და, თავისდაუნებურად, საქართველოს სერიოზული დამატებითი არგუმენტი მისცა იმის დასამტკიცებლად,

რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემათა გადაწყვეტის საქმეში მხარეთა შორის შუამავლის როლს არ უნდა ასრულებდეს - ასე აფასებენ საქართველოში ბოლო პერიოდის მოვლენებს. რუსეთის ჯაშუშების გამოვლენას, შემდეგ კი ქვეყნიდან მათ გაძევებას ხელისუფლების კარგად გათვლილ და სწორ ქმედებად მიიჩნევენ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშიც. მსჯელობა ახლა იმის ირგვლივ მიდის, თუ რა ზომებით უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის გამოწვევებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რა წინადადებებს სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას და რას ფიქრობენ ამ წინადადებებზე უმრავლესობაში?

რუსეთის მზვერავებთან დაკავშირებით რაც მოხდა, მოხდა საერთაშორისო ნორმების დაცვით. ეს, მართლაც, იყო ხელისუფლების სწორი და ადეკვატური რეაქცია საქართველოში რუსეთის მოქმედებებზე - ასეთი განცხადება გააკეთა 3 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ. ” საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავებაზე აბსოლუტურად არაადეკვატურმა რეაქციამ პასუხი გასცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში არსებულ ყველა შეკითხვას” - აღნიშნა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა საქართველოს წინააღმდეგ პუტინისა და მისი გარემოცვის აშკარა აგრესიული პოლიტიკის პასუხად და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა 2 გადაწყვეტილება მიიღოს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”პირველი - როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურმა, ცალმხრივად შეუწყვიტოს რუს სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების მანდატი და მეორე - მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. კონსტიტუციის თანახმად, ეს საკითხები სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ”

საქართველოს ხელისუფლება ისედაც ცდილობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა - ნეიტრალური - ძალებით ჩანაცვლებას მიაღწიოს. საპარლამენტო უმრავლესობაში უფრო სამშვიდობო ოპერაციათა ფორმატის შეცვლის ალბათობაზე საუბრობენ, ვიდრე სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის ცალმხრივად შეწყვეტის ალბათობაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოს მისცა სერიოზული დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი საქართველოში რუსეთის საშუამავლო და სამშვიდობო მისიის წინააღმდეგ:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქვეყანა არ შეიძლება იყოს მედიატორი, შუამავალი. დადგა დრო ეს ფორმატები შეიცვალოს და რუსეთმა, თავისდაუნებურად, გვაჩუქა კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტი და დაანახვა ყველას, ვინ არის და რა არის. ”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლას, კოტე გაბაშვილი არ ფიქრობს, რომ მოცემულ ეტაპზე ამის გაკეთება აუცილებელია:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მიზანშეწონილი არ არის. ახლაა საჭირო იყოს დაცული გარკვეული ბალანსები. მაგაზე მსჯელობა კონტრპროდუქტიული იქნება, მით უმეტეს, ასეთი დაძაბულობის ფონზე. გასაგებია, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა საჭიროა, არა გაბრაზებულ გულზე.”

გაბრაზებულ მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რომ აქტიურად არის ჩართული, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილემ ტომ კეისიმ დაადასტურა:

[ტომ კეისის ხმა] "ამ პროცესში ჩართული ვართ და ურთიერთობა გვაქვს
როგორც ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, ისე ჩვენს მეგობრებთან რუსეთში.
სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბოლო დღეებში ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. ეს არის ნაწილი ჩვენი ძალისხმევისა, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უთანხმოებათა მოგვარებას."

დაკავებული მზვერავების ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, რუსეთი ძალაში ტოვებს საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს და მათ მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.
XS
SM
MD
LG