Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მუქარას საქართველოს მიმართ სამხედრო სანქციაზე მხოლოდ სერბეთი გამოეხმაურა, თანაც უცნაური ფორმით


ე.წ. ჯაშუშთა სკანდალის 10 დღის თავზე

რუსეთმა საქართველოს მიმართ ომის წინა პერიოდისათვის დამახასიათებელი ყველა სახის სანქცია აამოქმედა და მომხრეებსაც იჩენს. სერბეთმა, რომელსაც კოსოვოს პრობლემა მწვავედ აწუხებს, რატომღაც სწორედ ახლა გადაწყვიტა შეწყვიტოს საბრძოლო იარაღის ექსპორტი საქართველოში. თანაც, სამხრეთელი სლავების არასაიმედოთა სიაში, საქართველოს გარდა, სომხეთიც მოხვდა. კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც სწორედ ახლა გაახსენდა “გაყინული კონფლიქტების” საკითხებში საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული მოქმედება. რაც შეეხება ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ისინი არც იმჩნევენ, რომ რუსეთის მოქმედება აშკარა აგრესიის ფორმას ღებულობს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ზუსტად ორი კვირის წინ ერთხმად მიიწვიეს “ინტენსიურ დიალოგში.” დღევანდელ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა ყველა ამ უცნაურობაზე გესაუბროთ.

გასულ კვირაში სერბია პირველი სლავური სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულ ბლოკადას ფეხის ხმა ააყოლა. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, შეჩერდეს საბრძოლო იარაღის ექსპორტი საქართველოსა და სომხეთში, - ნათქვამია სამხრეთ სლავური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მაგრამ არ იკითხავთ რატომ? სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურმე შიშობს, რომ იარაღი შეიძლება რუსეთის არმიის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული და რუსი ჯარისკაცები დაიღუპონ. კარგი, ვთქვათ, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, მაგრამ სომხეთი რაღა შუაშია? თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოც კი არაფერ შუაშია. როგორც სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, სერბიისგან საქართველოს საბრძოლო იარაღი არასოდეს შეუძენია:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ახლა, მე როგორც ვიცი, იარაღი სერბეთიდან არ იყო შემოსული. მაგრამ ბოლო დროს რაღაც ლაპარაკები იყო მანდეთ, ყოფილ იუგოსლავიაზე, მაგრამ არა სერბეთზე.”(სტილი დაცულია)

სერბიიდან საქართველოში გაგზავნილი საბრძოლო იარაღის პარტიის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს ბელგრადის უნივერსიტეტის უსაფრხთოების შემსწავლელი ფაკულტეტის პროფესორი ზორან დრაგიშიჩი. თუმცა ბელგრადელ პროფესორს სულაც არ უკვირს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ვეტო დაედო იმაზე, რაც არ არსებობს. როგორც ზორან დრაგიშიჩმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, სერბია ამ ნაბიჯით ცდილობს რუსეთის გული მოიგოს და “კოსოვოს საკითხში” მოსკოვის მხარდაჭერას მიაღწიოს:

[ზორან დრაგიშიჩის ხმა] “მე არაფერი გამიგია ჩვენ მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მე აღვიქვი, როგორც სურვილი, რომ რუსეთთან უფრო უკეთესი ურთიერთობა დამყარდეს მანამ, სანამ კოსოვოს საკითხზე საბოლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენთვის კოსოვოს საკითხი მოცემულ მომენტში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კოსოვო სერბიის შემადგენლობაში დარჩეს.”

კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი არამხოლოდ სერბიისთვის არის თავის ტკივილი. გასულ კვირაში ევროპამ პირველად აღიარა, რომ კოსოვოს მოდელით იქმნება სახიფათო პრეცედენტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეგიონებისთვის. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ევროპა “ჩიხში” მოექცა და რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სტატუსმა, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს:

[სოლანას ხმა] ”ჩიხში მოვექეცით. პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩიხშია მოქცეული. ყველანი ვიმყოფებით ამ ორმაგი მექანიზმის ტყვეობაში, რასაც შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს ერთისთვის, მეორისთვის კი არა. შესაძლოა, ეს არ იყოს ყველასთვის მომგებიანი ვითარება. თუმცა უნდა ვეძებოთ და გამოვნახოთ ისეთი გზა, რომელიც ყველასთვის მომგებიანია. მაგრამ ეს იოლი არ იქნება."

ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში პიტერ სემნებიმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორის ხავიერ სოლანას ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გახდა საჭირო იმისათვის, რომ შერბილებულიყო სექტემბერში ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი. სოლანა რომ არა, სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა საჯაროდ წარმოედგინა ვადები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გასვლისთვის, განაცხადა პიტერ სემნებიმ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, აღარ დასჭირდეს ზედმეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონა დატოვონ რუსმა ცისფერჩაფხუტიანებმა. როგორც რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” პარასკევის გადაცემაში, რამდენიმე თვეში, რუსეთის ბაზების გარდა, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილებიც გავლენ. მაგრამ უნდა უხაროდეს თუ არ ეს საქართველოს? “ჯარის იქ ყოლა კოზირი კი არა, სისუსტეა, იგი პოტენციური მძევალია. ნებისმიერი კონფლიქტის წინ ჯარი გაჰყავთო,” განუცხადა “უოლ სტრიტ ჯორნალს” ცნობილმა რუსმა სამხედრო მიმომხილველმა პაველ ფელგენგაუერმა.

ეს ყველაფერი ადამიანს ძალიან ცუდ გუნებაზე გაყენებს. მით უფრო, როდესაც გაიხსენებ, რომ 13 წლის წინ საქართველო ერთხელ უკვე აღმოჩნდა პირისპირ რუსეთთან უთანასწორო ომში. ერთადერთ იმედად რჩება ისევ ბოლოდროინდელ ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში დამკვიდრებული ბანალური ჭეშმარიტება, რომ 13 წლის წინ მსოფლიოც სხვაგვარი იყო და საქართველოც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG