Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გამართლებული იყო თბილისის საკრებულოს სხდომის დანიშვნა არჩევნებიდან მეშვიდე დღეს


თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო სამი მანდატის მფლობელი ოპოზიცია,



რომლის ერთმა ნაწილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული წესით მანდატების გადანაწილებისას კანონის დარღვევისთვის უჩივლა. საარჩევნო ბლოკ “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის“ პრეტენზიებს სავსებით იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასანაწილებლად დარჩენილი 2 მანდატიდან 1 ნაციონალურ მოძრაობას, მეორე კი, “მრეწველების” ნაცვლად, საარჩევნო ბლოკს “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი” უნდა მიკუთვნებოდა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” ობიექტურობის გამოსაჩენად და აღნიშნული კანონდარღვევის გამოსასწორებლად საგანგებო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. თავის მხრივ, საარჩევნო კანონდარღვევის სასამართლოში გასაჩივრების ფაქტია ის მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც ოპოზიციაში საკრებულოს სხდომის დანიშვნას ნაჩქარევად მიიჩნევენ. უნდა დალოდებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას?

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის” საზოგადოებაში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, პრეზიდენტი საკრებულოების სხდომას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში ნიშნავს. არჩევნების შედეგები 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 2 დღეში კი თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. ასეთია ფაქტობრივი რეალობა. რაც შეეხება სამართლებრივ-პროცედურულ დეტალებს:

[თამარ ჟვანიას ხმა]“ ამ კონკრეტულ არჩეულ წევრებზე გაცემულია ცესკოს მიერ შესაბამისი მოწმობები. ანუ იურიდიულად საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა არის გამართლებული. ერთადერთი ეს არის გასაჩივრებული, ინდივიდუალურ–სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება, რომელიც ადმინისტრაციულ–საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლით დგინდება. თუ ეს აქტი ჯდება ასეთი აქტების ნუსხაში, მაშინ ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლო, უბრალოდ, პირველი სხდომა გადაეწია.“ (სტილი დაცულია)

ამბობს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის” საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჟვანია. მის პასუხად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს მოჰყავს საარჩევნო კანონის ის მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] “არანაირი კაზუსი არ არის, ვინაიდან, კანონის თანახმად, გასაჩივრებული განკარგულება ვერ აჩერებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ანუ განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცანით საკრებულოს წევრების უფლებამოსილება და დავამტკიცეთ მანდატები, ძალაშია და მისი შეჩერება გამორიცხულია.“

საკრებულოს სხდომის თვითმმართველობის არჩევნებიდან მეშვიდე და შედეგების გამოქვეყნებიდან მესამე დღეს დანიშვნას პრეზიდენტ სააკაშვილს მზაკვრობად უთვლის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი განმარტებით, საკრებულოს უკვე მოქმედი წევრის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ოპოზიციური ფლანგის საარჩევნო სუბიექტების გარდა, თვითმმართველობის ორგანოების ნაჩქარევი შეკრებით გამოწვეული თუ სხვა მოსალოდნელი კაზუსების სიმრავლეზე არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამახვილებენ ყურადღებას. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე, მაგალითად, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არა მარტო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არჩევნების მონაწილეთა ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვადის ამოწურვასაც უნდა დალოდებოდა:

[ანა დოლიძის ხმა]“ მერვე დღეს ჩატარებიდან ყველა პარტიამ, ვინც მანდატი მოიპოვა, უნდა წარმოადგინოს ფინანსური ანგარიში. თუ ზოგიერთი პარტია არ წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშს ან წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ყოფითი ენით რომ ვთქვათ, იგი დისკვალიფიცირებულია ამ პროცედურიდან, მას მანდატები არ გადაეცემა. ჩვენ შეიძლება თეორიულად წავაწყდეთ ისეთ ჰიპოთეტურ სიტუაციას, რომ არ წარმოადგინა რომელიმე პარტიამ. რა გამოდის? - მას უკვე ცნობილი აქვს უფლებამოსილება, ის არის უკვე საკრებულოს წევრი, გადანაწილებული აქვს მანდატები.“(სტილი დაცულია)

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვადა ხვალ იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური განყოფილების მონაცემებით, ანგარიში ჯერჯერობით არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ წარუდგენია.
XS
SM
MD
LG