Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიბლის პოლიტიკა


რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლებისთვის დიახაც რომ ბუნებრივია მასების მოხიბვლის სულისკვეთება. ამ სულისკვეთებას აღვივებს არა მხოლოდ რეზერვისტთა და პატრიოტთა ბანაკები,

მასობრივი სადღესასწაულო სანახაობები და ხალხმრავალი საარჩევნო კამპანიები, არამედ ყველაფერი დანარჩენიც, რაც ქვეყნის გარეგნული იერის მოწესრიგებას ემსახურება. მინდა ხიბლის პოლიტიკის არსსა და მის თანმდევ საფრთხეებზე გესაუბროთ.

საქართველოში, ძირითადად, ორგვარი დამოკიდებულებაა შეღებილი ფასადების, მომღერალი შადრევნებისა და ძვირად ღირებული კარუსელების მიმართ. ერთნი ამბობენ, რომ თვალის მოსატყუებლად შემოჩეჩებული ეს ზიზილ-პიპილები არავის სჭირდება; მეორენი კი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ხელისუფლებამ ფასადები შეღება და გზები დააგო, თუ შადრევნები, კარუსელები და საციგურაო მოედნები აჩუქა ხალხს, სასაყვედურო აღარაფერია.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ყველაფრის დაწუნება და ყველაფრის მოწონება - ერთი მედლის ორი მხარეა. 5 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ დღეს საქართველოში ყველაფრის დამწუნებელი ცოტაა, ყველაფრის მომწონებელი - ძალიან ბევრი.

ამ დაუბალანსებელი არითმეტიკის მიზეზი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებს დიდი ინტერესი ხალხის მიმართ და სრული გულგრილობა ადამიანის მიმართ. ჯერჯერობით, ამგვარი ხედვა ამართლებს, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ ყველა არჩევნები მოიგო: საპრეზიდენტოც, საპარლამენტოც, ადგილობრივიც.

ესე იგი, მასების მოხიბვლის პოლიტიკა, დღევანდელი სახელისუფლო გუნდის შესრულებით, ეფექტური თუ არა, ეფექტიანი ნამდვილად არის. ეს კი მხოლოდ ისეთ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც ადამიანები საკუთარი თავით აზროვნებას სხვისი ნააზრევით სარგებლობას ამჯობინებენ; სადაც ვნების სიმძაფრე შენებაში კი არა, აშენებულით - თანაც, სხვისი აშენებულით - ტკბობაშია.

რაგინდ კომფორტული იყოს ამგვარი ცხოვრება, ირაციონალური პოლიტიკა არასტაბილურია. თუ ხელისუფალი მუდმივად არ ცდილობს ხიბლის გრადუსის გაზრდას და მასების მოჯადოებას, დროთა განმავლობაში საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების მუხტი მაინც მძლავრობს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანები მათ ირგვლივ არსებულ გარემოს მუდმივად ორ ფერში ხედავდნენ - შავად ან თეთრად? ჩვენს რეალობაში აუცილებელია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - განსაკუთრებით, ტელევიზიები - მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგებით მოღაღადე ადამიანებს აჩვენებდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, ლოზუნგი დადებითი შინაარსის იქნება თუ უარყოფითის. მაგალითად, ხელისუფლებისთვის ერთნაირად მისაღებია გიგი უგულავა, რომელიც დედაქალაქის სისუფთავისკენ მოგვიწოდებს და თინათინ ხიდაშელი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას ითხოვს; მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენნაირი შადრევნები, კარუსელები და სასრიალო მოედნები მთელ მსოფლიოში არავის აქვს და კობა დავითაშვილი, რომელიც გვაუწყებს, რომ მისი მერობის პირობებში პენსიის ერთიანი თანხა ერთბაშად ათეული მილიონობით გაიზრდება.

მასების მოჯადოების პოლიტიკისთვის მიუღებელია არა ლოზუნგებით მოლაპარაკე ხელისუფლება ან ოპოზიცია, არამედ, ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც გამოარკვევს, თბილისის დასუფთავება საარჩევნოდ მოგონილი თემაა თუ შესაბამისი ბიუჯეტით გამყარებული სისტემური ხედვა; ან ჟურნალისტი, რომლიც იკითხავს, რატომ გახდა აქტუალური შევარდნაძის გასამართლება მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეებში; საშიშია ჟურნალისტი, რომელიც აჩვენებს, როგორი შადრევნები, კარუსელები და სასრიალო მოედნები არსებობს სხვა ქვეყნებში; ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დაუსვამს მარტივ შეკითხვას: “როგორ?” რომელიც მოითხოვს განმარტებას, თუ როგორ არის შესაძლებელი ის, რასაც ხალხს ჰპირდებიან.

დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკისთვის საშიშია საზოგადოება, რომელიც მოისურვებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, პრიორიტეტების შერჩევაში; საზოგადოება, რომელიც იტყვის, რომ შადრევნები, მოედნები და კარუსელები ძალიან კარგია, მაგრამ, მოდით, ერთად გადავწყვიტოთ: იქნებ, ამ ეტაპზე ბიბლიოთეკები უფრო გვჭირდება? საზოგადოება, რომელიც ერთი ადამიანის უბედურებას გულთან ახლოს მიიტანს და იმ ერთის დასახმარებლად გაერთიანდება.

მასების მოხიბვლის და, მით უმეტეს, მოჯადოების პოლიტიკა სასარგებლოა მხოლოდ იმ ფენისთვის, რომელმაც ქვეყნის სამართავად ეს პრიმიტიული გზა აირჩია, ყველა დანარჩენისთვის - მეტად საშიშია. ვიდრე ჟურნალისტები ყოველ ინტერვიუში არ სვამენ შეკითხვას “როგორ?”, ვიდრე არ არსებობს საზოგადოების დაკვეთა ამ მარტივ კითხვაზე, თითოეული ჩვენგანი - ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც - აგრესიით და ხიბლით შედუღაბებული მასის უსახურ ნაწილად რჩება.
XS
SM
MD
LG